დრონი.ჯის ექსკლუზიური ინტერვიუ „365 დღის“ სექსუალურ მსახიობთან

პოლონური ფილმი „365 დღე“, რომელიც ბოლო თვეებია რეიტინგებს ხსნის და თავისი თამამი სცენებით მაყურებელთა ყურადღებას იქცევს საქართველოშიც ძალიან პოპულარულია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მთავარი გმირის „მასიმოს“ მეგობარი ფილმიდან ქართველი მსახიობი ოთარ სარალიძეა, რომელიც არა ერთ ფილმში მონაწილეობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთად.

30 წლის ოთარ სარალიძე მსახიობ ნათია კავსაძის შვილია და დედის გზას გაჰყვა, უნდა ითქვას, საკმაოდ წარმატებითაც. პოლონელებსაც ნამდვილად გაუმართლათ, ინდივიდუალური ხელწერის და მომხიბვლელი გარეგნობის ქართველი მსახიობი რომ აღმოაჩინეს.

დრონი.ჯი ოთარ სარალიძეს დაუკავშირდა და მსახიობთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.


- ქართულ საზოგადოებას ოთარ სარალიძე უკეთ რომ გავაცნოთ -მოგვიყევი შენს შესახებ...

- ვარ უბრალო ადამიანი, რომელსაც უნდა ის, რა ვფიქრობ, უმრავლესობას სურს. სიმშვიდე ,ჯანმრთელობა და თავისუფლება უახლოეს ხალხთან ერთად.

- ორ ძალიან პოპულარულ ფილმში თამაშობ, მოგვიყევი როგორია შენი დამოკიდებულება ფილმებსა და შენს პერსონაჟებთან?

- ჯანმრთელი დამოკიდებულება მაქვს! საერთოდ , მიყვარს ორივე როლი, ამირი - „მაფიის ქალები 2”-ში და დომენიკო - „365 დღიდან“. ორივეს მიმართ მაქვს სენტიმენტები.
პერსონაჟები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ამირი არის მეომარი, „სქელკანიანი“ ტერორისტი, ხოლო დომენიკო უფრო ნაზი პერსონაჟია. ორივე როლმა ბევრი სიამოვმება მომანიჭა. იმის გარდა, რომ უნდა მეთამაშა ორივე განსხვავებულად, მინდოდა, რომ ფიზიკური სხვაობაც ყოფილიყო.


პირველი ფილმის გადასაღებად ვიყავით დუბაიში და ესპანეთში, ხოლო „365 დღის“ გადაღებისას 3 კვირა მომიწია იტალიაში ყოფნა, სადაც უამრავი პატარა სოფელი და ქალაქი მოვინახულე. მენატრება ის დრო ...

- ყველაზე მეტად შენი რომელი გმირი გგავს და რა თვალსაზრისით?

- ნამდვილად მქონდა იმის ბედნიერება, რომ რამდენიმე განსხვავებული და ჩემთვის საყვარელი როლი მეთამაშა. ყველა როლს აქვს რაღაც, რაც არის ჩემი. ჩემი აზრით, მსახიობობაში საინტერესოა ის, თუ რა გაქვს „შენ „ პირადად სათქმელი. „შენ“ შეიძლება გერქვას სპეკტაკლში „ოტელო„ მაგრამ, მე მაინტერესებს შენ სინამდვილეში როგორ მოიქცეოდი ოტელოს სიტუაციაში. შეგვიძლია როლი გავხადოთ „ტიპაჟური„ (რაც ხშირად მართლდება), მაგრამ იქაც კი არის მსახიობის ის პირველი განსაკუთრებული „ენზიმი“, რომელიც ყველა ადამიანს განსაკუთრებულს ხდის. ესე იგი, მე ჩემს განსაკუთრებულ ადამიანურ „ენზიმს“ ვაძლევ პერსონაჟს და ტექსტს.


- რას მიიჩნევ აუცილებელ პირობად იმისთვის, რომ მსახიობმა თავისი ნიჭი სრულად წარმოაჩინოს?

- არა მარტო კარგი როლი, რომელიც გამოგაჩენს. ეს არ არის კონკურსი. საერთოდ მთელი გადამღები ჯგუფის ხელშია ფილმი და მსახიობის ბედი. დაწყებული მაკიაჟიდან მონტაჟამდე. თეატრშიც უმეტესად ასეა. უნდა გყავდეს დასის ხალხი, რომლებთანაც მთელი გულით და სულით , აბსოლიტური თავდაჯერებულობით ქმნი ცოცხალ ხელოვნებას. ჩემი აზრით, ადამიანმა ყველაფერი გულით უნდა აკეთო.

