დროა დავშორდეთ, გვეყო ერთად რაც კი ვიარეთ!

(უილიამ შექსპირი - 35 სონეტი. რეზო თაბუკაშვილის თარგმანი)

დროა დავშორდეთ, გვეყო ერთად რაც კი ვიარეთ!

ფიქრით კი გულში სამუდამოდ ჩაგისახლდები,

ჩემი ცოდვები შენ თუ აღარ გაგიზიარე,

ჩემი სირცხვილის მონაწილე აღარ გახდები.

ერთი გრძნობა გვაქვს ჩვენ ორივეს ნასათუთები,

მაგრამ ორივეს საკუთარი დაგვაქვს ვარამიც,

ჩვენ იგივე ვართ, მაგრამ ტრფობის წმინდა წუთები

ჟამთა სიავეს არ დარჩება მოუპარავი.

დღეიდან შენი შეხვედრისას ვეღარ ვილაღებ,

ვეღარ გავბედავ შენთვის ხელის გამოწოდებას,

შენც უცნობივით ჩამიარე, თუ დამინახე,

სახელი რომ არ შეგიბღალოს ჩემმა ცოდვებმა.

ეს მსხვერპლი იყოს ჩემი გრძნობის გამომსახველი,

შენც ჩემი ხარ და ჩემი არის შენი სახელიც.

კომენტარი