facebook ”მარგალიტები”, ანუ ფრენდების 15 უნიკალური ჯიში

სანიტარები – ფრენდ ლისტის მწმენდავები

საოცარი სეგმენტია, სულ მგონია, რომ ზოგადად აკლიათ ყურადღება, არ იციან არ გააკეთონ და შედეგიც სახეზეა. გამოვლენ მსგავსი ტექსტებით: ხვალიდან ფრენდ ლისტის წმენდას ვიწყებ, უნდა წავშალო უმრავლესობა, თუ დილით ისევ დაინახავთ ჩემს პოსტს, ე.ი. დაგტოვეთ!

ან რას ამატებ, ან რას ემუქრები, ან რა გინდა საერთოდ ცხოვრებისგან… J

ვიცი, მეორე დილით ისევ ამ ბედოვლათის ფრენდ ლისტში რომ აღმოვაჩენ საკუთარ თავს, ასეთ დიდ სიხარულს ვეღარ გავუძლებ, ამიტომ ვასწრებ მოვლენებს და ჩემით ვშლი, თან არჩევანს ვუმარტივებ.

არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი – „მსქრინავები“

საშინელი სეგმენტია! სქრინავენ ნებისმიერ ფლირტის შემცველ თუ მსგავს პირად წერილებს და საჯაროდ დასცინიან მასზე შეყვარებულ ადამიანებს, ან უბრალოდ, მის შებმის და/ან ლოგინში შეთრევის სურვილს სწამებენ ნებისმიერს, ვისაც თუნდაც ერთი გული მაინც გაუგზავნია მათთვის, ოდესმე. ხან სახელს შლიან, ხან აჩენენ.

არ ვიცი რა დააკლეს, ან დააკლდათ, მაგრამ ერთი მსგავსი სქრინიც საკმარისია, რომ ჩვენი გზები არასდროს გადაიკვეთოს J

კეთილი მეზღაპრეები

მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც გვანებივრებენ, საყვარლად გამოგონებული ისტორიებით. როგორ ამოვიდა მეტროდან, დაინახა ბებო, რომელიც ყვავილებს ყიდდა ლარად, ამან 5 ლარი მისცა, ბებო ატირდა… გადაეხვივნენ ერთმანეთს, იყო დრამა, ცრემლი, გრძნობები და ა.შ. კომენტარებშიც: ნეტა ბევრი იყოს შენნაირი ადამიანი, ჯემალ! ჯემალიც იფერებს და თვალებს მორცხვად ახამხამებს…

ცალკე ისტორიებია, როგორ აერიათ უცხოელში, როგორ დაუწყეს საუბარი ინგლისურად, ან პირიქით, დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდდნენ, ქართულად აგინეს… მორალი: ყველა ქართველი ერთნაირია, ეს კიდევ, აღდგომიდან მორჩენილი ენდროთი – ვარდისფრად შეღებილი თავის გამო, უცხოელს ჰგავს, ანუ ქართველებზე გაცილებით მაღლა დგას და ამას ყველა ამჩნევს, რა თქმა უნდა! გავიგეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ასჯერ?!

საერთო პროფილები: soso nargiza, nugzari da maia, oto nino

ვერ ნახავთ ევროპის ვერცერთ ქვეყანაში მსგავს “ეგზოტიკას” და რეალურად, რა არის ამის მიზეზი, ანუ რა სარგებლობა მოაქვს საერთო “ფეისბუქს”?

პირველი, ალბათ, ნდობის ხაზგასმაა, რამეთუ, როცა ერთსა და იმავე ინბოქსს კითხულობთ ორივე, ამით გამოირიცხება სხვასთან ფლირტის ალბათობა, აღარაფერს ვამბობთ ღალატზე, თუმცა არსებობს ალბათობა, რომ ორივეს (განსაკუთრებით, ბიჭს, რაკი ისევ და ისევ საქართველოა) კიდევ ერთი, ინდივიდუალური პროფილიც აქვს გახსნილი.

საინტერესო ფენომენია ისიც, რომ განშორების მერე უცნობია, ვის რჩება აღნიშნული საერთო “ფეისბუქი”. დისკომფორტია მიმოწერისთვის, იქნებ ბიჭია შენი ახლო მეგობარი და გოგონას შორიდან იცნობ, გინდა რაღაც მისწერო და მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცი, ვინ ზის კომპიუტერთან – თავს იკავებ მიწერისგან. ანალოგიური უცნაურობა ახასიათებს პაროლების გაცვლასაც.

ნდობაზე არანაკლები მიზეზი “პეროც” შეიძლება გახდეს, რამეთუ დაე, სრულიად “ფეისბუქის” სოციუმმა გაიგოს, რომ “მე შეყვარებული მყავს”.

ნუგეშის მძებნელები

აღარაფერს აქვს აზრი საქართველოში!

სიკვდილი მინდა!

ძალიან გავსუქდი, დიეტა უნდა დავიწყო!

და ქვემოთ კომენტარები: ყველაფერი კარგად იქნება ნინ! გულს ნუ გაიტეხ ძმა! არა რა გასუქდი გოგო, ნეტა შენ ტანზე ვიყო და ა.შ.

უთავმოყვარეოები

აი ის ხალხი, მეგობრებში რომ გყავდა, გათხოვდნენ/ცოლი შეირთეს/დაწყვილდნენ, წაგშალეს… ძირითადად, ვინც მისი მეწყვილის კონკურენტად აღიქმებოდით, ანუ ფოტოებზე მეტ-ნაკლებად კარგად გამოიყურებით. მერე დაენგრა რომანი, ოჯახი, სექს-ფართნერშიფი, თუ რაც ჰქონდა და უცებ, ისევ გხვდება მისი ფრენდ რექუესთი.

