სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის გოგო, რომლის ხმამაც მთელი საქართველო დაიპყრო?

მეგობრების წრეში, სუფრასთან, გიტარის ფონზე ნამღერით მასავით პოპულარული საქართველოში ჯერ არავინ გამხდარა. უკვე ერთი კვირაა რაც მთელი ქართული ინტერნეტსივრცე სალომე ტეტიაშვილის სიმღერას უსმენს, "აშეარებს" და აღფრთოვანებულია. droni.ge-მ სცადა გაერკვია ვინ არის უკვე ძალიან პოპულარული, მაგრამ საზოგადოებისთვის მაინც უცნობი გოგონა, სწორედ ამიტომ, ჩვენ მასთან სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ.

მოდი მოკლედ გაგვაცანი საკუთარი თავი

19 წლის ვარ, ვცხოვრობ თბილისში, ჩემი მუსიკალური განათლება მოიცავს მხოლოდ იმას, რომ 7 წელი დავდიოდი ვიოლინოზე, ახლა ვსწავლობ გიტარას, ასევე მხოლოდ 2 თვე დავდიოდი ვოკალზე, სამწუხაროდ ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული და 2 თვეზე მეტი ვერ მოვახერხე. დავამთავრე 195 სკოლა, შემდეგ ვიყავი გაცვლითი პროგრამით გერმანიში, სადაც ერთ-ერთ გერმანელი ჩემი ხმით დაინტერესდა და უნდოდა „ჩემში ფული ჩაედო“, მაგრამ სამწუხაროდ ეს ამბავი არ გამოვიდა. ამჟამად არ ვსწავლობ არსად, თუმცა ვფიქრობ, რომ დაგვიანებული არაფერია და ყველაფერი წინ მაქვს...

სალომე ელოდი თუ არა ამხელა გამოხმაურებას და შენი დამოკიდებულება როგორია ამ ყველაფერის მიმართ?

ნამდვილად არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ეს ვიდეოები არ გამოქვეყნებულიყო ინტერნეტსივრცეში, იმიტომ რომ არასდროს არ მომწონს ჩემი ნამღერი, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა აეტვირთათ. ისინი ცდილობდნენ დამხმარებოდნენ, რომ იქნებ რამე გამოსულიყო. შემდეგ ამ ყველაფერმა მართლაც გაამართლა, იმიტომ, რომ დადებითი დამოკიდებულება, სიყვარული წამოვიდა საზოგადოების მხრიდან. მწერდნენ, რომ ძალიან კარგად ვმღერი, აზიარებდნენ ჩემს ნამღერს ფეიბუქზე და მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან მესიამოვნა და გამიხარდა. ვერ ვიტყვი რომ ეს პოპულარობაა მაგრამ ძალიან გახარებული ვარ და ჩემი მეგობრების დამსახურებაა ეს რაც ახლა ხდება ჩემს თავს. ხალხის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება არის ყველაზე დიდი ბედნიერება ხელოვანი ადამინისთვის, იმისთვის ვინც რაღაცას ქმნის.

საქართველოში ბევრი მუსიკალური პროექტია, არ აპირებ რომელიმე მათგანში მონაწილეობას?

კი პირველ „ახალ ხმაში“ და „საქართველოს ვარსკვლავში“ ვცადე ბედი, შესარჩევ ორ ტურში კი გავედი, თუმცა არ ვიცი რა მემართება, ისე ვნერვიულობ ხოლმე, რომ ვერ ვარ საბოლოო ჯამში მომზადებული. მწვრთნელებსა და ჟიურის წევრებს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ იმაში, რომ არ ამირჩიეს, რადგან პრობლემა ჩემშია.

მომავალში აღარ აპირებ საკუთარი ძალების ხელმეორედ მოსინჯვას მსგავს კონკურსებში?

სურვილი რათქმაუნდა ძალიან დიდი მაქვს, თან ის მომენტიც არ მაქვს რომ ფარხმალი ადვილად დავყარო. ჩემი აზრით იქამდე უნდა სცადოს ადამიანმა, ვიდრე თავის მიზანს არ მიაღწევს, მაგრამ, ჯერ ფსიქოლოგიურად მჭირდება მომზადება და ალბათ ამის შემდეგ კიდევ ვცდი ბედს და რომელიმე პროექტშიც მიხილავს საზოგადოება. ამის დიდი იემდი მაქვს... დანებებას ნამდვილად არ ვაპირებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100