სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო: კეთილშობილ ქვეყანაში დალოცვილი

ლიზა გრეინჯერს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც შეიძლება ეკონომიკურად ღარიბია, მაგრამ ბევრი სხვა სიმდიდრით არის მდიდარი, ზღაპრულად უმასპინძლეს

ჩამოსვლიდან ხუთ წუთში ვიცოდი, რომ საქართველო განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნისგან, რომელშიც მიმოგზაურია. თვითმფრინავში, რომელიც ლონდონიდან თბილისში მოფრინავდა, სულ ერთი მუჭა ადამიანი მგზავრობდა და ერთს განსაკუთრებით დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი.

ის რასპუტინის ასლი იყო – მაღალი, შავ სამოსში ჩაცმული, ეგზოტიკურად ლამაზი, ჭაღარა, ხშირი წვერითა და უკან შეკრული თმით. როგორც კი თვითმფრინავი მიწას შეეხო, მაშინვე კართან აღმოჩნდა, ხელში Harrods-ის პატარა ჩანთა ისე ჰქონდა ჩაბღუჯული, როგორც იესოსთან საჩუქრებით ჩამოსულ მოგვებს.

როდესაც სავარძლებს შორის გასასვლელი გადაკეტა, გაგებით გავუღიმე, (რვასაათიანი ფრენის შემდეგ, ყველას გაქცევაზე გვეჭირა თვალი), ამიტომ როდესაც დარბაზში სადაც ბარგს ველოდით ჩემსკენ გამოემართა არ გამკვირვებია, მაგრამ გამაოცა იმან, რომ ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ლოყებზე ხელი ჩამომისვა და ბუტბუტით თავზე ჯვარი გადამწერა. ქართველთან პირველი შეხვედრა ასეთად არ წარმომედგინა და რაღა თქმა უნდა ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აეროპორტში ბარგის მოლოდინში დამლოცეს.

ისეთია რელიგიის ძალა საქართველოში, რომ როდესაც ამ შემთხვევის შესახებ ადგილობრივებს ვუყვებოდი, ამბავი არავის აღუქვამს სახალისო თავგადასავლად, ის ნიშნად აღიქვეს. ანაფორაში ჩაცმული კაცი სულაც არ იყო Harrods-ის რიგითი ძველი კლიენტი, ის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი აღმოჩნდა, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მის უწმინდესობას ილია მეორეს, რომის პაპის ქართულ ეკვივალენტს, ლონდონში მოგზაურობისას თან ახლდა. ის რომ მისი ლოცვა-კურთხევა მივიღე, მარწმუნებდნენ რომ ერთ რამეს მოასწავებს: ფაქტია რომ დალოცვა ნიშანი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ჩემი ბედი ღვთის ხელთაა, ამიტომ გასაოცარი არდადეგები მელის და ასე მოხდა კიდეც.

საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ თუნდაც ღვთაებრივ ხელებში არ აღმოჩნდე, მაინც იღბალს უნდა უმადლოდე. ცხადია ის იბრძვის. რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის მოქცეული ეს ადგილი, პოლიტიკური და ეკონომიკური კომფორტისთვის განსაკუთრებულ პირობებს ვერ ქმნის.

უმუშევრობა 16%-ს შეადგენს, სოფლები სავსეა მიტოვებული რუსული მაღაროებითა და ქარხნებით, მოსახლეობის მეოთხედი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს ომითა და მიწისძვრებით დაზიანებულ შენობებში.

მაგრამ მას ისეთი მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვს, რომ ცოტა ხნის შემდეგ ეს თვალშისაცემი პრობლემები გაფერმკრთალებას იწყებს. მართალია ბევრი სახლი ინგრევა და გზებზე ორმოებია, მაგრამ როდესაც თვალს შეავლებ ცად აზიდულ კავკასიის მთებს, რომლებიც ბეჭდების მბრძანებლის თოვლიან, ჯადოსნურ ნახელავს წააგავს, როდესაც შეაბიჯებ ძველებურ, მთის წვერზე წამოჭიმულ, ოქროს მოზაიკით მოვარაყებულ წმინდა ეკლესიებში, როდესაც სუფრას გულკეთილ, კულტურულ ქართველ ხალხთან ერთად შემოუსხდები, უცებ მიხვდები რომ საქართველო სულაც აღარ სჩანს ძალიან ღარიბი.

