რა პრობლემები შეუქმნა ესპანელებს მსოფლიო ჩემპიონობამ?

ერთთვიანი რბოლა ესპანეთის ტრიუმფით დასრულდა! ამიერიდან მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ჰყავს და ვერავინ იტყვის, რომ პირინეელებმა ეს ტიტული დაუმსახურებლად მოიპოვეს. კვირას, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღე სწორედ „ფურია როხასთვის“ (ესპანეთის ნაკრების მეტსახელია) გამოდგა იღბლიანი.

ამ გამარჯვებით ესპანეთმა ორი მნიშვნელოვანი რეკორდი დაამყარა: ის არის ჯერჯერობით ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ გახდა ჯერ ევროპის, მერე კი მსოფლიოს ჩემპიონი. მსგავსი შედეგი 4-წლიან პერიოდში საფრანგეთის ნაკრებსაც აქვს, თუმცა ფრანგები 1998 წელს ჯერ მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, 2000-ში კი ევროპაშიც იპირველეს.

რაც შეეხება ესპანელთა მეორე მიღწევას: ეს არის ერთადერთი ევროპული ნაკრები, რომელმაც სხვა კონტინენტზე იჩემპიონა! აქამდე მსგავსი რამ ვერცერთ ევროგრანდს ვერ გაუკეთებია.

ბუნებრივია, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ფეხბურთის ყველა მოყვარული ნახავდა და ამგვარად, მომენტებისა და თამაშის მიმდინარეობის აღწერით თავს არ შეგაწყენთ. მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ მოლოდინისამებრ, ესპანეთ-ჰოლანდიის შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, რაზეც სხვათა გარდა წითელ-ყვითელ ბარათების სიმრავლეც მეტყველებს. ინგლისელმა არბიტრმა ჰოვარდ ვებმა 13 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს!

საინტერესოა, რომ ზუსტად ფინალის წინ ესპანეთს კვლავ გადაუარა სეპარატისტულმა ტალღამ. გეცოდინებათ, კატალონიელები დამოუკიდებლობას ითხოვენ და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია სწორედ ახლა მოაწყვეს.

იქაურ სპორტულ მედიაში კი უკვე დიდი „ომია“ გაჩაღებული: კატალონიური გაზეთები ამტკიცებენ, ესპანეთის ჩემპიონობა ჩვენი ფეხბურთელების დამსახურებაა და ყველანი მათ უნდა უმადლოდეთო.

სხვათა შორის, ფინალში ერთადერთი გოლიც ხომ კატალონიელმა, ანდრეს ინიესტამ გაიტანა დამატებითი დროის მიწურულს.

მოკლედ, ესპანეთში მონასტერი აირია და ვითარების ჩაცხრობა ნაკრების თავკაცმაც სცადა. საჩემპიონო შამპანურის წვეთებში გახვეულმა ვისენტე დელ ბოსკემ თავისი პირველივე ინტერვიუ ასეთი სიტყვებით დაიწყო: „კატალონიელებიც ისეთივე მსოფლიოს ჩემპიონები ხართ, როგორც მთელი დანარჩენი ესპანეთი. ასე რომ, ვიცხოვროთ და ვითამაშოთ ერთად!“
რა თქმა უნდა, ესპანეთში ახლა სახალხო ზეიმია გამოცხადებული, აი, ჰოლანდია კი აცრემლებული დაბრუნდა შინ. ისტორიაში ეს უკვე მესამე ფინალია, რომელსაც „ტიტები“ აგებენ და როდის გატყდება ნავსი, ძნელი სათქმელია. არადა, ისევე როგორც ახლა, ჰოლანდია იოჰან კრუიფის დროსაც ძალიან ახლოს იყო სანუკვარ მიზანთან...

აი, ჰოლანდიელთა მწვრთნელი ბერტ ვან მაარვიკი კი იხტიბარს მაინც არ იტეხს - ამ გუნდით 4 წლის მერე დავბრუნდები და გავიმარჯვებთო...

ცოტა რამ „მცირე ფინალზეც“ ვთქვათ: მესამე ადგილისთვის მატჩში გერმანიამ 3:2 დაამარცხა ურუგვაი და ზედიზედ მეორე ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლებით დაასრულა.

ამგვარად, 2010 წლის მუნდიალის სამივე საპრიზო ადგილი ევროპელებმა გაინაწილეს.

რაც შეეხება ლაურეატებს: მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად ურუგვაელთა კაპიტანი დიეგო ფორლანი დაასახელეს და „ოქროს ბურთი“ გადასცეს; საუკეთესო ბომბარდირის (5 გოლი, 3 საგოლე პასი) და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზები ერგო გერმანელთა ამომავალ ვარსკვლავ თომას მიულერს; ხოლო ესპანელთა კაპიტანი იკერ კასილიასი ტურნირის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

ასე დასრულდა დიდი ფეხბურთი, რომელსაც გულშემატკივრები კიდევ 4 წელი უნდა ელოდონ, 2014-ში კი მუნდიალს უკვე ბრაზილია უმასპინძლებს...

კომენტარი