23 წლის ქართველი ნიჭიერი მსახიობი, რომელიც ჰოლივუდში სწავლობდა - დრონი.ჯი-ს ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკუშა გორდეზიანთან

23 წლის ნიკუშა გორდეზიანი იმ იღბლიანთა რიგებშია, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება ესწავლა ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში, იქ სადაც რობერტ რედფორი, დენი დე ვიტო, ედრიენ ბროუდი, ენ ჰეთევეი და სხვები სწავლობდნენ. ახალგაზრდა, სიმპათიური და ნიჭიერი თეატრისა და კინოს მსახიობი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა გოგონებში. როდესაც ის სცენაზე დგას, ძნელია მის შარმს გაუძლო.

რომელია მსახიობის საყვარელი როლი, რა გამოცდილება მისცა მას ამერიკის ხელოვნების აკადემიამ, რა გარდატეხა მოახდინა მასში 12 მაისს კლუბების დარბევამ და არის თუ არა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძოს გული დაკავებილი? - ამ კითხვებზე ნიკუშა გორდეზიანს დრონი.ჯი ესაუბრა და ნიჭიერ მსახიობთან ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორ ფიქრობ, ხარ თუ არა შემდგარი მსახიობი?

- იცი შემდგარი მსახიობი ჩემს თავს რომ ვუწოდო ძალიან ცუდი ნათქვამი გამომივა. ეს ისეთი პროფესიაა, რომ სულ სწავლის პროცესში ხარ და არ შეიძლება ასე ხმამაღლა ილაპარაკო. მე ჯერ ძალიან პატარა ვარ ჩემს პროფესიაში და ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი. აი თუნდაც, ჩემი საყვარელი მსახიობი ტონი ჰოპკინსი რამდენი წლის არის და რამხელა პრაქტიკა აქვს ამ სფეროში, მაგრამ სულ სწავლის პროცესშია.

- რა არის ის აუცილებელი პირობა, რაც მსახიობს ბუნებრივად უნდა ჰქონდეს და რაც არ ისწავლება?

- სიყვარული! სიგიჟემდე უნდა გიყვარდეს შენი პროფესია. ეს საქმე თუ არ გიყვარს, ვერავინ შეგაყვარებს და ზოგადად, ყველა პროფესია ასე უნდა იყოს. თუ ადამიანი საქმეს სიყვარულით კიდებს ხელს, აუცილებლად წარმატებით იწყებს სვლას.

- შენი რომელი როლი გიყვარს გამორჩეულად და რატომ?

- ბევრი როლი არ მაქვს განსახიერებული, მაგრამ ყველაზე საყვარელი მაინცქოროსროლია სპექტაკლიდანანტიგონე“. ეს როლი მეორე კურსის სტუდენტმა ვითამაშე, ჩემი პედაგოგის ნანუკა ხუსკივაძის სადოქტორო პიესა იყო. ქოროარის სიურეალისტური პერსონაჟი, რომელიც ატარებს დატვირთვას როგორც ანტიგონეს გარდაცვლილი ძმა, როგორც ბედისწერა, როგორც სიკვდილი, როგორც ღმერთი... ბევრი დატვირთვა ჰქონდა და მაყურებელი ისე იგებდა, როგორც სურდა. ეს როლი სიგიჟემდე მიყვარს. მემგონი ყველაზე დიდი დრო ამ პერსონაჟზე ფიქრს დავუთმე. ყველაზე კარგად გავიცანი ესტიპიდა მისი მისტიურობა ძალიან მხიბლავდა.

- ყველა მსახიობს აქვს თავისი საოცნებო როლი, რომელია შენი საოცნებო როლი?

- ყველა მსახიობს ჰყავს თავის საოცნებო როლებში ერთი შექსპირი მაინც, ჩემს შემთხვევაში შექსპირიდან : რიჩარდი და ვენეციელი ვაჭარი... შექსპირის გარდა ჩემთვის, ყველაზე საინტერესო სამუშაო იქნებოდა დოსტოევსკისიდიოტი და ძალიან დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ასევე კრავთა დუმილშიჰანიბალს.

