მიხეილ სააკაშვილი: "ერთიანი კავკასიის მომავალი ერთიან ევროპაშია"

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ გამოცემა "Uwazam Rze"-ს ინტერვიუ მისცა.

- რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის მომენტიდან თითქმის სამი წელი გავიდა. თქვენი დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, ამასთან, ორი რესპუბლიკა დაკარგეთ. როგორია თქვენი ქვეყნის მდგომარეობა ამჟამად?

- ამ რესპუბლიკების ტერიტორიების თითქმის 90% 2008 წლამდეც რუსეთის კონტროლსქვეშ იყო, ომის შემდეგ კი მოსკოვი მათი ანექსიისკენ ოფიციალურად ისწაფვის. წინა ხელისუფლებების დროს რუსები არა მხოლოდ აკონტროლებდნენ, არამედ მართავდნენ საქართველოს პოლიტიკას. ისინი საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი გადაწყვეტილების დაბლოკვაზე იყვნენ წამსვლელები და ქვეყნის შიგნით კონფლიქტებს ათამაშებდნენ.

ამიტომაც როდესაც 2003 წლის რევოლუციის შედეგად სიტუაცია შეიცვალა, ისინი მთელი ძალით ცდილობდნენ, ძველი მდგომარეობა დაებრუნებინათ. მათ დააწესეს ენერგეტიკული ემბარგო, შემდეგ ეს ემბარგო ეკონომიკის ყველა სფეროზე განავრცეს, ორგანიზებას უწევდნენ მრავალ პროვოკაციას, რომლის შედეგიც ეს ომი გახდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებს აფინანსებდნენ (არ მსურს, ამ დაჯგუფებებს "ოპოზიცია" ვუწოდო, რამდენადაც ისინი უარს ამბობენ დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობაზე, არეულობის პროვოცირებას ახდენენ და კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოგდების მოწოდებით გამოდიან).

რუსები აფინანსებდნენ ჩვენს ქვეყანაზე ტერორისტულ თავდასხმებს, რაც კარგად არის დოკუმენტირებული არა მხოლოდ ჩვენი დაზვერვის სამსახურის მიერ. ამის მიუხედავად, საქართველო კარგად ვითარდება. ომის წინ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი ნამდვილად გასაოცარი იყო. ჩვენ მოვახდინეთ პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაცია და ერთ-ერთი ვართ იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომლებმაც განვითარების პოსტსაბჭოთა სტადიიდან გამოსვლა შეძლეს. ჩვენ დღემდე წარმატებული რეფორმების მაგალითად ვრჩებით. ასე, რომ, რუსეთის ხელისუფლებას ჩვენი განადგურება არ გამოუვიდა და ეს მისი პრობლემაა.

- თქვენს გუნდთან ერთად ახალი სახელმწიფოს შექმნის წარმოუდგენლად ამბიციური მიზანი დაისახეთ. თვლით, რომ ეს მიზანი მიღწეულია?

- ჯერ კიდევ არა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს მიზანი მენტალურ რევოლუციასაც მოიცავს. პოლონეთის ან ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტში ჩვენ პოლიტიკური ელიტა არ გვყავდა, რათა მას გავმკლავებოდით. ჩვენ მისი ფორმირება ახლა შევძელით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თაობას, რომელიც ახლა საქართველოს მართავს, არც ახსოვს, როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირი. მე ბოლო ვარ, ვისაც მასზე რაღაც წარმოდგენა აქვს.

როდესაც სსრკ დაიშალა, სტუდენტი ვიყავი, თუმცა შემდეგ იმ პოლიტიკოსებთან ვმუშაობდი, რომლებმაც ის ეპოქა ჩამოაყალიბეს. რიგ დღევანდელ ქართველ მინისტრებსა და დეპუტატებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმაზე, ვინ იყო ლენინი. ეს პრინციპული ცვლილებაა, რამდენადაც პოსტსაბჭოთა სისტემა არაეფექტურობას, კორუფციას, იმპერიულ ცენტრზე მენტალურ დამოკიდებულას, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირს მოიცავდა. ამჟამად საქართველოში დანაშაულის მაჩვენებელი ათჯერ დაბალია, ვიდრე რუსეთში.

ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის დაბრუნდება შევძელით. მენტალურმა რევოლუციამ უკვე გადაკვეთა ის კრიტიკული ზღვარი, რომლიდანაც ძველი წყობისკენ დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. ადრე კავკასიაში ერთიანი სახელმწიფოს შესაძლო შექმნის არ სჯეროდათ. ითვლებოდა, რომ მისი მცხოვრებნი ურთიერთომისა და ძალადობისთვის იყვნენ განწირული, ყოველთვის გარე ძალისთვის უნდა მიემართათ, რომელიც რეგიონში წესრიგის დამყარებას შეძლებდა. თუმცა საქართველომ, პირველად თანამედროვე ისტორიაში, ამ რეგიონში ქმედითი სახელმწიფო შექმნა და ამიტომაც კოშმარად იქცა, რომელიც მოსკოვს არ ასვენებს.

- კერეძოდ რისი ეშინია, თქვენი აზრით, რუსეთს?

- იმის, რომ მეთოდები, რომლებსაც იგი ჩრდილოეთ კავკასიაში იყენებს, "გაიშიფრება", ასევე ენერგონედლეულის ტრანზიტზე კონტროლის, თუმცა უპირველესად - იმის, რომ საქართველოს მაგალითი არა მარტო მის პროვინციებზე, არამედ თავად რუსეთზეც მოახდენს გავლენას. მათ, ვისაც არ ესმის, რატომ უთმობენ საქართველოს ამხელა ყურადღებას, სიტუაციას ამ პერსპექტივიდან უნდა შეხედონ. კავკასია - რუსეთის იდეა-ფიქსია. მოსკოვი აცნობიერებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს სათანადოდ მოქმედი (ნებისმიერ შემთხვევაში - უკეთესი, ვიდრე რუსეთი) სახელმწიფოს შექმნა შეუძლიათ.

- გამოდის, რომ პუტინის რუსეთი ნეოიმპერიალიზმის სულითაა სავსე...

- პუტინმა იმის იდენტური ხელისუფლება მიიღო, რომელიც ვაიმარის გერმანიაში დომინირებდა. თავად გერმანელები, როდესაც სურთ, რუსეთის ამჟამინდელი სიტუაცია აღწერონ, ვაიმარის რესპუბლიკას იხსენებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამით რუსების შეურაცხყოფა არ სურთ. როდესაც ნაცისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, დამკვირვებლები საფრთხეს ვერ ხედავდნენ, რადგან მათი ყურადღება ბოლშევიკური საფრთხისკენ იყო მიმართული. ბრიტანელებს, ფრანგებს და სხვებს არ სურდათ იმის დანახვა, რა ხდებოდა გერმანიაში. ახლა მსოფლიომ იცის ირანი და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი და მას რუსეთისთვის არ სცალია, პუტინი კი ამ დროს პირდაპირ ამბობს, რომ სურს, მოსკოვს ძველებური გავლენა დაუბრუნოს.

ითვლება, რომ თანამედროვე სიტუაციის ნაციზმთან შედარება არ შეიძლება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსებმა ჩრდილოეთ კავკასიაში 200 ათასი ადამიანი მოკლეს. რომც არ შევადაროთ მისი პოლიტიკა არაფერს წარსულიდან, მაინც მოგვიწევს იმის აღიარება, რომ მოსკოვის ამჟამინდელი რეჟიმი გამორჩეულად სასტიკია. ახლა მან შეიარაღების მასშტაბური პროგრამის შესახებ განაცხადა, მსოფლიო კი ამაზე კვლავ თვალს ხუჭავს. პუტინი პირდაპირ ამბობს: ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამხედრო სიძლიერე, ასე, რომ არანაირი რეფორმები და მოდერნიზაცია არ გვჭირდება და დასავლეთი ვერ გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთო... აი, ეს არის რევანშიზმი. გერმანია ასეთივე თამაშს 1930-იან წლებში თამაშობდა: ერთთა მიმართ ლმობიერება, მეორეთა მიმართ კი - სისასტიკე. მოსკოვმა პოლონეთთან ურთიერთობაში პოლიტიკა შეარბილა, ხოლო საქართველოს, უკრაინის და შუა აზიის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში პირიქით, გაამწვავა და იგი გავლენის ძველებური სფეროების აღდგენაზე მუშაობს...

- საბჭოურის?

- რა თქმა უნდა! დღეს იგი აფხაზეთის ანექსიას ახორციელებს, ისევე, როგორც ნაცისტებმა დაიკავეს თავის დროზე სუდეტი და წაართვეს იგი ჩეხოსლოვაკიას. რუსეთში იმედოვნებენ, რომ დასავლეთი ამას ისევე მშვიდად მიიღებს, როგორც მაშინ - სუდეტის ჰიტლერული ანექსია.

