სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტნი სპირსმა ახალი სიმღერა სანკტ-პეტერბურგელ მასწავლებელს მოჰპარა

სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ იულია საფრონოვას ბრიტნი სპირსის ახალ სიმღერაში "Criminal" ნაცნობი ნოტები მოესმა. ნოტები, რომლებიც თავად დაწერა.

ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ ბავშვთა მუსიკალური წრის მასწავლებელმა მიუზიკლი შექმნა და ვოკალის პარტია თავად შეასრულა. სიმღერის ჩაწერაში მუსიკოსი ძმა დაეხმარა. სიმღერამ ერთ-ერთ კონკურსში მთავარი პრიზი აიღო 2005 წელს, რასაც სტატუეტი და დიპლომი ადასტურებს. ეს პრიზები მასწავლებელს პირადად კონკურსის ორგანიზატორმა - მარკ რუდინშტეინმა გადასცა.

იბადება კითხვა: კი მაგრამ, სად შეეძლო ბრიტნი სპირსს მოესმინა სიმღერა, რომლის პოპულარობა არ გასცილებია საბავშვო წრეების შიდასაქალაქო კონკურსს?

მუსიკოსებში არსებობს სპეციალური ტერმინი: „უნებლიე პლაგიატი“, როცა აზრები, უბრალოდ, ერთმანეთს ემთხვევა. საოცარია, რომ ბრიტნის სპირსის აზრები პიტერელი მასწავლებლის აზრებს ასე, გაჭრილი ვაშლივით დაემთხვა.

სკანდალის მთავარი გმირის მსოფლიო ტურნე ჯერ არ დასრულებულა, ამიტომაც, ბრალდებაზე პასუხის გაცემა ლოს-ანჟელესში მის პროდუსერს მოუწია. ბრუს ლოუმ განაცხადა: „ეს სიმღერები მართლაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. იმდენადაც კი, რომ გაოცებული ვარ. არადა, ეს სიმღერა ადრე არასდროს მომისმენია“.

ოდესღაც ლოუმ მაიკლ ჯექსონის რეპუტაცია იხსნა, როცა პოპ-მუსიკის მეფე ყველასთვის უცნობმა კამერუნელმა შემსრულებელმა პლაგიატში დაადანაშაულა. მაშინ ეს 100 ათასი დოლარი დაჯდა. პიტერელი მასწავლებლის შემთხვევაში კი ლოუ უარს აცხადებს ნებისმიერი ოდენობის თანხის გაცემაზე. პირიქით, საკმაოდ ორაზროვან კომენტარს აკეთებს:

„კომერციულ მუსიკაში ძალიან მარტივი სქემა მოქმედებს და ეს სქემა ამ კონკრეტულ, ბრიტნისთან დაკავშირებულ საქმეზეც ვრცელდება: ჩვენ ვაერთებთ მსმენელისთვის რაღაც უკვე ნაცნობს სრულიად ახალთან“, - ამბობს ბრიტნი სპირსის პროდუსერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100