2008 წლის ომის ჰოლივუდურმა ვერსიამ თბილისში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

გიორგი ლომსაძე

2008 წლის რუსულ-ქართული ომის ჰოლივუდური ვერსია შეერთებულ შტატებში მალე გამოვა ეკრანებზე. ქართველების მიერ დაფინანსებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, სახელწოდებით ”აგვისტოს ხუთი დღე”, როგორც ჩანს, გართობასა და პროპაგნადას შორის ზღვარს აფერმკრთალებს.

შეერთებულ შტატებში ფილმის გამოსვლა ეკრანებზე 19 ივნისისთვისაა დაგეგმილი და ვარაუდობენ, რომ ზაფხულის ბლოგბასტერი გახდება. ფილმი, რომლის ბიუჯეტი $12 მილიონია, ლენი ჰარლენმა გადაიღო, რომლის არსენალში ორი ბლოგბასტერი უკვე არის - ”კერკეტი კაკალი 2” (1990) და ”მეკლდეური” (1993). ”აგვისტოს ხუთ დღესაც” ასევე აქვს ვარსკვლავური პოტენცია – ენდი გარსია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის როლს ასრულებს. რუპერტ ფრენდი ფილმის მთავარი გმირია და ამერიკელ ჟურნალისტს თამაშობს, ხოლო ველ კილმერი – ჰოლანდიელ რეპორტიორს.

ფილმი თავისთავად სტანდარტული მძაფრსიუჟეტიანი თრილერია, კლიშირებული სცენარით, ხატოვანი საბრძოლო ეპიზოდებითა და უამრავი აფეთქებით. სიუჟეტის ქარგას ქმნის ფრენდის პერსონაჟის ამბავი, რომელიც რუსული შეირაღებული ძალებისა და დაიქრავებული ბოევიკების ინტერვენციით გამოწვეული ქაოსის ფონზე იშლება. რაღა თქმა უნდა, სიუჟეტის სიმძაფრისათვის, ამერიკელ ჟურნალისტს უყვარდება ქართველი ქალი, რომელსაც ემანუილ შრიკი განასახიერებს.

მაგრამ ქართველი კრიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ყურადღება სიუჟეტური ხაზის მიღმა არსებულმა ამბავმა მიიქცია. ფილმში ისეა აღწერილი რუსული ინტერვენცია, რომ გახსენდება აშკარად ანტი-რუსული ინტონაცია 1988 წლის ფილმისა ”რემბო -3”, სადაც სილვესტერ სტალონეს საკულტო გმირი ავღანეთში რუსული საოკუპაციო (1979-1989 წ.წ.) არმიის წინააღმდეგ იბრძვის და იმარჯვებს. ”აგვისტოს ხუთი დღე” ღიად იკავებს გარკვეულ პოზიციას და რუსული ექსპანსიონიზმის ბოროტებაზე არც თუ ისე ნატიფი გზავნილია.

მასში ამასთანავე გაკრიტიკებულია ვაშინგტონის რბილი პოზიციაც ომისადმი, რაც იმის ვარაუდს აჩენს, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გააკეთეს იმდენი, რამდენიც უნდა გაეკეთებინათ რუსული ინტერვენციის მოსაგერიებლად. საბოოლოდ კი, სრულიად ცხადია, რომ სააკაშვილის ადმინისტრაცია და მისი მხარდამჭერები შემდეგს იმედოვნებენ – ფილმი დაეხმარება და საერთაშორისო მასშტაბით, საზოგადოებრივი აზრის კონტექსტში, დამატებით ქულებს მოაპოვებინებს; გამოიწვევს თანაგრძნობას იმ ათასობით იძულებით გადაადგილებული ქართველის მიმართ, რომლებმაც 2008 წელს თავისი სახლები დატოვეს და დღემდე ელიან შინ დაბრუნებას.

ადგილობრივი კრიტიკოსები პოლიტიკის და ხელოვნების სფეროდან ერთ შეკითხვას სვამენ – შეძლებს კი ფილმი წარმატების მოპოვებას? დავით ბუხრიკიძის, ჟურნალ ”ლიბერალის” კრიტიკოსის თქმით, ფილმი ასეთ საკითხს აყენებს დღის წესრიგში: რამდენად ეთიკურია, ”ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებისა და ეროვნული ინტერესების განხორციელების მცდელობა, სხვათა ტრაგედიის ექსპლუატაციით”.

