სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არის პირველი ოლიმპიური ოქრო! - ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონია

20 წლის ქართველი ძიუდოისტი 66 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ფინალამდე ოთხი იპონით მივიდა. ჩილელი, ფრანგი, ბრიტანელი და იაპონელი სპორტსმენების დამარცხების სემდეგ ქართველი ჭაბუკი 32 წლის უნგრელ ვეტერანს მიკოს უნგვარს შეხვდა, რომელიც აქამდე ამ დონის შეჯიბრებებში არასდროს გასცილებია მერვედფინალს.

ფინალში ორივე სპორტსმენი აქტიურობდა, თუმცა, ხელების არასწორი მოძრაობის გამო უნგრელმა სპორტსმენმა გაფრთხილება მიიღო, ქართველმა სპორტსმენმა კი ერთი ილეთის გამოყენების გამო - ქულა, რაც საბოლოოდ, გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე.

შტრიხები ლაშა შავდათუაშვილის პორტრეტისთვის:

დაიბადა: 31. 01. 1992 წ. გორში
დიდებში - ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი (2012); თბილისის, პრაღის, ბუენოს აირესის მსოფლიო თასების გამარჯვებული; რიო დე ჟანეიროს დიდი პრიზის მესამეპრიზიორი. ახალგაზრდებში - ევროპის (2011) ჩემპიონი, მსოფლიოს (2011) მესამეპრიზიორი, მუდანიისა და ორჯერ პრაღის ევროპის თასების (2010, 2011) გამარჯვებული, საქართველოს (2011) ჩემპიონი.
ჰობი: ნადირობა.

ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა მაგალითია იმისა, თუ რაოდენ ზუსტად ხედავს კარგი მწვრთნელი შეგირდის სამომავლო პერსპექტივას. ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ლაშა სალიცენზიო ბრძოლაში ჩაებმებოდა, პირადი მწვრთნელები დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ ეს ბიჭი უახლოეს წლებშივე შეძლებდა თავის გამოჩენას.

არადა, რამდენჯერმე შეეძლოთ, ავანსების გაცემისაგან თავი შეეკავებინათ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე შავდათუაშვილის მოხვედრა დიდწილად პირადი მწვრთნელების ნდობის შედეგია - ნდობისა, რომელიც შეგირდმა პირწმინდად გაამართლა.

ახალგაზრდებს შორის შავდათუაშვილი პირველად 2010 წელს საბერძნეთის ქალაქ მუდანიაში ვიხილეთ საერთაშორისო არენაზე, სადაც დამაჯერებლად მოიპოვა პირველობა.

ერთ თვეში, საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, მოულოდნელად წინ თანაქალაქელები გაუშვა, ხოლო თავად მესამე ადგილზე დარჩა.

ახალგაზრდული ნაკრები მაშინ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ დასკვნით ეტაპად პრაღის ევროპის თასს განიხილავდა, სადაც ქვეყნის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით გუნდში თითოეულ წონაში ორ-ორი წარმომადგენელი უნდა წაეყვანათ.

სხვებისთვის ხარჯები არ იყო გათვალისწინებული. გორის დარბაზის მწვრთნელები თვლიდნენ, რომ შავდათუაშვილის მესამე ადგილი საქართველოს ჩემპიონატზე ალოგიკური შედეგი იყო. ამიტომ "კაპიკ-კაპიკ" მოკრიბეს ფული და ჩეხეთში თავიანთი ჯილა ჩვენს ნაკრებს საკუთარი ხარჯით გააყოლეს.

მატერიალური ავანსი წყალში არ გადაყრილა - პრაღიდან იგი გამარჯვებული დაბრუნდა. თუმცა შემდეგ კონტინენტის პირველობაზე, სამწუხაროდ, კვლავ ვერ გამოიჩინა თავი. მიზეზი ამჯერად სხვა იყო.

ლაშა გვიან გამოუტყდა მწვრთნელებს, რომ დარბაზში სრულფასოვანი ვარჯიშის შემდეგ შინაც თავდაუზოგავად აგრძელებდა იგივეს და შედეგად სპორტსმენი, უბრალოდ, გამოიფიტა. ანზორ თენაძეს და ნიკო ბიბილაშვილს შეგირდის პერსპექტივა ისევ არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ. იმ ეტაპზე კი დასვენება ურჩიეს და მზადების ერთგვარ პასიურ რეჟიმში გადაიყვანეს.

"ვშიშობდი, საკუთარი ზედმეტი თვითშემოქმედებით გამოწვეულ ფიზიკურ გამოფიტვას კარიერაში დიდი ხნით იძულებითი პაუზა არ მოეტანა. საბედნიეროდ, უსიამოვნო პერიოდი მალე დასრულდა. არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო პირადი მწვრთნელების მიმართ, რომლებმაც ჩემი იმედი არ დაკარგეს" - იხსენებს ლაშა.

იაპონური სტილის მიმდევარი

მაინც რას ატყობდნენ კოჭებში დამრიგებლები და რატომ არ კარგავდნენ იმედს?

"შავდათუაშვილი სტილით უფრო კლასიკურ, იაპონურ ძიუდოს ჭიდაობს, დინჯი, მოზომილი მოძრაობებით.

იგი ფრთხილია და, მართალია, ქულებს მრავლად არ მოიპოვებს, მაგრამ თავადაც არ კარგავს, საერთოდ ძნელად ეცემა ტატამზე. მოგეხსენებათ, რომ არსებობენ სპორტსმენები, რომელთაც სულ უნდა უკიჟინო, "ივარჯიშეო". მას პირიქით, უნდა დააძალო, რომ ვარჯიში შეწყვიტოს.

