ერთი ლექსით თქმული სათქმელი: „ეს ლექსი ბღავილით დაწერილი ლექსია...“

გახსენება

ეს ლექსი მწარედ დაწერილი ლექსია,

წლების გალიაში ერთმანეთს ვეხლებით, -

იყო დრო, მკვლელები იღებდნენ პენსიას,,

როგორც პოეზიის მკვლელები.

ეს ლექსი მწარედ დაწერილი ლექსია.

სიმართლის მთქმელს ტყვიას შიგ შუბლში გესვრიან,

კალამსაც წაგღლეტენ სისხლიან ხელებით, -

ილიას მკვლელები იღებდნენ პენსიას,

როგორც საქართველოს მკვლელები.

ეს ლექსი მწარედ დაწერილი ლექსია.

ჩვენ ახლა ყველაფერს დრო და ჟამს ვაბრალებთ,

მტვერს ვაყრით არქივში არქივს, -

რაც არ წაუკითხავთ ამ თვალებს,

როდის წავიკითხავთ, მარქვით!

ეს ლექსი ადრე დაჩეხილი ლექსია.

სულში შეშფოთების ჩიტი ბუდობს,

ვინ თქვა, მორჩილება ბედია, -

გაყიდული ხარ, პიტიუნტო,

განწირული ხარ, მედეა.

იქნებ ჰაი-ჰარად გვიბრძოლია,

ნაღდი ქართველები სად არიან, -

იქნებ იბერიის ისტორია

მარტოდენ მითი და ზღაპარია?!

ეს ლექსი ცრემლით დაწერილი ლექსია.

დრო იყო, აღზევებამ დაგვამუნჯა,

გვიან მოვიკითხეთ ფესვები, -

შელანძღული ხარ, არტანუჯო,

შენი ოთხთავით და ფრესკებით.

დაკარგული ხარ, როგორც კახი და

გაძარცვული ხარ, როგორც ბიჭვინთა...

ო, საქართველო, რა გაგიჭირდა,

ხატები გაგაქვს დედა-ტაძრიდან?!

ეს ლექსი მწარედ მოსასმენი ლექსია,

ამ ლექსში მე ახლაც ჭკუიდან ვიშლები,-

ტიციანის მკვლელები იღებდნენ პენსიას,

როგორც რესპუბლიკის ერთგული შვილები.

საერო ხაზინიდან ითრევდნენ სარჩოს,

ჩვენ კი ერთადერთი, სიმართლეც ვერ ვთქვით, -

ვდგავარ თქვენს წინ და იჭვი რამ მაღრჩობს,

ვაითუ, ახლაც გაგვიწყრა ღმერთი.

ხმა არ გავიღეთ და დაწყვეტილ ლარებს

თრთოლვით გადავაბით დამსკდარი ვენები, -

ლურჯი აივნიდან მთაწმინდის მთვარე

ცარგვალს უერთდება ლურჯა ცხენებით...

ეს ლექსი იმ დღეს დაწერილი ლექსია.

ეს ლექსი ბღავილით დაწერილი ლექსია,

ამ ლექსში დაჭრილი ხარივით ვკვდები, -

ისევ თხოულობენ იქნება პენსიას

მსტოვრები, ჯალათები, მგლები.

რამდენიც გინდა იყვირე: "ილია ვარ!"

კონდახით გაგიხეთქავს იუდა საფეთქელს.

ჩვენი სირცხვილია ის იარა,

სულს რომ გვიშფოთებს და გვაფეთებს...

ეს ლექსი იმ სისხლით დაწერილი ლექსია.

თითქოს არაფერი არ მომხდარა,

ჩვენს მოკლულ შვილებზე ლამაზად ვბღავით, -

ტყავი ჩვენთვის არავის გაუძვრია,

ჩვენ თვითონ გავიძვრეთ ტყავი.

ტანზე რა ცოდვებმა გამოგვყარა,

ვინ ძოვს ედემ-ბაღში სინათლის ყვავილს, -

ღმერთმა სამოთხიდან ჯოხით გამოგვყარა,

ჩვენ კვლავ სამოთხეში გვგონია თავი.

ეს ლექსი ცხრა აპრილს დაჩეხილი ლექსია,

ვგრძნობ, თავს დამატყდება ზოგ-ზოგი რისხვად, -

ქართველი პოეტი ქართველთა მწყემსია,

იცავს ქართველობას "მეგობარ მტრისგან".

ეს ლექსი რწმენით დაწერილი ლექსია.

დგება მთაწმინდაზე ქართვლის დედა,

ვლოცულობთ, ო, ვინძლო, ვერავინ გაგვთვალოს,

და ჰა, კვლავ მოვითხოვთ შენდობას შენგან,

წმინდაო ილია, ილია მართალო!

ციდან ძირს ეშვება მესია მზისებრ,

ბრუნავს დედამიწა, ბორგავს ქვეყანა,

და ღმერთო ჩემო, ისევ და ისევ:

"მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!"

კომენტარი