სხვა კრიტიკოსებს აინტერესებთ შეძლებს თუ არა ფილმი კომერციული წარმატების მოპოვებას საქართველოს ფარგლებს მიღმა. ”მძაფრსიუჟეტიანი ფილმისთვისაც კი, ამბავი ძალიან მარტივია და არაა კარგად დამუშავებული,” ამბობს კრიტიკოსი გოგი გვახარია. ”პერსონაჟები უსახურნი არიან, ხოლო ენდი გარსია (პრეზიდენტ სააკაშვილის როლში) კარიკატურული.”

სააკაშვილის ადმინისტრაციამ 6 ივნისის პრემიერისთვის ძალა არ დაიშურა იმ იმედით, რომ პოზიტიურ გამოხმაურებას მიიღებდა. თბილისში ისეთი ცნობილი ვარსკვლავი ჩამოვიდა, როგორც შერონ სთოუნია. მას წითელ ხალიჩაზე გამართული დღესასწაულისთვის დამატებითი ბრწყინვალება უნდა მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ სტოუნი ფილმში მონაწილეობას არ იღებდა, რეალურმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ქართულმა მედიამ ყველაზე მეტი ყურადღება მას დაუთმეს. როდესაც პრეზიდენტი მსახიობს მთაზე წამოჭიმულ საპრეზიდენტო სასახლეს ათვალიერებინებდა, ტელეკამერები მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ. ფართოდ გააშუქეს ქართულმა ტელევიზიებმა ჰარლინის ჩამოსვლაც. ”ფანტასტიკურია თბილისში ყოფნა, ეს ჩემი მეორე სამშობლოა,” განაცხადა რეჟისორმა თბილისში, პრესკონფერენციაზე.

სააკაშვილის ადმინისტრაციამ საომარი სცენების გადაღებისას ჯგუფი ტანკებით და ვერტმფრენებით უზრუნველყო და გადაღებებში ქართველი ჯარისკაცების სტატისტებად გამოყენების ნებართვაც გასცა. ფილმის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი ანონიმური ქართული კომპანიაა.

პრემიერაზე მისულ აუდიტორიაზე ფილმმა, როგორც ჩანს, სხვადასხვგვარი შთაბეჭდილება დატოვა. ერთნი განცვიფრებულნი იყვნენ იმით, რომ ქართულ მთავრობას უნარი აქვს, ყველაფერი მათ შორის ომიც კი შოუბიზნესის მოვლენად აქციოს, სხვებას არ მოსწონდათ გამარტივებული სურათი: კარგი ქართველები – ცუდი რუსები.

ზოგიერთი მაყურებელი ფილმის ყურებისას, იმის გამო, თუ როგორი გაცვეთილი და შელამაზებული იყო საქართველო ჰოლივიდური თვალთახედვიდან, იცინოდა და უხერხულობისგან სახეს ხელებში მალავდა. ფილმი შელამაზებულია ეთნო-კულტურული ელემენტებით – ნაციონალური კოსტიუმებით, ცეკვითა და სიმღერით.

რუსული ჯარისა და ოსი გასამხედროებული ფომირებების მიერ ქართული სოფლების ეთნიკური წმენდების შთამბეჭდავმა ეპიზოდებმა მყისიერად ჩაუქრო ღიმილი ამ მაყურებლებს. ბევრისთვის ომით მიყენებული ჭრილობები დღემდე მტკივნეულია. ფინალური სცენის შემდეგ, სადაც რეალურ დევნილებს ხელში კონფლიქტში დაღუპული შვილების, მამებისა და ბებიების სურათები უკავიათ, ზოგიერთმა მაყურებელმა კინოთეატრი პირქუშ განწყობაზე დატოვა. ”შესაძლოა ეს მიამიტური მძაფრსიუჟეტიანი თრილერია, მაგრამ მან მე იმ დღეების კოშმარი გამახსენა”, – განაცხადა მაია ედილაშვილმა, თბილისური გაზეთის რედაქტორმა.

eurasianet.org

ორიგინალი

კომენტარი