სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იკერ კასილიასი: მადრიდის "რეალმა" "ბარსელონას" ტაქტიკურად მოუგო

მადრიდის "რეალის" მეკარე იკერ კასილიასმა, რომელიც 26 თებერვალს გამართული კლასიკოს შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოსნაცვლად გამოცხადდა, "ბარსელონასთან" მატჩის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა.

შეგახსენებთ, მადრიდში გამართულ ესპანეთის სამეფო თასის პირველ მატჩში "რეალი" "ბარსელონასთან" ფრეს (1:1) დასჯერდა, საპასუხო შეხვედრაში კი კრიშტიანო რონალდოს დუბლითა დარაფაელ ვარანის გოლით 3:1 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

რაც შეეხება მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილიასს, მას ამ შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია.

"ჩემი თანაგუნდელები ბრწყინვალედ გაისარჯნენ. ისინი მოედნის ყოველ მონაკვეთში აკონტროლებდნენ თამაშს და ბრწყინვალედ მოქმედებდნენ დაცვაშიც.

"რეალმა" "ბარსელონას" ტაქტიკურად მოუგო და დამსახურებულად გავიდა ფინალში.

ეს მატჩი სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის მოტივაციას გვმატებს. ჩვენ სავსებით შეგვიძლია ამ წარმატებით გავიხაროთ, თუმცა იმასაც კარგად ვხვდებით, რომ ტიტული ჯერ კიდევ არ მოგვიგია", - აქვეყნებს მეკარის ნათქვამს "რეალის" ოფიციალური საიტი.

კასილიასმა პრესკონფერენციაზე თავისი გუნდის ლიდერი კრიშტიანო რონალდოც შეაქო.

"ის ჩვენი გუნდის შემაკავშირებელი მთავარი რგოლია და მსგავს მნიშვნელოვან მატჩებში ავლენს კიდეც თავის ოსტატობას.

ამჟამად კრიშტიანო ბრწყინვალე ფორმაშია და ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა იკერმა.

ესპანელმა მეკარემ ასევე აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედთან" ისევე უნდა ითამაშონ, როგორც "ბარსელონასთან"...

"პირველი მატჩის შედეგი იქაც ანალოგიურია - 1:1. ჩვენ უნდა გავიტანოთ და კარი ხელუხლებლად შევინახოთ - ეს ის მიზანია, რომელსაც დავისახავთ.

"ოლდ ტრეფორდზე" იოლი არასდროსაა თამაში, მაგრამ ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც "ბარსელონასთან" ვითამაშეთ.

როდესაც ჩემპიონატში საქმეები არცთუ კარგად მიგდის, ცდილობ საუკეთესო თამაში ქვეყნის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე აჩვენო. მაგრამ ჩვენი მომდევნო მნიშვნელოვანი თამაში ისევ "ელ კლასიკოა" და აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა ჩამორჩენა შევამციროთ", - თქვა კასილიასმა.

"რეალის" მეკარემ ბოლოს ის მიზეზიც ახსნა, თუ რატომ წარსდგა პრესკონფერენციაზე მოურინიოს ნაცვლად.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კარგი დრო იყო საიმისოდ, რათა კაპიტანს გადაედგა ნაბიჯი და "რეალის" ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის მიელოცა წარმატება. ეს იდეა თავში გასახდელში მომივიდა და იმედი მაქვს, ამით არაფერი დავაშავე", - თქვა მან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100