„მხოლოდ ქართულიდან“ გავარდნის შემდეგ, ის, ყველაფერზე ღიად პირველად საუბრობს - დრონი.ჯი-ს ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ნარმანიასთან

გიორგი ნარმანია, სოციალურ ქსელში გავრცელებული ორიგინალური ხელის თხოვნით და საოცარი ნამღერით გახდა პოპულარული, რის შემდეგაც მას რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გამოეხმაურა და ასე მოხვდა პროექტ „მხოლოდ ქართულში“.

რუსთავი 2-მა, მისმა გენერალურმა დირექტორმა და პროექტ "მხოლოდ ქართულის" ავტორმა, ნიკა გვარამიამ მას შანსი მისცა საკუთარი თავი საზოგადოებისათვის უკეთ გაეცნო.

დრონი.ჯი დაუკავშირდა ახალგაზრდა, ნიჭიერ მომღერალს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- საზოგადოება უკვე გიცნობს, თუმცა, ალბათ, არის ისეთი რამ შენზე, რაც ჯერ არ გითქვამს - დრონი.ჯი-ს მკითხველს რომ უამბო ამის შესახებ

- გიორგი ნარმანია პროექტამდე მღეროდა აფხაზთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიმო აკადემიურ ანსამბლში.(ახლაც ვმღერი). ასევე ვგალობ, მგალობელთა გუნდ „ტაოში“. დაბა კოჯორში, მამათა მონასტერში, ბერებს ვასწავლი გალობას. ვმღერი ქალაქური სიმღერის კვინტეტში "მეგობრები".

სოციალურ ქსელში აფეთქებულმა ჩემმა ვიდეომ უფრო წარმომაჩინა საზოგადოებაში. პროექტ „მხოლოდ ქართულში“ მე არ გადამიწყვეტია ამ წელს მისვლა. არ მქონდა გეგმაში. რუსთავი2 -ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ნახა ეს ვიდეო და თავის გვერდზე მუსიკოსებს მიმართა ასეთი ტექსტით “გიორგი ნარმანიას მოუსმინეთო“. ამის შემდეგ განხორციელდა ჩემი მისვლა მანდ. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრებისეული სიახლეები და მე ყოველთვის ვამბობ, რომ „მხოლოდ ქართულის“ ათეულში მოხვედრა დიდი საქმეა და ამის ფუფუნება ბევრს არ აქვს.

- პროექტ „მხოლოდ ქართულის“ შემდეგ ძალიან პოპულარული გახდი. როგორ შეეჩვიე პოპულარობას და რა შეიცვალა პროექტის შემდეგ შენს ცხოვრებაში?

- პოპულარობა მარტივი არ ყოფილა. სასიამოვნოა, როდესაც ქუჩაში გადიხარ, გეფერებიან და გკოცნიან. ამ პროექტმა პიარი გამიკეთა, ცუდიც და კარგიც ორივე პიარია. (იცინის) ჩემსკენ უფრო კარგის მხრივ განვითარდა ყველაფერი. რა მოხდა და როგორ, ამას ხაზს არ გავუსვამ, არ ზის ჩემს კომპეტენციაში, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ამ ყველაფრით მე უფრო წარმოვჩნდი ხალხში, როგორც სიყვარულით სავსე ადამიანი და ეს მახარებს.

- შენმა პროექტიდან წასვლამ დაბნეულობა გამოიწვია, განსაკუთრებით ნუცას ემოციის გამო. იყავი თუ არა, ნაწყენი ნუცაზე?

- იცით, მე ნუცას საქციელს ბავშვურად არ მივუდგები და არანაირი წყენა არ მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა ეს ქმედება და საზოგადოება კი აჟიტირდა. ნუცა სხვანაირად ხსნის ამ ყველაფერს. მე მეორე დღეს ფინალში მივედი ნუცა ჩავიხუტე და ისეთივე მეგობარი ვარ დღეს, როგორც ვიყავი მანამდე. არ ვარ ის ტიპი ბოღმა ჩავიდო გულში... როგორც არის არის... საზოგადოებამ რა როგორ მიიღო ეს საზოგადოებაში დარჩეს. „ჩემი გავარდნა ნუცას აწყობდეს“, ეს ცოტა უაზროდ მიმაჩნია, თუმცა შეიძლება, რადგან კონკურენციაა და ეს ბუნებრივია. ნუცას კარიერა აქვს წინ და ამ ქმედების გამო ნუ დათრგუნავთ.

- საზოგადოების ნაწილი ამბობდა რომ დაგაბულინგეს, რასაც მეორე ნაწილი არ ეთანხმებოდა. როგორ ფიქრობ, უსამართლოდ მოგექცნენ?

- კი, ერთის მხრივ უსამართლოდ მომექცნენ და მეორეს მხრივ ამ ყველაფრით უფრო გამაპიარეს და წარმომაჩინეს. არც ამას ვიდებ გულში. ზოგადად, როგორიცაა შინაგანად ადამიანი, ისე გამოხატავს ამას საქციელში. ეს სცენაზეც გამოჩნდა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ღირსეულად მოვედი ამ პროექტში და ღირსეულად დავტოვე ის.

