თბილისის ეჩმიაძინში შეჭრილ ორ ქართველ ვანდალს შსს ეძებს

ორმა ქართველმა ახალგაზრდამ ეჩმიაძინის ეკლესიაში სომხური სახარება დახია, სომხებს კი „ურჯულოები და უჯიშოები უწოდა.“ ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ხელმძღვანელის თანაშემწემ მიხეილ ავაქიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ეკლესიაში შეჭრისას ახალგაზრდები მიუახლოვდნენ ამბიონს და საუკუნეების განმავლობაში ეკლესიაში დაცული ბიბლიიდან ფურცელი ამოხიეს.

“ისინი ილანძღებოდნენ, შემდეგ ავიდნენ ეპარქიის წინამძღვრის მეუფის ტახტზე და ზედ ფეხებით დადიოდნენ. ტაძრიდან გამოსვლისას მათ კარებზე გაკრული საეკლესიო დღესასწაულთა ცხრილი ჩამოგლიჯეს. ამ დროს ტაძარში იმყოფებოდნენ ქალბატონები, რომლებმაც წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ახალგაზრდებს”, – განაცხადა ავაქიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავლაბარში სურბ-ეჩმიაძინის ეკლესიაში განხორციელებული ვანდალიზმის ფაქტზე გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.

"დრონი.ჯი"-ს ხელთ არსებული, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვანდალები უკვე დააკავეს. მათი იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების მიერ აღბეჭდილი კადრების მიხედვით გახდა შესაძლებელი, თუმცა შსს-ში ამ ფაქტს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

კომენტარი