- შენ სასწავლებლად ამერიკაში იყავი, იყავი იქ, სადაც სწავლობდნენ მსოფლიო დონის ვარკსვლავები - რობერტ რედფორი, დენი დე ვიტო, ედრიენ ბროუდი, ენ ჰეთევეი და სხვები. რა მოლოდინები გქონდა და რა მოგცა ამერიკამ როგორც მსახიობს და როგორც პიროვნებას?

- იცი რა, რეალისტი ვარ, ასე რომ დიდი მოლოდინები არც მქონია, უბრალოდ მინდოდა მეტი განათლება მიმეღო ამ კუთხით და ძალიან ბევრი რამ მომცა იქ წასვლამ, ძალიან გამზარდა. ანუ ჩემი წასვლის მიზანი ის არ ყოფილა, რომაბა ახლა აღმომაჩენენ და მე ჰოლივუდში ვითამაშებ“ - ეს ზღაპარია.

როდესაც ხარ ახალგაზრდა სტუდენტი და ამ ასაკში მონაწილეობა გაქვს მიღებული სერიალებში, რეკლამებში, რაღაც დოზით ფიქრობ რომ უკვე აზრზე ხარ ამ პროფესიის და მეც ასე მეგონა, იქ როცა ჩავედი მივხვდი, რომ საერთოდ არაფერი არ მქონდა დანახული რეალურად. როცა იქ ვიყავი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცხოვრების დიდ ოკეანეში მარტო აღმოვჩნდი და ვფართხალებდი... დიახ, მარტო ვიყავი ოკეანის იქით და ყველა ნაბიჯზე პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვიყავი, ისიც საკუთარ თავთან. ამან ფსიქოლოგიურად მყარად დადგომა მასწავლა, სირთულეებთან გამკლავება მასწავლა და უამრავი რამ, რასაც მომავალში გამოვიყენებ.

- ქართელ გოგოებში საკმაოდ პოპულარული ხარ, ეს თავდაჯერებულობას გმატებს თუ უბრალოდ არაფერს ნიშნავს?

- ყველა ადამიანს სიამოვნებს ყურადღება, მეც ძალიან მსიამოვნებს.

- არის თუ არა ამჟამად შეყვარებული ნიკუშა გორდეზიანი?

- კი შეყვარებული ვარ და ძალიან ბედნიერიც.

- არსებობს მოსაზრება, რომ ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა არ არსებობს. შენ როგორ ფიქრობ?

- მე მყავს ძალიან კარგი მეგობარი გოგონები. ადამიანი, ვისთან ერთადაც ბავშობიდან მოვდივარ, არ ვფიქრობ რომ სხვანაირად შემიყვარდება და მე სულ ასეთი მეგობრები მყავს.

- ინტრიგები, შური, ფეხის დადება და მსგავსი ქმედებები (ისევე როგორც სხვა პროფესიებში) თეატრალურ ცხოვრებაშიც ყოველ ნაბიჯზე ხდება, რაც, ხელს უშლის ბალანსის დაცვას ცხოვრებასა და პროფესიას შორის. იყო ნამდვილი მსახიობი სცენაზე და ნამდვილი ადამიანი ცხოვრებაში - შენი აზრით რამდენად თავსებადია ეს ყველაფერი მსახიობისთვის?

- თავსებადია... მე მაგალითად ვერასდროს ვიტყუები. სცენაზე, ალბათ გასაგებია, რომ რაღაც დოზით ვიტყუებით ყველა, მაგრამ ცხოვრებაში ეს არ შემიძლია. ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ტყუილის თქმა მსახიობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ეს ასე არ არის. ჩემი აზრით აღრევა არ უნდა მოხდეს ცხოვრების და პროფესიის. რაც შეეხება ინტრიგებს და ასე შემდეგ, პირველ რიგში ადამიანი უნდა იყოს ადამიანი და მერე უნდა იყოს მსახიობი. ექიმი, ჟურნალისტი, პრეზიდენტი, გამყიდველი და ასე შემდეგ, პირველ რიგში უნდა იყო ადამიანი, კარგი ადამიანი, საკუთარ თავთან უნდა იყო სუფთა და მართალი.

- როდესაც კლუბებში სპეცრაზმის შევარდნის შემდეგ ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა, როგორც ვიცი, შენც მათ გვერდით იდექი. ამ საკითხის მიმართ ათასნაირი აზრი არსებობს საზოგადოებაში, როგორ ფიქრობ, იყო თუ არა ახალგაზრდობა ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული?