- გულწრფელად დაუწერე შენს თავს 10 ქულა, თუ პრინციპული გადაწყვეტილება იყო?

- კონკურენცია იყო ძალიან დიდი, ჩემს ადგილას შეიძლება ვიღაცას ოცი ქულა დაეწერა. სამი რაღაც გავიაზრე: მე სხვისთვის საშუალება რომ მიმეცა, შანსი იქნებოდა იმის, რომ დაეწერა ერთიანი და რატომ? უსამართლო იქნებოდა ეს ყველაფერი.

მეორე: მე რომ დამეწერა დაბალი ქულა, იტყოდნენ გიორგი ნარმანიას საკუთარ თავს არ აფასებსო.

მესამე: კონკურენცია იყო დიდი და მიუხედავად ზეწოლისა, მე ჩემს თავს დავუწერე ათიანი და სწორადაც მოვიქეცი!

- როგორც ვიცით დაოჯახდი. როგორი დამოკიდებულება აქვს შენს პოპულარობასთან და თაყვანისმცემლებთან მეუღლეს?

- ჩემი მეუღლე ისეთი მეგობარია ჩემთვის, ერთი პროცენტითაც კი არაა ეჭვიანი (საბაბსაც არ ვაძლევ რა თქმა უნდა, თორემ საბაბი თუ მიეცი ნებისმიერი ადამიანი ეჭვიანი იქნება). მე სამეგობროში უმეტესად გოგონები მყავს, ამას ძალიან გაგებით ეკიდება და ნორმალურად იღებს. ყველაზე მაგარი მხარდამჭერი მყავს! ოჯახის წევრებთან ერთად რა თქმა უნდა. ერთმა ცნობილმა ადამიანმა თქვა, რომ ნარმანია ქედმაღალიც არის და ფულიანიც, ამიტომაც ყავს ამდენი გულშემატკივარიო (იცინის) არადა, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. პოლიტიკოსის ან ბიზნესმენის შვილი არ ვარ. უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც გამოვიდა პროექტში ღირსეულად და დატოვა ის ღირსეულად.

- გარდა სიმღერისა, რაიმე ნიჭი თუ გაქვს?

- კი, ძალიან კარგად გამომდის კერძების მომზადება. მინდოდა მეორე პროფესიის აღება შეფ-მზარეულობის. ამას სამომავლოდ შევინახავ, ამ ეტაპზე იმდენი სამსახური დამიგროვდა, ფიზიკურად ვეღარ მოვახერხებ.

- შენი იუმორით გაჯერებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, საზოგადოებამ უფრო მეტად შეგიყვანა. არ გიფიქრია შენი თავის ამ კუთხით განვითარებაზე?

- მინდოდა თეატრალურში ჩამებარებინა, მაგრამ მიზეზების გამო აღარ გადავდგი ეს ნაბიჯი. კი მაქვს სამსახიობო ნიჭი, იუმორის კუთხით, ჯიმ ქერისაც მეძახდნენ (იცინის). ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობია ჯიმ ქერი. ხალხმა სწორად შეაფასა ჩემი იუმორიც, ხასიათიც, სასიმღერო მონაცემიც და ეს მთავარია.

- როგორ ფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში, ეძლევა ხელოვანს საშუალება თავისი ნიჭი სრულად წარმოაჩინოს?

- არა, არ ეძლევა. მე როგორც მუსიკოსი, ოჯახი რომ ვარჩინო, ბევრ ადგილას მიწევს მუშაობა. ხელოვანი ადამიანები იმიტომ მიდიან უცხოეთში, რომ იქ დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი და სახელი. მაგალითად: ქეთი მელუა, ნათია თოდუა... თეატრალური კვარტეტი... რატომ?! იმიტომ, რომ აქ ფინანსები არ არის. აქ არ აფასებენ მომღერლებს. არ უხდიან შესაბამის თანხას. საარსებო მინუმუმსაც კი არ ეყოფა ის, რასაც დღეს მომღერალში იხდიან.

- რას გეგმავ სამომავლოდ და უკავშირდება თუ არა შენი გეგმები საქართველოს?

- მე ვაპირებ უცხოეთშიც გავკვალო გზები. მე ვერ შევძლებ უცხოეთში საცხოვრებლად წასვლას, მაგრამ ფინანსური კუთხით იქ წასვლა ძალიან დამეხმარება. დრონი.ჯი-სთვის ექსკლუზიურად ვიტყვი, რომ შემდეგი კვირიდან ვიწყებ სოლო დისკის ჩაწერებს.

ამ დისკით პასუხი გაეცემა ბევრ ვიღაცას. პროექტში ბევრი უარყოფითი რაღაცები წამოიჭრა ჩემდამი, მაგრამ, მე განზრახ არ ვპასუხობდი კითხვებს. ყოველთვის გეგმაში მქონდა ნამუშევარი, რომლითაც ამომწურავ პასუხს გავცემდი ყველას. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ქეთი მელუასთან ჩავწერო დუეტი. ასევე სურვილი მაქვს კონცერტები ჩავატარო უცხოეთში ემიგრანტი ხალხისთვის და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს შევძლო.

კომენტარი

×