სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„იმედი მაქვს, ვიღაცებს ჩემთან ერთად თამაშიც სიამოვნებას ჰგვრის“ - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ პაატა ინაურთან

კინოსა და თეატრის ახალგაზრდა ქართველი მსახიობი პაატა ინაური საკმაოდ წარმატებული და პოპულარულია, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებში. ის სამ თეატრში ერთდროულად მუშაობს, მათ შორის მარჯანიშვილშიც და ამასთან, რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. პაატა მთავარ როლს ასრულებს ფილმში „მოირა“, რომელიც ოსკარის პრეტენდენტად წარადგინა საქართველომ. ამ ფილმმა სამ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა. ახალგაზრდა მსახიობი გვიყვება საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე.

- შენ კინოსა და თეატრის მსახიობი ხარ, რას მიიჩნევ აუცილებელ პირობად იმისთვის, რომ მსახიობმა თავისი ნიჭი სრულად წარმოაჩინოს?

- პირველ რიგში, ძალიან დიდ სიყვარულს საქმის მიმართ. უნდა გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. თავდაუზოგავად უნდა იმუშაო, ბევრი ფილმი უნდა ნახო, ბევრი სპექტაკლი, იკითხო და სულ მუშაობის პროცესში იყო. როცა ხარ თეატრში, მუშაობ, იზრდები და იზრდები... სულ სტუდენტი უნდა იყო და არასდროს დაკმაყოფილდე საკუთარი თავით.

- შენი სამსახიობო კარიერის განმავლობაში, ალბათ მრავალი როლი განასახიერე, რაც, ცალსახად იმას ნიშნავს, რომ უამრავი ტიპის ადამიანს იცნობ. ყველაზე მეტად შენი რომელი გმირი გგავს და რა თვალსაზრისით?

- რაც არ უნდა ითამაშო, ვიღაცას არ იგონებ... რაღაცა სახეს ქმნი საკუთარი თავიდან გამომდინარე, ანუ „მე მოცემულ სიტუაციაში“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ უნდა იყო სულ, ამას ფერებს ჰმატებ და რაღაც დოზით ცვლი და თუ შენ არ ხარ, ესე იგი იტყუები. ყველა მგავს იმიტომ, რომ მე ვარ ... ძალიან მიყვარს ედგარის როლი „მეფე ლირში“, ძალიან მიხარია ამ სპექტაკლში რომ მოვხვდი, ზურა ყიფშიძის პარტნიორი ვარ და ბავშვობაში რომ ვუყურებდი და ვხედავდი, სულ მინდოდა მეთამაშა და მიხარია რომ ეს გამოვიდა.

- ახდენენ თუ არა გარკვეულ გავლენას შენს ცხოვრებაზე, ხასიათზე, შეხედულებებზე შენი გმირები?

-ალბათ კი, შესაძლოა რაღაცეები დაგიტოვოს.

-კინოს ანიჭებ უპირატესობას თუ თეატრს?

- ვგიჟდები ორივეზე, თუმცა თეატრში ხშირად მიწევს ყოფნა, კვირაში სამჯერ მაინც სპექტაკლია (თან მე 3 თეატრში ვმუშაობ), სულ რეპეტიციები მაქვს და მონატრების საშუალებას არ მაძლევს, რასაც ფილმზე ვერ ვიტყვი. ძალიან მენატრება გადაღების პროცესი. საქართველოში, ფინანსებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ხშირად ფილმების გადაღება და ეს გულდასაწვეტი ამბავია. ბედნიერია მსახიობი მაშინ, როდესაც ორივეში აქტიურად მონაწილეობს, ასე რომ ვერ გამოვარჩევ.

- შენი აზრით, როგორი უნდა იყოს პარტნიორების ურთიერთობა და რამდენად გეხმარება როლის სრულად დაძლევაში სცენაზე შენს გვერდით მდგომი პარტნიორი?

-ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვარჩევდი ნინო კასრაძეს, რომელიც მგონი იმისთვის დგას სცენაზე, რომ შენ იყო კომფორტში. პირველად რომ ვითამაშე ნინოსთან, მივხვდი რომ იმდენად კომფორტული პარტნიორია სცენაზე არაფრის გეშინია. იმედი მაქვს, ვიღაცეებს ჩემთან ერთად თამაშიც სიამოვნებას ჰგვრის. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ცხოვრებაში.

- რამდენად დამყოლი მსახიობი ხარ და მოგსვლია თუ არა კონფლიქტი რეჟისორებთან?

- კი, ხშირად. ზოგთან გინდა, მაგრამ გერიდება ასაკისა და სტატუსის გამო. უფრო ჩემი თაობის რეჟისორებთან მომდის, თუმცა ზღვარს არასდროს სცდება... მნიშვნელოვანი არაფერი.

- ყველამ კარგად იცის, რომ ქართულ კინოსა და თეატრს უამრავი კარგი მსახიობი, კინო თუ სპექტაკლი ახსოვს. დღევანდელი კინოსა და თეატრის რეალობა როგორია შენი გადმოსახედიდან?

