ქალი ძაფებით

უცნაური სათაურია, არა? ამჯერად იმ კრეატიულ ადამიანზე მინდა გესაუბროთ, ვისაც ასეულობით ადამიანი ჰყავს ,,გათოჯინებული”.

ჩვენი შეხვედრა თბილისში შედგა, ახვლედიანის ქუჩაზე ,,ფინჯანი ჩაის” მომიზეზებით ვირტუალური მეგობრები შევხვდით ერთმანეთს და აქვე დავამატებ, რომ ქართული ბუნებიდან გამომდინარე, ჩაის ყავაც დაერთო და ღვინოც. ზუსტად მეორე დღეს ქალბატონ გულნარა სვანიძეს პერსონალური გამოფენა ჰქონდა თბილისის საკრებულოს ფოიეში. მასპინძელი ოჯახის დიასახლისმა შემატყო, თუ რამდენად მინდოდა გულნარას წინასწარ გაცნობა და საჩქაროდ დავპატიჟეთ. ქალბატონმა გულნარამ დათქმულ დროზე მოგვაკითხა ალუბლის ტორტით (მანაც ისევე კარგად იცოდა ჩემი ,,ტორტიჭამიობის” ამბავი, როგორც ჩემი მეგობრების უმეტესობამ) და ზამთრის ერთი ჩვეულებრივი საღამო ძალიან ლამაზად დავასრულეთ.

მანამდე ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ ელექტრონული მიმოწერით ვიცნობდით. მას სჭირდებოდა რამდენიმეგვერდიანი ნაშრომის კორექტურა, რაზეც უყოყმანოდ დავთანხმდი. დაკისრებულს თავი გავართვი და უახლოესი მეგობრებიც გავხდით. კორექტურა ჩემთვის ჩვეულებრივი და სასიამოვნო საქმე გახლავთ, ჯერ იმის გამო, რომ ვიღაცას ვადგები და მეორეც - პირველი მკითხველის სასიამოვნო განცდაც მახლავს ხოლმე.

აქვე წავიტრაბახებ და გულნარა სვანიძის მოქსოვილი პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად გამიმართლა, ჯერ იმის გამო, რომ გამოფენაზე ჩემი თოჯინა გაიყიდა და როგორც სხვა დანარჩენი შემოწირულობანი ,,ჩემში აღებული” თანხა დაემატა გულნარას ექსპონატების ღირებულებებს და ერთ უპატრონო ბავშვთა სახლს გადაეცა. ამ თანხით რაღაც ელემენტარული პრობლემა მაინც მოუგვარდებოდა პატარებს... გულნარას, ბუნებრივია, ეს მაინცდამაინც არ ესიამოვნა, რადგან მეორედ ისეთი ,,მკვეთრი ფრენდის” მოქსოვა, როგორიც მე ვარ, ნამდვილად გაუჭირდებოდა, თან ნაქსოვის გამეორება შეუძლებელია და ამას ვამატებდი კიდევ იმასაც, ჩემი ცხვირის მოქსოვას ბევრი მასალა სჭირდება ნამდვილად, ამავდროულად ,,კოროლურ” ხარისხში ვითხოვდი მოქსოვას(იმედია, ხუმრობის ელფერი ადევს ბოლო წინადადებებს).

ქალბატონი გულნარა ამჯერადაც იტალიაშია და ჩვეული ქართველის შრომით ეწევა ცხოვრების მძიმე უღელს. თავისუფალ დროს ბუნებრივი მასალებით კონსტრუირებას უთმობს ან ქსოვს... ქსოვს ბევრს და ბევრისთვის, არასდროს კამათობს და არასდროს ზედმეტობს. მისი გამოჩენა ინტერნეტსივრცეში თავისთავად საჩუქარია, დადებს ახალ ფოტოს, სადაც მისი მორიგი ,,მსხვერპლია” აღბეჭდილი და ამ ,,მსხვერპლის” ამოძახილიც მზადაა: ,,როგორ მგავს!”

ნამდვილად არ მაქვს დათვლილი მისი თოჯინების რაოდენობა, მისი მოქსოვილია რეალური და არარეალური პერსონაჟები, ფეისბუქელების გვერდით სახელმწიფო მოღვაწეებს, ლიტერტურულ პერსონაჟებს და ხელოვანებს ნახავთ, მათი ხილვისას კი სახეზე ღიმილი აუცილებლად აღგებეჭდებათ.

არ შემიძლია არ ვთქვა ერთიც: გულნარა მუდამ ცდილობს ადამიანის გახარებას. ბუნებრივია, რომ გულნარას შესაძლებობები მატერიალური თვალსაზრისით დიდი არაა, მაგრამ სულ ცდილობს რამით გაახაროს ადამიანი: მის მიერ გამოგზავნილ საჩუქრებს გულნარას თბილი განწყობა ახლავს, თორემ ახლა ვიღას უკვირს შოკოლადი, ზეთისხილი თუ დასავლური ნებისმიერი პროდუქტი?

დანამდვილებით ვიცი, რომ გულნარა მალე ნანატრ ფოტოაპარატს აჩუქებს მეგობარს, მეც ველოდები მისგან იტალიური ყვავილების და ბონსაი-ბროწეულის თესლებს, რომელიც წარმატებულად აღმოცენების შემთხვევაში უნდა გადავუნაწილო მეგობრებს. ამას გარდა, რასაც ის აკეთებს, ყველაფერი არ ვიცი და რომც ვიცოდე, გამოქვეყნების უფლებასაც არ მომცემს.

გულნარას ფანტაზიისა და მარჯვე ხელების იქით ცოტა იცნობს, როგორც პედაგოგსა და შემოქმედს. ეს უკვე შეგიძლიათ ჩემს საყვარელ ვებგვერდ ლიბ.ჯი-ზე ნახოთ. აქვე ჩემი თავიც ,,ჩავაკვეხო”, მისი შემოქმედების კორექტურა ჩემი ნახელავია (ესეც მსუბუქი იუმორი თუ თავგამოჩენისკენ მუდმივი სწრაფვა).

მომავალ შემოდგომაზე გულნარა თავისი ექსპონატებით ისევ გააკეთებს გამოფენას, ხომ მოხვალთ, ბატონებო? განა მარტო გულნარასათვის, კეთილ საქმეთა ერთად საკეთებლად უფრო...

კომენტარი