გრძელდება თუ არა ცხოვრება გაყრის შემდეგ

კეიტ უინსლეტი :"მეორე გაყრის შემდეგ მე სრულიად განადგურებული ვიყავი. ორი ქორწინებიდან ორი შვილი დამრჩა და ეს ერთადერთი კომპენსაციაა".

ფსიქოლოგების აზრით, გაყრა არანაკლები სტრესია, ვიდრე ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, სამსახურიდან გათავისუფლება ან საცხოვრებელი ადგილის დაკარგვა, მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდება. ქვემოთ ჩამოთვლილი ცნობილი ქალბატონები ცდილობენ, სწორედ ეს დაამტკიცონ.

კეიტ უინსლეტი
ყოფილი ქმარი: რეჟისორი სემ მენდესი.
გაყრა: 7 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.
საერთო შვილი: ჯო.

კეიტ უინსლეტისა და სემ მენდესის გაყრის შესახებ ცნობა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო. ისინი ხომ სამაგალითო წყვილად ითვლებოდნენ ჰოლივუდში. მათ არასოდეს გამოჰქონდათ საკუთარი ოჯახური პრობლემები სააშკარაოზე, ამიტომაც მათი დაშორება ჟურნალისტებმა ოსკარის წყევლად მიიჩნიეს. ჰოლივუდში არსებობს ცრურწმენა, რომ მსახიობი ქალი, რომელიც გათხოვილია და ოსკარს მიიღებს, პრიზის მიღების შემდეგ ქმარს აუცილებლად გაშორდება.

წყვილის გაყრის მიზეზი პირველ ერთობლივ ფილმზე მუშაობა აღმოჩნდა. ამ ფილმს "ცვლილებების დრო" ეწოდება. სანამ დაშორდებოდნენ, ოქროს გლობუსის ცერემონიალზე კეიტმა ქმარს სცენიდან მიმართა: "მადლობა, ძვირფასო, რომ გადაიღე ეს ფილმი, მადლობა, რომ მოკალი ჩემი გმირი და ამისგან სიამოვნება მიიღე".

ქმარს დაშორებული კეიტი მთელი ენერგიით შეუდგა ახალი ფილმზე მუშაობას. ოთხი თვის შემდეგ "ინგლისის ვარდი" ახალი შეყვარებულით გამოჩნდა. იმ დროს, როდესაც კეიტი თავისი ახალი შეყვარებულით ერთობა, მისი ყოფილი ქმარი სემ მენდესი ბავშვს უვლის.

ციტატა: "მეორე გაყრის შემდეგ მე სრულიად განადგურებული ვიყავი. ორი ქორწინებიდან ორი შვილი დამრჩა და ეს ერთადერთი კომპენსაციაა".

სოფი მარსო

ყოფილი ქმარი: პროდიუსერი ჯიმ ლემლი.
გაყრა: 7 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.

საერთო შვილი: ჟულიეტი.

ფრანგი მსახიობის ცხოვრებაში ორი ქორწინებაა. პირველად ის პოლონელი რეჟისორის, ანჟეი ჟულავსკის ცოლი იყო, შემდეგ – ამერიკელი პროდიუსერის, ჯიმ ლემლის. სოფის მოსწონს, რომ გაყრის შემდეგ თავი თავისუფლად და დამოუკიდებლად იგრძნო. ინტერვიუებში მსახიობი აღიარებს, რომ ძალიან უმადლის თავის ქმრებს, პირველ რიგში, წარმატებული კარიერის გამო. "ჩემმა ქმრებმა საშუალება მომცეს, შევმდგარიყავი პროფესიული კუთხით. მათთან ცხოვრების დროს ნაკლებად იმპულსური, უფრო გაწონასწორებული და მიზანდასახული გავხდი", – ამბობს სოფი მარსო.

ციტატა: "წლებთან ერთად ჩამოვყალიბდი საკუთარ სურვილებში. ახლა ზუსტად ვიცი, რა მინდა ცხოვრებისგან. შემთხვევითი რაღაცეები არც საქმეში მჭირდება და არც პირად ცხოვრებაში. გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ახლა უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე 20 წლის ასაკში".



სიუზან სარანდონი
ყოფილი ქმარი: მსახიობი ტიმ რობინსი.
გაყრა: 23 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.
საერთო შვილები: რიკი და მაილსი.

