ანა ივანოვიჩი ამერიკელებმაც აღიარეს

ცნობილი სერბი ჩოგბურთელი ქალი – ანა ივანოვიჩი აგრძელებს ჩვენი პლანეტის მამაკაცთა გულების დაპყრობას და ეს ჩოგბურთის თამაშზე არანაკლებ კარგად გამოსდის. 25 წლის ლამაზმანი, პოპულარული ევროპული ჟურნალების ყდების მუდმივ მშვენებად ითვლება და მის გამო, სხვადასხვა პიარ-სააგენტოებს შორის დიდი ომია ატეხილი, რამეთუ ყველას სურს, რომ მისი ბრენდის სარეკლამო თუ პიარ-სახე სწორედ მშვენიერი ანა გახდეს.

თუკი, აქამდე ანა ივანოვიჩის პერსონით ევროპული ფირმები ინტერესდებოდნენ, ივანოვიჩის პოპულარობა ბოლო დროს კიდევ უფრო გაიზარდა და დედამიწის მეორე ნახევარსფეროს ”ფულიანი ძიებიც” არ ჩამორჩნენ სხვებს - პოპულარული საავტომობილო ფირმა ”ფორდის” ამერიკული წარმომადგენლობა ანა ივანოვიჩს რამდენიმე დღის წინ სახლში ესტუმრა და 4-მილიონდოლარიანი კონტრაქტი შესთავაზა.

ამ კონტრაქტის (თუკი კონტრაქტზე ხელისმოწერა შედგა) მიხედვით, ანას რამდენიმე სარეკლამო კლიპში გადაღება დაევალება და სამი წლის მანძილზე, მხოლოდ ამერიკული ”ფორდის” საჭეს უნდა მიუჯდეს. მიუხედავად ესოდენ მაცდური წინადადებისა, ანა ივანოვიჩსა და მის აგენტს ”ფორდის” წარმომადგენლებისათვის გადამჭრელი თანხმობა ჯერ არ უთქვამთ.

ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ანა ივანოვიჩი ამჟამად სხვა კომპანიების სახეცაა და ახლა, ანა და მისი აგენტი იმის გამორკვევას ეცდებიან, ”ფორდთან” კონტრაქტის ხელისმოწერის შემთხვევაში, ხომ არ მოხდება კომპანიებს შორის ინტერესების გადაკვეთა, რაც კომპანიებზე არანაკლებად ანას მზარდ იმიჯს დააზარალებს.

კომენტარი