რუსეთმა უკრაინული ფეხბურთი დაიპყრო

უკრაინამ რუსეთს მორიგი კოჭი გაუგორა: ამჯერად ლაპარაკია ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატების გაერთიანებაზე.

უკრაინა-რუსეთის უერთიერთობები ბოლო ხანს მკვეთრად რომ შეიცვალა, ცნობილი ამბავია და პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ შეთანხმებებს, შესაძლოა, მალე ფეხბურთიც შეემატოს. ამის თაობაზე უკვე ოფიციალურად განაცხადა დონეცკის “შახტარის” პრეზიდენტმა, მილიარდერმა რინატ ახმეტოვმა, რომელიც უკრაინაში საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლება.

“დარწმუნებული ვარ, გაერთიანებული ჩემპიონატი ძალიან ძლიერი იქნებოდა და ევროპაში მხოლოდ ინგლისს და ესპანეთს თუ ჩამორჩებოდა. ეს არის იდეა, რომლის განხილვა აუცილებლად ღირს” – განუცხადა ახმეტოვმა ჟურნალისტებს.

მისივე განცხადებით, რუსეთ-უკრაინის საერთო ჩემპიონატს უზომო ინტერესი ექნება გულშემატკივრებში, რაც დამატებით შემოსავალს ნიშნავს და ასეთი შანსის ხელიდან გაშვება გამართლებული ვერანაირად ვერ იქნება.

“წარმოიდგინეთ, უკრაინაში რუსეთის საუკეთესო კლუბები ჩამოვლენ. ხომ იოლი წარმოსადგენია, როგორ გადაიჭედება ჩვენი სტადიონი ყველა თამაშზე?!” – დასძენს ახმეტოვი და იქვე ამატებს, რომ საქმეს მხოლოდ ორივე მხარის კეთილი ნება სჭირდება. თავად კი “შახტარის” სახელით, უკვე დაადასტურა ამ პროექტისთვის მზადყოფნა.

რუსებს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ახმეტოვის სიტყვები გულზე მალამოდ რომ მოეფინებოდათ, რა ძნელი მისახვედრი უნდა იყოს. მოკლედ, რუსეთ-უკრაინის “სიყვარულს” საზღვარი აღარ უჩანს...

კომენტარი

×