სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

The Washington Post: "ობამამ რუს კოლეგასთან საქართველოს ტერიტორიაზე რუსული საფრთხეების საკითხი დააყენა"

"გადაიტვირთა თუ არა რუსეთმა საკუთარი ქმედებები?"

ჯენიფერ რუბინი, The Washington Post.

შარშან დეკემბერში, ყოფილ საბჭოთა საქართველოში არშემდგარ ტერაქტზე ვწერდი, რომლის კვალიც რუსეთში მიდიოდა. იმ ტერაქტის სამიზნე ამერიკის საელჩოც იყო. ხუთშაბათს, საქართველოს ხელისუფლებამ მორიგი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. კვალი კვლავ რუსეთში მიდის.

გასულ კვირაში, დიდი რვიანის სამიტზე პრეზიდენტი ობამა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შეხვდა. ინფორმირებული წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა მკაცრად განიხილა მედვედევთან ისეთი საკითხი, როგორიცაა რუსული საფრთხეები საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა, შეხვედრის შემდეგ ევრაზიისა და რუსეთის საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელ მაიკლ მაკფოლს და პრეზიდენტის მრჩეველის მოადგილეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბენ როდს ეს თემა არ უხსენებიათ. (მათ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და ამ საკითხთან დაკავშირებულ ქართულ ვეტოზე ისაუბრეს). ხუთშაბათს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა თომას ვიტორმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხესთან დაკავშირებული საკითხის წამოწევა უადგილო იყო, თუმცა „რუსულ-ქართული ურთიერთობების თემა წამყვანი იყო“.

იყო ეს საკითხი განხილული თუ არა, როგორც ჩანს აშშ-ს შენიშვნები იგნორირებულია და ანტიქართული ტერორიზმი კვლავ დღის წესრიგში რჩება:

„ხუთშაბათს, საქართველომ განაცხადა, რომ ორი ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც მოსისხლე მტრის, რუსეთის ბრძანებით აფეთქებებს გეგმავდნენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, პოლიციამ ქალი და მამაკაცი დააკავა, რომლებსაც ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდათ.

„მათ აღიარეს, რომ საქართველოში ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟებაზე ბრძანება რუსეთისგან მიიღეს“, – უთხრა AFP-ს სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა.

ბოლო თვეების განმავლობაში ქართულმა პოლიციამ რუსი სამხედროების დავალებით საქართველოში ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟებასა და ტერაქტების დაგეგმვაში მთელი რიგი ეჭვმიტანილები დააკავა.

მარტში, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, ქუთაისში საჯარო შენობების აფეთქების მცდელობის ბრალდებით სამი მამაკაცი დააკავეს, მაშინ როდესაც ბევრი ეჭვმიტანილი სასჯელს იხდის შარშან თბილისში, მათ შორის ამერიკის საელჩოს აფეთქებების ორგანიზების მცდელობის ბრალდებით“.

სენატორები ჯონ მაკეინი და ჯო ლიბერმანი კანონმდებელთა ჯგუფთან და საგარეო პოლიტიკის ექსპერტებთან ერთად ჩივიან, რომ „გადატვირთვის“ პოლიტიკა, რომელსაც ობამას ადმინისტრაცია აწარმოებს, რუსეთის სურვილებისთვის ანგარიშის გაწევაში მდგომარეობს, და არავინ უსვამს მას კითხვებს ადამიანის უფლებების დაცვაზე ან მეზობლებთან დაკავშირებულ ქმედებებზე.

საქართველოს შემთხვევაში (მისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებაზე თხოვნა აშშ-მ არ დააკმაყოფილა) დისბალანს უარესი შედეგები მოაქვს. რუსეთი განაგრძობს ქართული ტერიტორიების ოკუპაციას, ავრცელებს ძალადობას და უარყოფს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს საკუთარ ტერიტორიაზე. ახლახანს, საქართველომ, რომელიც ნატოს წევრი არ არის, ავღანეთში ამერიკელების მხარდასაჭერად დამატებით 645 კაციანი სამხედრო კონტიგენტი გაგზავნა. ცხადია, რომ ამ სიტუაციაში ჩვენი დემოკრატიული პარტნიორი ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. (დემოკრატიული მოკავშირეების ინტერესების იგნორირება და ავაზაკების ხელისუფლებასთან მეგობრობისკენ მისწრაფება ამ ადმინისტრაციის იშვიათი მახასიათებელი არ არის).

მაკფოლი რუსეთში აშშ-ს ელჩის თანამდებობის პრეტენდენტია. ამ საკითხზე მოსმენები შეიძლება საუკეთესო მომენტად იქცეს იმაზე დაფიქრებისთვის, რას იღებს სანაცვლოდ აშშ და დასავლეთი რუსეთთან „გადატვირთვისგან“.

ორიგინალი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100