ან კუდით ქვას ასროლინებ, ან სულგრძელად იმატებ ისევ, სანამ შემდეგ ჯერზე ისევ არ „გასაღდება“, ისევ არ გამოისახავს კდემის შარავანდედს თავზე და ისევ არ წაგშლის.

ვირუსით „დაქამინგაუთებულები“

ეს ის ხალხია, რომელსაც უცენზურო სიტყვის ხსენებაზეც კი – ისტერიკა ემართებათ, ლამის ჩადრით დადიან, ქორწინებამდე ფიქრიც კი წარმოუდგენლად მიაჩნიათ სექსზე… ჰოპ და მოულოდნელად ფეისბუქზე მის მიერ ითაგები ორგიაზე, ქალის და ძაღლის სექსზე და სხვა მრავალ, პორნო ვიდეოზე. ერთხელ, ორჯერ… მერე გამოაჭენებენ ისტერიკით აღსავსე სტატუსებს, რომ ეს ვირუსია და არ გახსნათ, თითქოს მე ავკიდე ვირუსი და თავად არ დაუკლიკებია პორნოზე, ოხვრა-კვნესით და მიბნედილი თვალებით!..

პორნჰაბი მეგობრებო, შებრძანდით… ადგილი, სადაც არც ვირუსი გამოგააშკარავებთ და არჩევანიც საკმაოდ დიდია.

ხავსს მოჭიდებული წყალწაღებულები – გაუქმდა, არავინ

საოცრებაა, როცა მეგობრებში შენს დამატებას შემდეგი პროფილები ცდილობენ: gauqmda, gauqmda, ara vin, no one for you, თავი დამანებეთ, გაუქმებულია… თუ აუქმებ, გააუქმე შე კაი ადამიანო, გაუქმების წინ დაფრენდება რა მაფიაა საერთოდ J

დამალულნი: ნი ნი, სერ გო, ანი ანი, გიგი გიგა, ა.შ.

ეს ხალხი სულ მგონია, რომ ან ვინმეს ემალება, ან თავისი გვარი არ ესიმპატიურებათ, ან კრეატივი არ ეყოთ უბრალოდ… თუ მსგავსნი მყავხართ მეგობრებში, არ დამიმალოთ და მითხარით მიზეზი, იქნებ ხვალ მეც: გურ ამი-ს პროფილით მოგევლინოთ!

ყველაზე ლამაზები – მსგავსი ფეიჯები თუ პროფილები მხოლოდ საქართველოში თუ შეგვხვდება. ფეიჯის ავტორსაც მარტივად ამოიცნობთ შემდეგი მეთოდით:ა. შედით ფოტოებში და დაათვალიერეთ;

ბ. დაახლოებით ალბომის შუა ნაწილში იპოვეთ ყველაზე ულამაზო და უგემოვნებო გოგონა/ბიჭი;

გ. ფოტოს აღწერაზეც თუ მსგავსი კომენტარი უწერია – “უცხოა”, “საყვარელია” (ზოგს აქვს სინდისის შეგრძნება და მთლად “ლამაზს” ვერ უწოდებს საკუთარ თავს) – ე.ი. სწორ კვალს მიაგენით!

ტვინის ბურღები – ასტატუსებენ ყველაფერს, ფაქტობრივად ყოველ ნახევარ საათში, რა ჭამეს, რა დალიეს, რა უბედური ერი ვართ, როგორ გაიზმორა ვიღაც ავტობუსში… სქროლავ, სქროლავ, სულ მათი სტატუსები გხვდება, ბოლოს აჰაიდებ და მშვიდად განისვენებ საკუთარ კედელზე!

აგრესორები-დამმადლებლები

ეს ხალხი ძალიან სასაცილო და საყვარელია, ადვილად ამოიცნობთ გაავებული სტატუსებით, მაგალითად:

ყველას მაშინ გახსოვართ როცა გჭირდებით, ამიერიდან აღარ მომეკაროთ არავინ!!!

ნაცებო, თქვენი დედა მ….!!!!

დადგება დრო და დედებს მ…ვთ ყველას, თქვენ არ იცით რას ნიშნავს ჩემი გაბრაზება!

ერთმა ადამიანმა ისე გამაბრაზა, რომ კარგი დღე არ დაუდგება!!!

მოკლედ, მუქარა, მუქარა, ისევ მუქარა, მაგრამ შედეგი ჯერ არ გვინახავს, ვერც ვნახავთ ალბათ, მაგრამ რაც მთავარია – გული ხომ გაგვიხეთქა შიშით და/ან კიდევ თავისი გავლენიანობა/ძლევამოსილება ხომ დაგვანახა?

მორალისტები – მაგ: სულ დაკარგეთ ქართველობა, რა ამოგიყრიათ ძუძუები. ან კიდევ, ყველასთან რომ წვებით, როგორ არ გრცხვენიათ… ცოლიანი კაცები ნუ მწერთ, დამანებეთ თავი, ა.შ. თავად, ან ოდესღაც იმავე კასტიდან იყო, ვისაც ახლა ქვებს ესვრის, ან უბრალოდ, მოაკლდა ყურადღება და ამ ფორმით ცდილობს მის გარშემო ადამიანების მობილიზებას.

კომენტარი