სტუმართა უმეტესობის მსგავსად თბილისში, დედაქალაქში დავბინავდი და აქედან ვლაშქრავდი სხვადასხვა ადგილს. ასეთი მოგზაურობები მართლაც ყველაზე მოსახერხებელია, თუ რა თქმა უნდა სასტუმროს დატოვება, ევროპულ კერძებზე და კლასიკური მუსიკის კონცერტებზე უარის თქმა არ გიჭირთ, კონცერტებზე რომლებიც მოოქროვილ საკონცერტო დარბაზებში იმართება, ისეთებში რომ ვენასაც დამშვენდებოდა. თბილისი მე-6 საუკუნეში აუშენებიათ, ცხელი წყაროებით მდიდარ ადგილას, მდინარე მტკვრის ნაპირებზე. ქალაქს დღესაც დაჰყვება ნაიარევი და დიდება 40-ზე მეტი თავდასხმისა, დაწყებული ბერძენი იასონიდან, რომელიც აქ ოქროს ვერძის ძიებამ მოიყვანა და დამთავრებული რუსი ოლიგარქებით, რომლებიც აქ ოქროს შესაძლებლობებს ეძიებდნენ.

ძველი თბილისის ყველაზე საინტერესო ადგილები ფეხით შეიძლება მოიარო და გასულ საუკუნეშია ნაგები, დროში როდესაც რუსეთი ევროპაში ეძიებდა შთაგონებას. აუყევით უამრავი მთაგორიანი ქუჩიდან ერთ-ერთს და ისეთი განცდა გაგიჩნდებათ, რომ პარიზის ძველ უბანში მოხვდით, უბანში რომელიც მოფენილია ძველი დარაბებით და დახლართული რკინის აივნებით.

ახლა სხვა ქუჩებზე გაისეირნეთ და ხის ისეთ სახლებს გადაეყრებით, რომ თავი ტოლსტოის რომანში გეგონებათ: მომხიბლავი ორსართულიანი სახლები, პასტელის ფერებში შეღებილი და მოჩუქურთმებული ვერანდები, რომლებიც ვაზითაა მოკაზმული.

მაგრამ ქალაქის მთავარი ნაგებობი მაინც საკულტოა. სადაც არ უნდა გაიხედო, ცის ფონზე ან ეკლესიის გუმბათს, ან მეჩეთის შპილს გადაეყრები და მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდეგ საკონცერტო დარბაზები და გალერეები აღდგენილია, სწორედ აქეთ მოეშურება უამრავი ადამიანი კულტურული შთაბეჭდილებების მისაღებად. საქართველო სომხეთის შემდეგ მეორე ქვეყანა იყო, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა (337 წელს), ამიტომ ეს სივრცე სავსეა სასულიერო მუსიკითა და ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებით.

კვირაში 10 ეკლესიაზე მეტს ვნახულობდი (თუ ეკლესიები არ გიყვართ, მაშ არც საქართველოში უნდა გაემგზავროთ). ყველაზე მეტად ალბათ ქალაქის ყველაზე ბნელი და ყველაზე ძველი ეკლესიები მომწონდა: მე-6 საუკუნის ანჩისხატი, რომელშიც მგალობელთა ხმა ისე სუფთად ისმის, რომ თმები ყალყზე მიდგებოდა, ფრესკებით დაფარული სიონის საკათედრო ტაძარი, სადაც წმ. ნინოს (მან შემოიტანა ქრისტიანობა საქართველოში) ჯვრის ასლია გამოფენილი.