- სხვათაშორის, როდესაც ამბობენ, რომ თეატრი კვდება, ეს სისულელეა... უბრალოდ ხალხი არ დადის. დღეს მე პირადად ისეთ სპექტაკლებში ვმონაწილეობ, სადაც ბილეთები ერთი თვით ადრე იყიდება და აღარ არის ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ წინ და წინ მიდის თეატრი. ძველ თეატრს რომ შეადარო, საერთოდ სხვა სტილია. ჩემი აზრით, თეატრი არ უნდა ჩამორჩეს დროს, მეტიც, ოდნავ უნდა გაუსწროს კიდეც. ჩემი რეჟისორი დათა თავაძე სულ ამას ცდილობს . ჩააგონო მაყურებელს, ასწავლო გაზარდო... უნდა იცოდე, რისთვის დადგი და რისთვის გააკეთე. ზოგმა არ იცის, რატომ დგამს სპექტაკლს. რაღაცა მიზეზი უნდა არსებობდეს. აი, მაგალითად, მოსული მაყურებლიდან ორმაც რომ გაიაზროს და მიხვდეს, საკუთარ თავში ჩაიხედოს, უკვე აზრი აქვს ჩვენს მუშაობას. ფილმს რაც შეეხება, ფინანსების პრობლემაა, თორემ ანა ურუშაძის ფილმმა „ საშიში დედა“ რამდენი პრიზი, აიღო ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას - არა, მაგრამ ბევრი ჯილდო მიიღო. ან თუნდაც „მოირა“, სადაც მეც ვთამაშობ, სამ ფესტივალზე იყო... ანუ წარმატებები არის, ფული - არა. ძალიან ცუდად გამომივა, მაგრამ ფეხბურთს აქვს დაფინანსება 200 მილიონი და ვერაფერს აკეთებენ, ჩვენი ბიუჯეტი ძალიან ცოტაა და ამდენ პრიზებს ვიღებთ - ეს ხომ უნდა დაბალანსდეს? მოდი, მოაკელი ცოტა და ჩვენ მოგვეცი.

- გითამაშია თუ არა უცხოელი მაყურებლისთვის და რით განასხვავებ მათ ქართველი აუდიტორიისგან?

- კი, მითამაშია. გასტროლზე ვიყავით, ორი თვე გერმანიაში ვცხოვრობდი და ვთამაშობდი. სულ სხვანაირები არიან, ენა არ ესმით და ცოტა დაბნეულები არიან. შვედეთში, მახსოვს, როგორ გასუსულად უყურებდენ სპექტაკლს, საქართველოში ტელეფონი ასჯერ დარეკავს, საფრანგეთში ხველებას არ იკავებენ, პირიქით - შუა სპექტაკლის დროს ბოლო ხმაზე ახველებენ, თურმე მანდ „მოსულა“ ეს. ჩვენებს ძალიან კარგი გულშემატკივრობა შეუძლიათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- კრიტიკის ობიექტი თუ ყოფილხარ და მიგიჩნევია თუ არა ის სამართლიანად? ზოგადად როგორ იღებ კრიტიკას?

- კარგია კრტიტიკა, საჭიროა მსახიობისთვის. მიმიღია, როგორ არა, თუმცა ასე კონკრეტულად არ მახსენდება. უფრო თვით კრიტიკული ვარ.

- როგორც მსახიობს, გაქვს თუ არა შენიშვნა ქართველ მაყურებელთან?

- ძალიან კრიტიკულები არიან, მიდგომა არ მომწონს. ფილმის პრემიერაზე რომ მიდიან, თავიდანვე უარყოფითად არიან განწყობილები. განწყობას დიდი მნიშვნელობააქვს როგორც ფილმზე ასევე სპექტაკლზეც. ასეთი განწყობით როცა მიდიხარ, დიდი შანსია არ მოგეწონოს.

- როგორი მამა ხარ და შეცვალა თუ არა შენი ცხოვრება კირამ?

- არ ვიცი როგორი მამა ვარ, ეს კირას უნდა ჰკითხოთ, როცა გაიზრდება. ძალიან შემცვალა, უფრო დამაჭკვიანა, ვცდილობ, უფრო მეტი დრო გავატარო მასთან, ძალიან მიყვარს, ვგიჟდები, ყველაზე კარგი რამააა ჩემს ცხობვრებაში, რაც კი აქამდე ყოფილა.

- რას იტყვი „კლუბურ ნარკოტიკებზე“, რომლებმაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში 5 ახალგაზრდა იმსხვერპლა?

- თავისუფალი ადამიანი ვარ და რასაც მინდა იმას ვიზამ. ეს შეიძლება ბერლინშიც მომხდარიყო და ყველგან. კი, საშინელებაა რაც მოხდა, მაგრამ არიან დამიანები ვისაც უზომოდ უყვართ ამის მიღება და ვერ დაუშლი. ჭორის დონეზე გავიგე, რომ ეს სახელი „მეფედრონი“ არ არის სწორი, რაღაც საიტია და შავი ბაზარი, არ ვიცი ვერ გეტყვი ზუსტად, თუმცა მიღების შემდეგ დალევა არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ ეს ნარკოპოლიტიკის ბრალია და აქვე ვიტყვი აქციაზეც - ძალიან კარგი რამ მოხდა, ადრე ნარკოტიკზე თავისუფლად ვერ ილაპარაკებდი, ეგრევე დაგიჭერდნენ, დღეს უფრო მეტად არის სიტყვის თავისუფლება და ეს კარგია. აქამდე ვინ მოიხდიდა ბოდიშს? შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდა, ბოდიში მოიხადა და დიალოგი შედგა, ეს ბევრს ნიშნავს. არავისტი არ ვარ, უბრალოდ რეალობა ეს არის, მიხარია რომ დავდექით მაგრად და გავიაზრეთ, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს თურმე დიდი ძალა გვქონია. გამიხადებოდა თუ უფრო კარგად ჩამოაყალიბებდნენ აქციის აზრს, თორემ, როგორც იდეა, მომწონს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100