სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბობ დილანი - განსაკუთრებული მოვლენა ხელოვნების ისტორიაში

ლეგენდარული მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი, მწერალი და მხატვარი ბობ დილანი 70 წლისაა.

ბობ დილანი განსაკუთრებული მოვლენაა თანამედროვე მუსიკის, და არა მარტო მუსიკის, ზოგადად ხელოვნების, ისტორიაში. მისი სიმღერა Like A Rolling Stone, ჟურნალ Rolling Stone-ს გამოკითხვით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 172-მა მუსიკოსმა და მუსიკათმცოდნემ, დასახელდა ყველა დროის 500 ყველაზე საუკეთესო სიმღერას შორის პირველ ადგილზე.

ამ სიაში ბობ დილანის კიდევ 11 ჩანაწერი მოხვდა (ბითლზის 23, როლინგ სტთოუნზის 14, ბობ დილანის 12, ელვის პრესლი 11 სიმღერით, ანუ ბობ დილანი მესამე ადგილზეა) ეს ძალიან სერიოზული მიღწევაა, მიუხედავად იმისა, ვინმე ეთანხმება თუ არა აღნიშნული ჟურნალის გამოკითხვის შედეგებს.

იმავე ჟურნალ Rolling Stone-ს მიხედვით ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის, რომლის შედგენაში 273 მუსიკოსმა და მუსიკალურმა კრიტიკოსმა მიიღო მონაწილეობა, ბობ დილანის ალბომი Highway 61 Revisited (1965 წელი) 4-ე პოზიციაზეა, Blonde on Blonde (1966 წელი) 9-ე ადგილზე, Blood on the Tracks (1974 წელი) 16-ე ადგილზე, Bringing It All Back Home (1965 წელი) 31 - პოზიციაზე, The Freewheelin' Bob Dylan (1963 წელი) 97-ე ადგილზე...

სულ, ამ სიაში, 500 საუკეთესო ალბომთა შორის, ბობ დილანის 33 ალბომიდან მოხვდა 10 ალბომი. ის მეორე ადგილზეა ბითლზების მერე, რომელთა 11 ალბომია აღნიშნულ სიაში. მესამე ადგილზეა როლინგ სტოუნზი, ასევე 10 ალბომი.

ბობ დილანი Rolling Stones-ზე უფრო წინ იმიტომ ითვლება, რომ მისი 2 ალბომია პირველ ათეულში, როგორც აღვნიშნეთ 4-ე და 9-ე ადგილებზე, როლინგების მხოლოდ ერთი - 7-ე პოზიციაზე. პირველი ათეულის შედეგითაც მხოლოდ ლივერპულელმა ოთხეულმა აჯობა ბობ დილანს. ბითლზები პირველ ათეულში 4 ალბომით შევიდნენ.

ბობ დილანის სიმღერები, Blowin' in the Wind და The Times They Are a-Changin' ჰიმნებად იყო ქცეული სამართლებრივი და ანტისაომარი მოძრაობებისათვის.

დიდი მუსიკოსი დაიბადა მინესოტის შტატის ქალაქ დულუთაში. მისი ნამდვილი სახელია რობერტ ალენ ციმერმანი (Robert Allen Zimmerman) მამამისს აბრაამი ერქვა (აბე). მათი ოჯახი რუსეთიდან იყო ამერიკაში გადასახლებული, მაგრამ ისინი რუსები არ არიან წარმოშობით, თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. 1947 წელს ბობის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სხვა პატარა ქალაქ ჰიბინგში.

დაახლოებით 10 წლისა იყო, როდესაც მომავალმა გენიოსმა, პატარა რობერტმა დაიწყო ლექსების წერა და ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა. შემდეგ გიტარაზე დაკვრა ისწავლა. მასზე გავლენა მოახდინეს ელვის პრესლიმ, ჯერი ლი ლიუისმა და როკენროლის სხვა ვარსკვლავებმა. ამან უფრო განუმტკიცა მუსიკისადმი სიყვარული. როგორც აღნიშნავენ ბიოგრაფები, სკოლაში სწავლის დროს კითხვაზე, რა არის თქვენი მიზანი, რობერტს ჩაუწერია: “Littel Richard-თან ერთად დაკვრა”.

2008 წელს გამოქვეყნდა ბობ დილანის წიგნი ბავშვებისათვის "მარად ახალგაზრდა", თუმცა მანამდეც წერდა და აქვეყნებდა.

დაჯილდოებულია პრემიით ამერიკის კულტურაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის.

ბობ დილანზე საუბარი სხვა დროსაც გვექნება. დღეს კი "დრონი.ჯი" გთავაზობთ მის სიმღერას Like A Rolling Stone, რომელიც ჟურნალ Rolling Stone-ს გამოკითხვით პირველ ადგილზე გავიდა თანამედროვე მუსიკის ისტორიაში. მართლაც გენიალური სიმღერაა და გენიალურად ასრულებს ბობ დილანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100