- კრიტიკის ობიექტი თუ ყოფილხარ და მიგიჩნევია თუ არა ის სამართლიანად? ზოგადად როგორ იღებ კრიტიკას?

- რა თქმა უნდა ეს ნორმალურია. არ მიკვირდა კრიტიკა იმიტომ, რომ მე თვითონ ყოველთვის კრიტიკული ვარ საკუთარ თავთან. ვცდილობ ამ ყველაფერმა არ შემჭამოს და უბრალოდ ვისიამოვნო იმით, რასაც ვაკეთებ. საბოლოოდ, ამიტომაც ავირჩიე ეს პროფესია. თამაშის პროცესი სასიამოვნოა. თვითონ პროფესია, ვფიქრობ, არც თუ ისე, მაგრამ იდეალური ხომ არაფერია ამ ცხოვრებაში (იცინის).


- როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, პირველად მიიღე მონაწილეობა ქართულ ფილმში, სადაც ქართველი მსახიობები თამაშობენ. რამდენად მოგეწონა მათთან თამაში და რით გამოარჩევ უცხოელი მსახიობებისგან?

- დიახ, 2019 წელს მქონდა სიამოვნება მეთამაშა ლევან თუთბერიძის სურათში , „სამურაი დასვენების ჟამს“. ეს იყო უნიკალური თავგადასავალი. გავიცანი ქართველი მსახიობები, საერთო აღმოვაჩინე ის, რომ გვიყვარდა ფილმები და ფილმის კეთება. ლევან თუთბერიძე არის რეჟისორი, რომელთანაც სულ გინდა რომ იყო, უსმინო, იმუშაო... დიდი სიამოვნება მივიღე გადაღების პროცესით. მგონია, რომ ეს განსაკუთრებული ფილმი იქნება, რომელიც არა მარტო ქართველებს, არამედ მსოფლიო პუბლიკას დააინტერესებს. წელს ფილმის პრემიერა გაიმართება.

- ძალიან სექსუალური და თამამი სცენებით გამოირჩევა შენი ერთ-ერთი როლი. ალბათ, ძალიან ბევრი ქალის გული მოიგე. ხარ თუ არა შეყვარებული?

- იცოდი, რომ "შეყვარება" WHO-მ აღიარა როგორც ფსიქოლოგიური დაავადებად?! (იცინის) ვფიქრობ, ასეა! ამბობენ, რომ შეყვარებული ადამიანი აკეთებს ისეთ რაღაცებს, რასაც სხვა მდგომარეობაში არც კი იფიქრებდა რომ გააკეთებდა. ამჯერად არ ვეძებ ასეთ ემოციებს ჩემს ცხოვრებაში. (იცინის)


- გქონია თუ არა რომანი მსახიობთან, რომელთანაც თამაშობდი?

- არა!

- შენი აზრით, როგორი უნდა იყოს პარტნიორების ურთიერთობა და რამდენად გეხმარება როლის სრულად დაძლევაში შენს გვერდით მდგომი პარტნიორი?

- არ ვიცი როგორი „უნდა„ იყოს. ჩემთვის მთავარი თავისუფლება და კონტაქტია. შებოჭვა არის მტკივნეული და რთული პროცესი, როგორც არ უნდა მიყვარდეს ვინმე. ნდობა და მეგობრობა. ისე მოექეცი შენს „პარტნიორს“ როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს.

- რამდენად დამყოლი მსახიობი ხარ და მოგსვლია თუ არა კონფლიქტი რეჟისორებთან?


- კი მომსვლია. ხდება ხოლმე. როცა ვგრძნობ რომ ვიღაც, ამ შემთხვევაში რეჟისორი, კვეთს საზღვარს. ჩემთვის კულტურა მთავარია. თუ კი კულტურულად ვსაუბრობთ არ იქნება კონფლიქტი.

- შენი სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბე. აპირებ საქართველოში დაბრუნებას?

- დღეს მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ საზღვრები გახსნან და აგვისტოში შევძლო საქართველოში დასვენება ჩემს მიწაზე, ბულაჩაურში. იქ გავიზარდე და გავატარე ჩემი ულამაზესი ბავშვობის წლები. იქ არის ჩემი გული და სული. საერთოდ, საქართველოს რაც შეეხება, მინდა გავაგრძელო ქართულ ფილმებში თამაში.

კომენტარი