- მე იქ ვიდექი, სადაც ჩემი ტომი იდგა. მე, იმ ღამეს, როცა ბასიანიდან გამოგვყარეს, იქ ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. ძალიან ცუდი რამე ვნახე მანდ. არ მოვყვები იმაზე საუბარს რა საჭირო იყო ეს ავტომატიანი 30 ტიპი, თუმცა ჩემი თვალით ვნახე იქ ძალადობა, ვნახე როგორ ტენიდა ოთხი პოლიციელი ერთ გოგოს მანქანაში, ჩემი თვალით ვნახე როგორ სცემდნენ ტიპს. ძალიან შემაძრწუნებელი ფაქტია ეს და რისთვის? იმისთვის რომ რვა ბარიგა დაეჭირათ, რომელიც შემდეგ ისევ თვითონ თქვეს რომ გარეთ დაიჭირეს? ეს ჩვენი დარბევა ხომ ლოგიკას მოკლებულია უკვე.

ვინმეს რომ პასუხი გაეცათ კითხვაზე, თუ რისთვის? - ჩვენც დავემორჩილებოდით. ეს ცემა-ტყეპით გარეთ გამოპანღურება ნამდვილად გასაპროტესტებელი ამბავი იყო.კი მაგრამ, რატომ მირტყამ მითხარი, რატო მარბევ მითხარი ხო?... აქციას რაც შეეხება, უცებ გადაწყდა... მერე საზოგადოებამ რატომღაც ჩათვალა, რომ ჩვენ იქელგებეტეპიროვნებებს ვიცავდით და ბარიგების დაჭერას ვაპროტესტებდით. უბედურება ასევე ის იყო, ჩვენი თანამოძმეები, კონტრაქციონერები როგორ გვაგინებდნენ და საშუალების შემთხვევაში, განურჩევლად სქესისა ფიზიკურად როგორ ძალადობდნენ. ხალხო რატომ არ გინდათ გაიგოთ და გაიაზროთ პროტესტის რეალური მიზეზი და მიზანი?

მე პირადად რატომ ვიდექი იქ? არ უნდა წამართვა მუსიკის მოსმენის უფლება, მე მინდა მქონდეს თავისუფლება მთელი თავისი არსით, მე თუ არაფერს არავის ვუშავებ შენ მე რატომ მიშლი ყოვლად უწყინარ რამეს, ცეკვას? კონტრაქციონერებიდან ერთმა კაცმა ასეთი განცხადება გააკეთამე როგორ უნდა დამიწეროს კანონი მწვანეთმიანმა გოგომო“ - ეს ხომ მარაზმია! რა მნიშვნელობა აქვს მე მწვანედ მაქვს თმა შეღებილი და სულაც გადაპარუსლი? მთავარია თავში რა გაქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა გაცვია, რა უბნელი ხარ, თმა როგორ გაქვს შეღებილი. აი ამისთვის ვიდექი მანდ, თავისუფლებისთვის ვიდექი.

მეორე დღეს ქართული მარში მოვიდა და რატომ იცი? მორეცხეს ნაკურთხი წყლით იქაურობა, სოდომისტები ცეკვავდნენო. ნუ უბედურებაა!!! ვფიქრობ რომ სისტემა უნდა დაინგრეს. ერთადერთი კაი სისტემა არის ios და windows. ერთი ბოდიში ნამდვილად არ არის საკმარისი. „ბასიანიისევ არ არის ჩვენი. ახალგაზრდების სუფთა, აპოლიტიკური და ემოციური გაპროტესტება, ძალიან ცუდად გამოიყენა გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა. მედიამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა, რატომ ის ძალიან მაგარი ხალხი არ გააშუქეს აქციის თავში რომ იდგნენ, რომლებიც მართლა პატრიოტები არიან და ქვეყნისთვის ყველაფერს აკეთებენ. მწერლები, პოეტები, მომღერლები, რეჟისორები და უამრავი საჭირო ხალხი?

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი თაობა არის ყველაზე ნათელი თაობა და ძალიან დიდი მადლობა ჩემს თაობას !

კომენტარი