"ბევრი ოქრო წაიღეთ, გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება"

სტამბოლის გარეუბანში მოხუცი სულეიმანის მოყოლილი ამბავი, სადაც გურჯების, ანუ ქართველების არცთუ სახარბიელო დახასიათება გაკრთა, დროდადრო იძენდა აქტუალობას. აქტუალური იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა არც მოხუცი სულეიმანი იყო დაბადებული და არც ალი-მირზა, რომელიც, თავის მხრივ, ქართველებზე ომან-ფაშას შეხედულებებს იზიარებდა და ეთანხმებოდა - ჯერ კიდევ ბევრი საუკუნით ადრე არ ჰყავდათ ქართველებს ბადალი ღალატში და მთელი საქართველოს ისტორია სწორედ ამის დასტურია, რადგან თუ რომელიმე ძლიერი მეფე გვყოლია, მის სიძლიერეს, პირველ რიგში, სწორედ შინაგამცემთა წინააღმდეგ გადადგმული მკაცრი ნაბიჯები განაპირობებდა. ძელზე გასმა და თვალების დათხრა ის სასჯელი იყო, რომელსაც მოღალატე მეფისგან ღებულობდა, ხოლო წყველა და ანათემა მის გვარს სდევდა თან.

ყოველგვარი განზოგადების თავიდან ასაცილებლად ვიტყვი, რომ საუბარია იმ პიროვნებებზე, რომლებიც შეგნებულად ადგებოდნენ ღალატის გზას და არა მათზე, ვინც ამ ღალატის შესახებ არაფერი იცოდა, ან არ სჯეროდა და ვთქვათ, განდგომილ მთავარს მისი დეკლარირებული იდეების, ან პიროვნული სიმპათიის გამო უჭერდა მხარს...

ამასთან, შაჰის ხალათის პირგაბადრულად მატარებლები საქართველოში მუდამ მრავლად იყვნენ და მრავლად არიან, თუმცა, ახლა "შაჰის ხალათი" სხვა სახის ინდულგენციებითაა ჩანაცვლებული და თუ მანამდე შაჰის სადიდებლად, მისი მორჩილების გამოსახატავად ცხრა მთას იქეთ გამგზავრება იყო აუცილებელი, ახლა ამ ამბავს მეზობელი სახელმწიფოს დედაქალაქში გადაფრენა და "პოკლონნაია გორაზე" ერთი-ორი კურცხალის გადმოგდება "აგვარებს". ბოლო დროს საქართველოში მომხდარმა ამბებმა ბევრს გაუჩინა შეგრძნება, რომ "ფული, ბაბა, ბევრი ფული" დღესაც ძალიან აქტუალურია, თუმცა, ერთი, მნიშვნელოვანი განსხვავებით: კიკუსგან განსხვავებით, ქართველები არც კი ვყოყმანობთ ხოლმე...

"დრონი.ჯი" გთავაზობთ ფრაგმენტს ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან "რაჰათ ლუხუმი", რომელსაც აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს:

"მე, საუბარი რომ პირდაპირ საჭირო საგნისკენ წარმემართა, ვკითხე, ამბობენ, გურჯებში მრავალი მოღალატის პოვნა შეიძლება, და თუ მართალია-მეთქი. ამაზე ალი-მირზამ გაიღიმა და მომიგო, ბუნებით ყველა გურჯი მოღალატეა, ოღონდ ეგ არის, ზოგს ეძლევა ღალატის საშუალება და ზოგს არაო, – მერე დაუმატა, – მაგრამ მოღალატესთან საქმის დაჭერას სიბრძნე სჭირდება, რადგან, ვინც მოყვარეს უღალატებს, ის მტერსაც უღალატებს, შენი მტრის მოღალატე ან უნდა მოკლა ან ძალიან დიდი ჯამაგირი გაუჩინოო. ბრძენი იყო ალი-მირზა, თანაც გურჯებსა და გურჯისტანს, ჩანს, მართლა კარგად იცნობდა. შურიანები არიანო, გვითხრა, ერთიმეორის სიკეთე მოსვენებას უკარგავთ და, ვინც მათს ამ თვისებას ბრძნულად გამოიყენებს, როცა დასჭირდება, ერთმანეთს იოლად გადაჰკიდებსო.

გურჯი უნდა აქოო, დაგვარიგა, თავი ისე უნდა მოაჩვენო, ვითომ შენ იმის ფერხთა მტვრად არა ღირხარო, გურჯი გულუბრყვილოა, თანაც გადამთიელის ნათქვამს ყოველთვის უფრო იოლად იჯერებს, ვიდრე თავისიანისას, ამიტომ სწრაფად მოგენდობა და შეუყვარდები, ხოლო რაკი შენ შეუყვარდები, საკუთარი ძმა შესძულდება, რადგან ერთი გურჯის გულში ორი სიყვარული ვერ ეტევაო. გურჯების უგუნურობა ყვეელაზე უკეთ მათს ამპარტავნობაში ჩანსო; თავიანთ ურიცხვ ნაკლს ისე სასოებით მალავენ, თითქოს ერთი რამ ძვირფასი საგანძური იყოს; ყველაფერი შეიძლება გაპატიონ, მაგრამ მათი ნაკლი თუ შეამჩნიე, ამას არამც და არამც არ გაპატიებენ, ამიტომ თავი ისე დაიჭირეთ, ვითომ გურჯისთანა სრულქმნილი თქვენს დღეში არავინ გენახოთ; ამით ორ რამეს მიაღწევთ – მორჩილებაშიც გეყოლებათ და თავის უთვალავ ნაკლსაც ვერასოდეს მოიშორებსო.

ოქრო წაიღეთ გურჯისტანშიო, გვირჩია, ბევრი ოქრო წაიღეთ, გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება, ხოლო რაკი მონად გაგიხდება, არც ოქროს დაკარგავ, რადგან შენი მონის ოქრო იგივე შენი ოქროა. გახსოვდეთ, მაძღარი გურჯი კარგი გურჯია, მაძღარ გურჯს ბრძოლა არ უყვარს, მაძღარ გურჯს მხართეძოზე წოლა და სლოკინი უყვარსო.

მე სულთნის ლაშქარში მრავალი გურჯი მენახა, რომელთაც ომებში დიდად გაეთქვათ სახელი, ამიტომ ვკითხე, ბრძოლა როგორი იციან-მეთქი. ბრძოლა კარგი იციანო, მომიგო ალი-მირზამ, მაგრამ ისეთი არა, როგორც ღალატი, ღალატის ხელოვნებაში მაგათ ბადალი არა ჰყავთო, ისე კი, სხვის ლაშქარში უფრო მონდომებით იბრძვიან, ვინაიდან უცხოთა წინაშე თავის გამოჩენა უყვართო..."

მოთხრობის სრული ვარიანტი "ლიბ.ჯი"-ზე.

კომენტარი