ღმერთმა ნუ ქნას, მომავალში ტრავმამ ან სხვა გაუთვალისწინებელმა მიზეზმა შეაფერხოს, თორემ სხვა მხრივ, მერწმუნეთ, ლაშა უდავოდ დიდი სპორტსმენი გაიზრდება"
- გვითხრა შარშან გორის "სპორტული ცენტრის" ხელმძღვანელმა გია თენაძემ.

და მართლაც, შარშან აპრილიდან ლაშამ უკვე სტაბილურად დაიწყო აღმასვლა. ახალგაზრდებში მისთვის ეს ბოლო სეზონი ისევ ბერძნული მუდანიას ტურნირით დაიწყო, სადაც ფინალისტი გახდა.

სამ კვირაში საქართველოს 20-წლამდელთა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიმარჯვა. შემდეგ უკვე პრაღაში ევროპის თასზე ერთი წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორა და წინ ამჯერადაც არავინ გაუშვა. წარმატებული გზა ლომელში (ბელგია) ევროპის ჩემპიონატზეც გაგრძელდა.

ბელგიაში კარგად გამოჩნდა, რომ ლაშას სპორტული ფორმა სრულად აღედგინა. სამი შეხვედრა იპონით მოიგო, ფინალში კი, მართალია, სლოვენიელი ანდრეს იერები დაპირისპირების ნაადრევად დასრულებას გადაურჩა, მაგრამ ბოლო წუთებზე არაქათგამოცლილი, ძლივსღა იდგა ტატამზე, ხოლო ქართველს საერთოდ არ ეტყობოდა დაღლა და მოწინააღმდეგეს სულ აქეთ-იქით "ათრევდა".

გორელი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატზეც ახლოს იყო ოქროს მედალთან - ერთადერთი მარცხი კორეელ დონგკიო ლიისთან არბიტრთა გადაწყვეტილებით იწვნია. მეტოქეებმა ერთმანეთს ქულები ვერ აართვეს და მსაჯებმა გაფრთხილებებით "გაარკვიეს" უძლიერესი.

"ჯერ კიდევ პირველი გაფრთხილება იყო სადავო, მაგრამ აი, მეორე "შიდო" რატომ მივიღე, დამიჯერეთ, მართლა ვერ გავიგე და ვერც ვინმემ ამიხსნა არგუმენტირებულად" - გვითხრა სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნების მერე შავდათუაშვილმა.

ხუთ თვეში განაღდებული ლიცენზია
უფროსებში მის მიერ პირველად მოგებული შეჯიბრება თბილისის საერთაშორისო ტურნირია. ჩვენი დედაქალაქის ტატამზე შავდათუაშვილმა ყველა ბარიერი ისე გადალახა, რომ ქულაც არ დაუკარგავს. ამ დროს ეროვნულ გუნდს 66 კგ-ში ოლიმპიურ რეიტინგში სახარბიელოდ არ ჰქონია საქმე და პეტერ ზაიზენბახერმაც ევროპულ ტურნირებზე ლაშას გამოცდა გადაწყვიტა.

ზემოთაც ვთქვით, რომ მას პრაღა კარგად აქვს დაცდილი. ამ ქალაქში, ახალგაზრდებიდან მოყოლებული, წლეულს თებერვალში უკვე მესამედ იჭიდავა და უწინდელივით ისევ საუკეთესო იყო. ჩეხეთში მოპოვებული წარმატების მერე შავდათუაშვილი საქართველოდან ლიცენზიის უპირველესი კანდიდატი გახდა.

დამაგვირგვინებელი აკორდი კი ჩელიაბინსკში, ევროპის ჩემპიონატზე კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლა იყო. ამ ექვსი თვის წინათ ძნელად ვინმე თუ იფიქრებდა, რომ შავდათუაშვილი ლონდონის ოლიმპიურ ლიცენზიას დაიმსახურებდა, მაგრამ მან ეს შეძლო - ლაშამ დიდებში გადასვლიდან (ნოემბერი) ხუთ თვეში ოლიმპიადის ლიცენზია (აპრილი) გაინაღდა!

გორის სპორტულ დარბაზებში ხშირად მიწევს სტუმრობა. სპორტსმენებთან არცთუ იშვიათი ურთიერთობისას მათი პიროვნული თვისებებიც ნათლად ჩანს.

ვინც შავდათუაშვილს პირადად იცნობს, მის დასახასიათებლად მხოლოდ საჭიდაო ტალანტზე საუბრით ვერ შემოიფარგლება. შეუძლებელია, ხაზი არ გაუსვა მის თავმდაბლობას და ზრდილობას, რაც ყოველთვის თვალშისაცემია.

ტატამზე მხრებში გაშლილი და ზვიადი, მის მიღმა მეტად თავმდაბალია. ამას წინათ გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ თუშიშვილმა მითხრა:

"ასაკით ჩემზე პატარაა და ამიტომ ლაშას დიდი ხანი არაა, რაც ვიცნობ, თუმცა მასთან ელემენტარულ ურთიერთობასა და ხასიათის თვისებებში მალევე იმდენი დადებითი დავინახე, რომ გადავწყვიტე, ოლიმპიადაზე განსაკუთრებით ვუქომაგო! მით უფრო, რომ თანაქალაქელია და ერთ წონით კატეგორიაში გამოვდივართ".

ოთართან ერთად ლაშას, რასაკვირველია, კიდევ ბევრი ვქომაგობთ.

შენიშვნა: მონაცემები ლაშა შავდათუაშვილის სპორტული კარიერის შესახებ აღებულიაhttp://sportall.ambebi.ge 23 ივლისის გამოცემიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100