სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ევრო-2012“-ის მთავარ არენას გახსნის ცერემონიალზევე ხანძარი დაებედა (ვიდეო)

კიევის ოლიმპიურ სტადიონს 75 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, პირდაპირ გახსნის ცერემონიალზე გაუჩნდა ცეცხლი, როცა პოპ-ვარსკვლავი შაკირა და სხვა მსოფლიოში ცნობილი პოპ-პერსონები სტადიონის გახსნის რიტუალში მონაწილეობდნენ.

პირატული შოუს შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა გასანათებელ მოწყობილობებს, რომლებიც VIP ლოჟასთან მდებარეობს. ცერემონიალი არ შეწყვეტილა. ხანძარი ცეცხლმაქრებით, საკმაოდ ოპერატიულად ჩააქრეს. გუშინ ინტერნეტში უკვე გაჩნდა ვიდეორგოლი, სადაც ეს ხანმოკლე ხანძარია აღბეჭდილი.

სტადიონის გახსნის ცერემონიალს უკრაინის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. კიევის სტადიონის რეკონსტრუქცია და „ევრო-2012“ მთავარ არენად მისი მომზადება 600 მილიონი დოლარი დაჯდა. სწორედ ამ სტადიონზე უნდა ჩატარდეს „ევრო-2012“-ის ფინალი.

კიევის „ოლიმპიური“ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საფეხბურთო არენად ითვლებოდა დასაჯდომი ადგილების რაოდენობის მიხედვით - იგი 100 000 მაყურებელს იტევდა. მართალია, რეკონსტრუქციის შემდეგ სტადიონის ტევადობა 70 050 მაყურებლამდე ჩამოვიდა, მაგრამ მას დაემატა გამჭვირვალე კიდე, რომელიც წვიმისგან და სხვა ბუნებრივი მოვლენისგან იფარავს უკლებლივ ყველა დასაჯდომ ადგილს. სტადიონზე ასევე გაჩნდა VIP ლოჟები და საგანგებო ადგილები უნარშეზღუდული მაყურებლებისთვის.

პირველი ოფიციალური მატჩი რეკონსტრუირებულ სტადიონზე 11 ნოემბერს შედგება, უკრაინისა და გერმანიის ნაკრებ გუნდებს შორის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100