სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადაფის ერთ-ერთი ვაჟის girlfriend-ს მეამბოხეები ცოცხლად დაწვას უპირებდნენ

გლამურულმა მოდელმა და კადაფის ვაჟის გელფრენდმა, “პლეიბოის” ყოფილმა სახემ ტრიპოლიში მისი ყოფნის ის საშინელი საათები გაიხსენა, როცა ლიბიელმა ამბოხებულებმა გაიტაცეს და ცოცხლად დაწვით ემუქრებოდნენ.

ტალიფა ვან ზონი, ჰოლანდიელი მოდელი, “ჯამახირიის” ლიდერის ერთ-ერთი ვაჟის - მუტასიმ კადაფის მეგობარი გოგონაა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ ის კადაფის ვაჟთან ერთად ვისკის წრუპავდა და ამბოხებულებზე გამარჯვების სადღეგრძელოს ამბობდა, მაგრამ მომდევნო დღეს ყველაფერი შეიცვალა: ნატოს საჰაერო დარტყმების შემდეგ ამბოხებულებმა ისევ შეუტიეს ტრიპოლის და, ბუნებრივია, მუტასიმიც დედაქალაქის დამცველთა რიგებს შეუერთდა.

ტალიფამ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ამას ვერ შეძლებდა, ტრიპოლიში დაბრუნდა და თავი სასტუმროს შეაფარა. იქ მას ამბოხებულებმა მიაგნეს, შეიპყრეს და სხვა “ბოევიკების” წინ დემონსტრაციულად ჩამოატარეს, თანაც ისე, რომ შილიფად ჩაცმულს ტანსაცმლის გადაცმის საშუალებაც არ მისცეს. “ისინი თვალებით მჭამდნენ და ყვიროდნენ: “ბენზინი, ბენზინი მოიტანეთ!” ძალიან შემეშინდა, რადგან მივხვდი, რომ ცოცხლად დაწვის საფრთხის წინაშე ვიდექი”, - იხსენებს მოდელი. მან თავგანწირული ნაბიჯი გადადგა: გაქცევის მიზნით სასტუმროს აივნიდან გადახტა.

“მე შეძრული ვიყავი, როცა მუტასიმს თებერვლის არეულობის დაწყების შემდეგ პირველად შევხვდი ”, - უთხრა ტალიფამ “სანდეი ტელეგრაფს” საავადმყოფოში, სადაც იგი ჯერაც მკურნალობს და შოკიდან გამოდის.- “ის წვერმოშვებული, კბილებამდე შეიარაღებული იჯდა სავარძელში და მოღუშული სახის, დაახლოებით 16 წლის ბიჭები იცავდნენ”.

რომანტიკა რომანტიკად, მაგრამ “პლეიბოის” მხიარული გოგონასთვის არც ისე მიმზიდველი აღმოჩნდებოდა მამამისის პორტრეტის გვერდით მჯდარი მუტასიმის სახება, რომელიც ტალიფამ 2004 წელს გაიცნო. მართალია, მათი რომანი სულ რაღაც სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ ტალიფა ირწმუნება, რომ მუტასიმის ცხოვრებაში სხვა ქალების არსებობის მიუხედავად, ისინი კარგ მეგობრებად მაინც რჩებოდნენ. მოდელმა ის თვალწარტაცი საჩუქრები და სიურპრიზები გაიხსენა, რასაც კადაფის ვაჟი ჩუქნიდა და უწყობდა. მაგალითად ის, თუ როგორ მოგზაურობდნენ ისინი თითქმის მთელ მსოფლიოში.