- პუტინის გეგმას რეალისტურად თვლით?

- მე ვფიქრობ, მსოფლიო იცვლება და 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის სტრატეგიის გამოყენება დაუშვებელია. პუტინს არ ესმის 21-ე საუკუნის გამოწვევები, რომლებიც იმაში გამოიხატება, რომ სხვადასხვა სფეროში პლურალიზმისა და ლიბერალური მიდგომების მხარდაჭერის გარეშე ქვეყნის ეფექტური მოდერნიზაცია შეუძლებელია. ამის გარეშე პუტინი დამარცხებისთვისაა განწირული, ეს კი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება. თუ მას რუსული სამხედრო პოტენციალის ფუნდამენტურად გაძლიერება გამოუვა და გავლენის სფეროებს აღადგენს, ის ძალიან საშიში გახდება. რუსეთს რომ რეფორმები გაეძლიერებინა, ეს ძალიან კარგი იქნებოდა, თუნდაც იმპერიულ ამბიციებზე უარის თქმას დრო დასჭირვებოდა. თუმცა პუტინისეული რუსეთი წააგებს.

საბიუჯეტო ბალანსის შესანარჩუნებლად მას ნედლეულზე სულ უფრო მაღალი ფასები სჭირდება, თუმცა იმდენად კორუმპირებული და ქმედითუუნარო სისტემა აქვს, რომ იგი უძირო ქვევრად იქცა. ახლა აღარ არის საჭირო "ცივი ომი" და რეიგანი, რომელმაც რუსეთი დამარცხებამდე მიიყვანა. რუსეთს საკუთარი სისუსტეები მოუღებს ბოლოს: კორუფცია, ცუდი მმართველობა, რეფორმებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება...

- თუმცა ჯერჯერობით რუსეთი ძლიერ დერჟავად რჩება. როგორ შეძლებს, მაგალითად, საქართველო და სხვა კავკასიური სახელმწიფოები, მის იმპერიულ ამბიციებს დაუპირისპირდნენ?

- ჩვენ რომ დასავლეთის მხარდაჭერა არ გვქონდეს, ძალიან რთული იქნებოდა. იმის მიუხედავად, რამდენად არაეფექტურია რუსეთი, მას საკმარისი ძალა რჩება, რომ პატარა სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ იმოქმედოს. ჩვენ ნახევარი მილიონი დევნილი გვყავს. მსოფლიო ზრუნავს ასეთი ადამიანების ბედზე სუდანსა და სხვა რეგიონებში და მე ამ მზრუნველობის აუცილებლობას ვიზიარებ, თუმცა მსურს, ვიკითხო: რატომ არ ვრცელდება ეს საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ?! მხოლოდ იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში დამნაშავე რუსეთია, მათით უფრო ნაკლებად უნდა დაკავდნენ, ვიდრე დარფურის მაცხოვრებლებით?! ჰუმანიტარული მიდგომების გარდა, ევროპელებმა პრაქტიკული მოსაზრებითაც უნდა იხელმძღვანელონ.

მათ ენერგეტიკული ნედლეულის სამი წყარო აქვთ: ჩრდილოეთ აფრიკა, ცენტრალური აზია და რუსეთი. თუ რუსეთი საქართველოს დაიმორჩილებს, ჩრდილოეთ აფრიკას პრობლემები შეექმნება: რუსები ცენტრალური აზიიდან მიწოდებას გააკონტროლებენ და ევროპის ბაზარზე მონოპოლისტები გახდებიან, ეს კი ჩვენი კონტინენტის ყველა ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემას ნიშნავს.

- რით შეიძლება, დავუპირისპირდეთ რუსეთის მიერ ამ სექტორში მონოპოლიისკენ მისწრაფებას?

- ერთადერთი გზა წინააღმდეგობის გაწევაა რუსეთის აგრესიული პოლიტიკისთვის კავკასიაში, რომელიც ცენტრალური აზიის რეგიონიდან ევროპაში ენერგონედლეულის ტრანზიტის საკვანძო გზას წარმოადგენს, ასევე ამ რეგიონიდან ევროპაში ენერგონედლეულისთვის სატრანზიტო ინფრაქსტრუქტურის მშენებლობა. ეს უკვე ხდება: იქმნება მილსადენის სისტემა, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანთან აკავშირებს, შავი ზღვის სანაპიროზე სატრანზიტო ტერმინალი ფართოვდება. ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას, რომლითაც გაზი და ნავთობი აზიაში გადის და ამის წყალობით რუსეთის კონტროლქვეშ არ ხვდება. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს შესაძლებელია და ამას რუსებიც ხედავენ.

