სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თითო ლექსით თქმული სათქმელი: თინათინ მღვდლიაშვილი და ნოდარ ჯალაღონია

ხსენებულ რუბრიკაში დღეს შეიძლებოდა კორექტივი შეგვეტანა, რადგან ორი პოეტური ნაწარმოებია დაბეჭდილი და თუ არ შეგვაქვს, იმიტომ, რომ ორივე მათგანი მსგავსი სათქმელით არის დაკავშირებული.

თინათინ მღვდლიაშვილის ლექსში 25 თებერვალს საქართველოში შემოჭრილი რუსი ბოლშევიკების ყაჩაღთა ურდო გაერთმნიშვნელიანებულია 6 იანვრის ქართველ დამაქცევართან. პოეტისათვის სამძიმოა წარსულის ტრაგედიის გახსენება, მაგრამ ორმაგად მტკივნეულია საკუთარ თავზე წვნეული ღალატის განცდა თვისტომისაგან და იმის შეგრძნება, რომ თავისუფლებისათვის ერთ საუკუნეში ხელმეორედ გამოღვიძებული საქართველო მისივე უმადურმა და უდიერმა შვილებმა დაწიხლეს ფეხით!

ნოდარ ჯალაღონიაც თავის ლექსში ასევე, რუსული სასანგრე ნიჩბებით დაღუპულ ქართველებს კი აღარ დასტირის მარტოდენ – თანამემამულეთაგან დახოცილი ქართველები ედარდება – ლექსი 1992 წლის იანვარში არის დაწერილი, როდესაც ახლო წარსულის განსაცდელი გამძაფრებულია ერის უღირს შვილთაგან ღირსეული მამულიშვილების შეუბრალებელი ჟლეტითა და დედა–სამშობლოს დამხობითა და განადგურებით!

თინათინ მღვდლიაშვილი

25 თებერვალი – 6 იანვარი

რეკავენ, რეკავენ გველები ქვიშაზე,

გრგვინავს და გრიალებს ქარბუქი აშარი,

წითელი დროშებით სისხლიან მიწაზე,

წითელი ცხენების მოგელავს ლაშქარი.

რეკავენ, რეკავენ გელათის ზარები,

ითვლიან ზარები სისხლიან ნაბიჯებს,

სიმწრისგან ბდღვინავენ უმწეო ხარები –

ცხენები ლეწავენ თბილისის კარიბჭეს.

ქუხან, ღრიალებენ წითელი ორკესტრები,

ცხენები ცეკვავენ სისხლიან ფლოქვებით,

წითელი დროშებით, წითელი დაჟინებით,

მოქრიან წითლები ნგრევით და ომებით.

ქუჩაში მეძავი დაძრწის დაოთხილი,

თვალები მიუგავს დამშეულ ავაზას,

დგას ფარისეველი სისხლში ამოთხვრილი

და გუნდრუკს უკმევენ ცვედანნი ავაზაკს.

ხოხავენ, ხოხავენ მუხლზე ჯამბაზები,

ურცხვი აღტკინებით კნავიან კატები,

ცრემლით ავსებულა წმინდა ემბაზები,

გმინავენ, გმინავენ მართალთა საკნები.

და იღვრება, იღვრება სისხლი უძველესი,

და გრგვინავს და გრიალებს ქარბუქი აშარი!

წითელი შემართებით, წითელი დაჟინებით,

წითელი ცხენების ზეიმობს ლაშქარი!

1996 წელი. სურწყუნისის 10

ნოდარ ჯალაღონია

9 აპრილს დაღუპულებს

განა თქვენს ხვედრზე და ბედზე ვგოდებ,

დებო და ძმებო, თქვენს იღბალს ვნატრობ.

სხვა სანატრელი რა უნდა მქონდეს

ამ დანგრეული თბილისის პატრონს.

როცა რუსთველზე ტყვიები ჰყრია

და ცრემლებია ტყვიებზე მეტი,

კი, სანატრელი ნამდვილად კია

თქვენებრ სიკვდილი და თქვენი ბედი.

ის 9 აპრილი კვლავ თვალწინ მიდგას,

როცა ვიყავით ღმერთთან და ერთან,

დაჭრილთ მალამოდ ვადებდით სიტყვას,

სისხლს და სიყვარულს ვაძლევდით ერთად.

ყველა სიხარულს და ყველა ტკივილს

თავისუფლების სახელი ერქვა,

ასე ერთმანეთს ვიცავდით კბილით

და რუსთაველზე ვიდექით ერთად.

ახლა ის სისხლი, ჩვენივე სისხლი,

გადავაწვიმეთ თბილისის ქუჩებს.

სირცხვილს რა ვუყოთ, რა ვუყოთ სირცხვილს,

სიკვდილს კიდევაც რომ გადავურჩეთ.

როცა ქართველს კლავს ქართველის ტყვია,

ქართველი კვდება ქართველის ხელით,

კი, სანატრელი ნამდვილად კია

ის თქვენი ბედი და თქვენი ხვედრი.

1992 წლის იანვარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100