თომა ჩაგელიშვილი: გრემში 400 წლის წინანდელი სამეფო ტუალეტი, ობსერვატორია და აკადემიაა

თომა ჩაგელიშვილმა უკვე დაასრულა მუშაობა ახალ დოკუმენტურ ფილმზე „გრემი“, რომლის პრემიერა „რუსთავი–2“–ის ეთერში სადღესასწაულო დღეების შემდეგ შედგება.

ფილმი 400 წლის წინანდელი კახეთის სამეფოს დედაქალაქის – გრემის ისტორიას ასახავს. როგორც სხვა ფილმებში, ჩაგელშვილი აქაც ნახატებს, გრაფიკას, ანიმაციასა და რეკონსტრუქციას იყენებს, რაც ფილმის ვიზუალურ მიმზიდველობას ზრდის. ტევადი სამუშაო თომამ 30 წუთში ჩაატია.

„გრემი უნიკალური ქალაქი იყო, ამის დამტკიცება ბევრი რამით შეიძლება. თქვენ წარმოიდგინეთ, 400 წლის სამეფო ტუალეტი ახლაც არის შემორჩენილი, რასაც სხვაგან, საქართველოში ვერ ნახავთ. გათხრების დროს გრემში ობსერვატორია და აკადემია იპოვეს. კახეთის სამეფოს დედაქალაქი გრემი 150 წლის განმავლობაში იყო. ასე განსაჯეთ, ქალაქი აბანოთი იწყებოდა – ჯერ უნდა გებანავა და მერე შედიოდი ქალაქში. ეს ერთგვარი პრევენციაც იყო, რათა ინფექცია არ გავრცელებულიყო“, – აღტაცებით საუბრობს ჩაგელიშვილი კახეთის სამეფოს დედაქალაქზე.

მართალია, ფილმი „ძვირი სიამოვნების“ პრინციპით გადაღებული გამოვიდა, მაგრამ ავტორს იმედი აქვს, რომ ამავდროულად – საინტერესოც. ჩვეული გულმოდგინებით, თომამ ყველა დეტალი შეისწავლა და გამოიყენა: სამხედრო აღლუმის წვრილმანები (ვინ მიუძღოდა ჯარს, სად შედიოდა აღლუმის ჩასაბარებლად მოსული მეფე პირველად) და მეფედკურთხევის რიტუალი, როგორც სანახაობა. თომა ცაგელიშვილი ამბობს, რომ ფილმზე მუშაობის დროს როგორც „ქართლის ცხოვრება“, ასევე შაჰ–აბასის ისტორიკოსის ისკანდერ მუნშინის აღწერილობა გამოიყენა.

მომზადებულია „პრაიმტაიმის“ მიხედვით

კომენტარი