- მედვედევსა და პუტინს შორის დაძაბულობაა. თუ თვლით, რომ ეს მათი პოლიტიკური კონცეფციების განსხვავებულობის დემონსტრირებაა?

- ჩვენ გვახსოვს, რომ სტალინი სსრკ-ის პრეზიდენტი არასოდეს ყოფილა. პრეზიდენტის ფუნქციას მიხეილ კალინინი ასრულებდა, რომელსაც მაშინ კრემლის ფონზე ძალიან რბილ და ლიბერალ მმართველად მიიჩნევდნენ. ბრეჟნევის დროსაც, გარკვეული დროის განმავლობაში ამ ფუნქციას ნიკოლაი პოდგორნი ასრულებდა, თუმცა ეს არანაიარად არ აისახებოდა პოლიტიკურ რეალობაზე. ეს დახურული სისტემაა, რომელშიც შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. იქ ყოველთვის არის შიდა დაძაბულობა და ვიზუალურად, ამ დაძაბულობიდან გამარჯვებულად შეიძლება, უფრო "რბილი" მოთამაშე გამოვიდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ მედვედევს პრეზიდენტობა და მის მიმართ დასავლეთის კეთილგანწყობა მოსწონს. დარწმუნებული ვარ ასევე, რომ იგი დასავლეთთან კონფლიქტს არ ეძებს, მაგრამ ამას უფრო ფართო კონტექსტში უნდა შევხედოთ: ხელისუფლების ბერკეტები პუტინის ხელში რჩება, რომელიც ყველა მნიშვენლოვან გადაწყვეტილებას თავად იღებს და არ სურს, ვინმემ მასზე გავლენა მოახდინოს.

- თქვენი აზრით, როგორია კავკასიაში სიტუაციის განვითარების ყველაზე სავარაუდო სცენარი?

- მე ვფიქრობ, რომ გარკვეული გზით მოხდება რეგიონის კონსოლიდაცია, რაც არსებული საზღვრების შეცვლას არ გულისხმობს. საზღვრები უცვლელად უნდა დარჩეს და საუბარია ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური კავშირების შექმნაზე. ასევე ვთვლი, რომ კავკასიის მომავალი ერთიან ევროპაშია. საქართველო ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ისწრაფვიან. ჩვენ გვსურს, ევროპის ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყანა ვიყოთ და ეს შესაძლებელია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ჩვენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ინვესტიციებისთვის საუკეთესო ადგილი ვართ. ბევრი გავლენიანი ინსტიტუტის აზრით, რომლებიც ამ პრობლემატიკას სწავლობენ, საქართველო ევროპაში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა.

- როგორ აფასებთ ლეხ კაჩინსკის როლს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს?

- მე არაერთხელ მითქვამს, რომ კაჩინსკი მოქმედებდა, როგორც მამაცი ადამიანი. იგი საქართველოს დედაქალაში გადამწყვეტ მომენტში ჩამოვიდა. კაჩინსკის როლი პრინციპული იყო. თბილისში რუსული აგრესიის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. პუტინი იმუქრებოდა, რომ ქალაქს რაკეტებით შეუტევდა. იმის გამო, რომ კაჩინსკიმ იქ ევროპელი ლიდერები შეკრიბა, ეს შეუძლებელი გახდა. ასე, რომ, თქვენმა პრეზიდენტმა სულ მცირე, თბილისელები გადაარჩინა. არ ვიცი, პუტინმა მართლა გადაწყვიტა თუ არა ასეთი შეტევა, შეიძლება, ეს მხოლოდ მუქარა იყო, მაგრამ ეს იყო მომენტი, როდესაც ის შეიძლება, რეალობად ქცეულიყო. თქვენი პრეზიდენტი ძალიან მამაცურად მოიქცა. მე მახსენდება მისი წერილი, რომელიც მაშინ მივიღე, როდესაც რუსეთმა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდელობა აღიარა. ეს ძალიან შემაშფოთებელი იყო, მაგრამ პირველ რიგში, კაჩინსკის სიტუაციის ლოგიკა ესმოდა და ზუსტად იცოდა იმ პრობლემის არსი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის წინაშე იდგა.

მაკა ბრეგვაძე
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

კომენტარი