2009 წელს სიუზან სარანდონმა ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო – ის გაშორდა მამაკაცს, რომელთანაც 23 წელი იცხოვრა. "როგორც ჩანს, სიუზანმა გადაწყვიტა, სიბერე მარტოობაში გაატაროს", – ასეთი ფრაზები გაჩნდა ტაბლოიდებში, მაგრამ სიუზანი მარტოობაზე ორიენტირებული სულაც არ იყო და არის. ამის შემდეგ 64 წლის მსახიობი იტალიის კინოფესტივალზე ახალი თაყვანისმცემლით გამოჩნდა მის რჩეულ 32 წლის რეჟისორი ჯონათან ბრიკლინთან ერთად.

ციტატა: "ვიცი, რომ ჩემზე ბევრს ლაპარაკობენ. ყოველთვის მშურდა იმ ქალების, რომლებიც საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდნენ და მგრძნობიარენი იყვნენ ასაკის მიუხედავად. ახლა მეც მათ რიგებში ვარ და, დიდი იმედგაცრუების მიუხედავად, სულაც არ მეშინია, საკურთხეველთან კიდევ ერთხელ დავდგე".


სესილია სიგანერი
ყოფილი ქმარი: საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.
გაყრა: 11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.
საერთო შვილი: ლუი.

სესილია სიგანერი საფრანგეთში გმირ ქალად ითვლება. უკვე 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მისი ფეხის ხმა ელისეს სასახლის დერეფნებში აღარ ისმის და ფრანგული პრესაც მას პირველ ლედის აღარ უწოდებს. 2007 წელს, ურთიერთობის ხანგრძლივი გარჩევის შემდეგ, წყვილი საბოლოოდ გაიყარა. ახლა საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი ნიუ იორკში აპარტამენტებს ქირაობს და, როგორც თავად ამბობს, ბედნიერია:

"ახლა მაქვს ის ცხოვრება, რომელიც მჭირდება. გამიჩნდა დრო, რომ ჩემს შვილებთან (პირველი ქორწინებიდან მას კიდევ ერთი შვილი ჰყავს) უფრო დიდხანს ვიყო და დავლიო ყავა, თანაც ჩვეულებრივი".

11 წლის განმავლობაში სესილია ნიკოლა სარკოზისათვის არამარტო ცოლი, მრჩეველიც იყო. ის ქმარს უდგენდა დიეტებს, ეხმარებოდა წარუმატებლობის გადატანაში და არჩევნების დროს ყველაზე აქტიურად ედგა გვერდში. ახლა ის ქველმოქმედებითაა დაკავებული და წყნარი ოჯახური ცხოვრებით ტკბება. 2008 წლის მარტში სესილია მესამედ გათხოვდა, მისი ქმარი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ერთ–ერთი ორგანიზატორი რიჩარდ ატიასია. ის ნიკოლა სარკოზის სრული ანტიპოდია და ოჯახურ სიმყუდროვესაც აფასებს.

ციტატა: "მე ვცდილობდი, ჩვენ ვცდილობდით... ის, რაც მე დამემართა, მილიონობით ქალს ემართება. ერთ მშვენიერ დღეს მიხვდები, რომ სრულიად გამოწურული ხარ და მაშინ აუცილებლად რაღაცა უნდა შეცვალო".


ბრიტნი სპირსი
ყოფილი ქმარი: მოცეკვავე კევინ ფედერლაინი.
გაყრა: 3 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.
საერთო შვილები: შონი და ჯეიდენი.

ბრიტნისა და კევინის ლამაზი რომანი ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. გაცნობიდან 3 თვის შემდეგ ისინი უკვე დანიშნულები იყვნენ. მალე კი მშობლებიც გახდნენ, მაგრამ სწორედ აქ დასრულდა ოჯახური ბედნიერება. მოგვიანებით მათი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცა. ხმაურიანი განქორწინების შემდეგ ბრიტნიმ არამარტო შვილები, არამედ მთელი თავისი ცხოვრება დაკარგა. გადაიპარსა თმა და სარეაბილიტაციო კლინიკაში აღმოჩნდა.

დღეს ბრიტნი ახალი ცხოვრებით ტკბება, პოპპრინცესამ ბევრი რამის გაკეთება შეძლო – ფორმაში ჩადგა, სცენაზე დაბრუნდა და ახალი სიყვარული იპოვა. რაც მთავარია, ბრიტნი ამდენი წლის შემდეგ პირველადაა ბედნიერი.

ციტატა: "გაყრის შემდეგ ჩემი ცხოვრება ციხედ გადაიქცა და თავადაც არ ვიცოდი, როდის დამთავრდებოდა ჩემი ტყვეობა ამ სატუსაღოში. კიდევ დიდხანს მომიწევს ჩემი შეცდომების გამო საზღაურის გადახდა, მაგრამ ეს მწარე გაკვეთილი ძალიან კარგად გავაცნობიერე".

კომენტარი