სწორედ წარსული ცივილიზაციების ნარჩენები აცოცხლებს ამ ქვეყნის კოლორიტულ და სისხლიან ისტორიას. გაემგზავრეთ ჩრდილო-დასავლეთისკენ, კახეთის ვენახებისკენ და საქართველოს მეორე მეფის ვახტანგ გორგასლის სასახლის ნანგრევებს გაივლით (გორგასალი 502 წელს გარდაიცვალა), მისი კოშკურა ახლა ტყეში დგას. ცოტა უფრო შორს წადით, სამხრეთით, ნახევრად გაუდაბურებულ დავით გარეჯში და ბრინჯაოს ხანის გამოქვაბულებს იხილავთ. ისინი მე-13 საუკუნის ფრესკებითაა მოხატული და იქ დღემდე ბინადრობს რამდენიმე ბერი.

უფლისციხის მთებში გამოქვაბულების ქალაქის დათვალიერებას შესძლებთ. აქ ოდესღაც 20 000 ადამიანი ცხოვრობდა, მერე მშვენიერი გელათის კედლის ფერწერის ნახვასაც შესძლებთ და ქალწული მარიამის გიგანტურ ოქროს მოზაიკასაც იხილავთ – სიბნელეში მოციმციმეს, ბერების გალობის ექოს ფონზე.

საქართველოში წლის დასაწყისში ჩავედი, როდესაც მთებში გასვლა ჯერ ადრე იყო და ვინანე, უფრო გვიან რომ არ მოვხვდი აქ (იმაზეც დამწყდა გული, რომ უკეთესი მოთხილამურე არ ვარ. აქ სამი სათხილამურო კურორტია, მათ შორის უახლესი მესტიაა, სადაც გთავაზობენ შვეიცარულ ლიფტებს, უფასო მომსახურებას ლიფტებით გადაყვანისას და სუფთა სასტუმროებს – ორადგილიან ნომერს 50 ევროდ). თბილისს გარშემო მთები და პარკები აკრავს, ყველა მათგანშია ბილიკები, ადგილი დაბანაკებისთვის და ტყეები, რომლებიც როგორც მითხრეს შემოდგომობით ფერების ცეცხლშია გახვეული და ტურისტებისგან სრულიად თავისუფალი.

თუმცა სიცივემ სამზარეულოს და ღვინის კვლევის საშუალება მომცა – ქართველები ორივეს დიდი რაოდენობით იღებენ. საკვების მიღება როგორც წესი შვედური სუფრის მსგავს ღონისძიებას წააგავს- მწვადი, ცხელ-ცხელი ხინკლით სავსე თეფშები, თეთრი ყველის ნაჭრები, ცოცხალი სალათები, ცხარე მწნილები და ხაჭაპურის ნაირსახეობა.

როდესაც აქ კიდევ ერთხელ ჩამოვალ, ნაკლებ დროს გავატარებ სუფრასთან და უფრო მეტს ვიმოგზაურებ მეღვინეობის კუთხეში, კახეთში (ზუსტად ახლა ამუშავდა ღვინის ქარხანა, რომელსაც გერმანელები მართავენ და რომლის დარბაზებიდან ვენახები ჩანს) და ხელოვნების ნიმუშებით სავსე ქალაქ სიღნაღში, რომელსაც გარს დიდი კედელი აკრავს.

საქართველოში დაბრუნებული ალბათ აღარ ვნახავ სტალინის მუზეუმს, ერთი ვიზიტი წარმოშობით ქართველი დიქტატორის მშობლიურ პატარა პირქუშ ქალაქში, საკმარისია და აღარც ქუთაისს მოვინახულებდი, თუ რა თქმა უნდა გულის გამგმირავი სილამაზის გელათის მონასტრის დათვალიერებას არ გადავწყვეტდი.

მაგრამ დავბრუნდები იმისთვის, რომ თბილისის გოგირდის დაორთქლილ აბანოში ზორბა ქართველმა ქალმა ქისით გამაკრიალოს, უფრო მეტი ღვინო ვიყიდო (გასაოცრად იაფი და უგემრილესი), ყოველ ღამეს ვიარო კონცერტებზე (მუსიკოსები და საკონცერტო დარბაზები გასაოცრად კარგია) და ყოველ დილით მივირთვა ყველი, რომელიც სიონის საკათედრო ტაძრის ბერების პურის საცხობში იყიდება. დიახ, ეს ყველაფერი მართლაც ასეთი კარგი იყო.

foreignpress.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100