მისი თქმით, მონაკოში, როცა ის გრან-პრიზე წარადგინეს, საზეიმო სადილს პრინცესა კაროლინაც ესწრებოდა, რაც მუტასიმ კადაფის გავლენის წყალობით მოხდა. სულ ცოტა ხანში კი, ზამთრის პერიოდში, წყვილი კერძო “ბოინგით” კარიბის ზღვის კუნძულებზე გაფრინდა და იქაური ბუნებით ტკბებოდა. ამავე დროს, მხოლოდ კადაფის ვაჟს შეეძლო, ლონდონსა და პარიზში ყოფნისას ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების რამდენიმე სართული დაექირავებინა, ოთახები მეგობრებით გადაევსო, ხოლო სტილისტები იტალიიდან ან მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან თვითმფრინავით ჩამოეყვანა:

“ერთხელ მას ვკითხე, რა თანხა დახარჯა. მუტასიმმა რამდენიმე წამი ითხოვა მოფიქრებისთვის და ბოლოს მითხრა: “სადღაც, 2 მილიონ დოლარამდე”. “ერთი წლის ხანგრძლივობას გულისხმობ?”, - ვკითხე მე. “არა, ერთ თვეში”, - მიპასუხა მუტასიმმა.”

ბოლოს ტალიფა ტრიპოლიში, მუტასიმის იმ ფეშენებელურ სახლში იმყოფებოდა, რომელიც სანაპიროზე მდებარეობს. მისი თქმით, ლიბიის ლიდერის ვაჟს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეც ესაუბრებოდა: “ის ყოველთვის მგზნებარედ უარყოფდა, რომ ლიბიელი ხალხი იტანჯებოდა და ამბობდა, რომ ქვეყანაში ხალხს უფასო სამედიცინო მომსახურება და განათლება, ხელმისაწვდომ ფასად პური და ბრინჯი ჰქონდა”, - იხსენებს ჰოლანდიელი მოდელი, მაგრამ ამატებს, რომ შეძრა სცენამ, როცა მუტასიმმა ერთხელ მსახური გალანძღა, რადგან ამ უკანასკნელმა გაციებული კერძი მოიტანა. “მან ის აიძულა, კუთხეში დამჯდარიყო და ის კერძი მთლიანად შეეჭამა”, - ამბობს მოდელი.

ტალიფა იმასაც იხსენებს, რომ მუტასიმ კადაფის ყველაზე მეტად ადოლფ ჰიტლერი, უგო ჩავესი და ფიდელ კასტრო მოსწონდა და მათ მსგავს წარმატებებზე ოცნებობდა, მაგრამ ამის მიხედავად, მან მთელი ცხოვრება უფროსი ძმის, საიფ ალ-ისლამ კადაფის ჩრდილქვეშ გაატარა, რომელსაც თავიდანვე თვლიდნენ მუამორ კადაფის მემკვიდრედ.

ბოლოს კი ჰოლანდიელმა მოდელმა საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა: “მუტასიმმა დამიდასტურა ლიბიის როლი ლოკერბის ტერაქტთან მიმართებაში (შოტლანდიაში მდებარე ამ ქალაქში 1988 წელს “ბოინგი” ააფეთქეს) და მითხრა, რომ ეს შურისძიების მიზნით გაკეთდა. როცა შევახსენე, რომ იმ ტერაქტის დროს უდანაშაულო ხალხი დაიღუპა, მან პასუხად მითხრა: “ტალიფა, ამერიკელები თავს დაესხნენ ჩვენს სახლს ტრიპოლიში და მამამ ამ თავდასხმის დროს (კადაფის ვაჟი 1986 წელს კადაფის რეზიდენციაზე მომხდარ საჰაერო თავდასხმას გულისხმობდა) შვილი დაკარგა”.

ჰოლანდიელი მოდელი ამბობს, რომ მუტასიმი ბოლოს პარასკევს ნახა, როცა ამბოხებულებმა ისევ დაიწყეს ტრიპოლის შტურმი. კადაფის ვაჟმა ქალი სახლში დატოვა და მებრძოლებს გაჰყვა, ხოლო ტალიფა ვან ზონმა ლიბია ჰუმანიტარული მისიით ჩასული გემით დატოვა - მას მალტაში გაჰყვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100