სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მალხაზ ურჯუკაშვილი: რუსეთი ჩვენთვის განსაკუთრებული მეტოქე ოყო!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების რუსეთთან გამარჯვებას (36:8) დღემდე ტკბილად იხსენებს ქართველი გულშემატკივარი. „ბორჯღალოსნებმა“ შესანიშნავად დაასრულეს „ერთა თასის“ გათამაშება და პირველი ადგილით გაემგზავრებიან 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
მალხაზ ურჯუკაშვილი ის მორაგბეა, რომელიც ჩვენს ნაკრებთან ერთად ზედიზედ მესამედ ითამაშებს ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირში და „დრონი.ჯი“-ც სწორედ მას გაესაუბრა. ჩვენი ინტერვიუს მთავარი თემა, რა თქმა უნდა, რუსეთთან დაუვიწყარი მატჩი იყო...

- როგორ გაიხსენებ რუსეთთან 20 მარტის მატჩს?
- ის დღე ალბათ მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება. უდიდეს სიხარულს განიცდი, როცა ხედავ, როგორ ახარებ შენს გულშემატკივარს და მთელ ქვეყანას. ეს ძალიან მაგარი გრძნობაა, ალბათ აუღწერელიც...
- და რას ნიშნავს პირადად შენთვის რუსეთის წინააღმდეგ მოედანზე გასვლა?
- რუსეთთან თამაში უდიდესი პასუხისმგებლობაა. აქ შეცდომის უფლება არ გაქვს. თუ ფეხი დაგიცდა და შეცდომა დაუშვი, გულშემატკივარმა შეიძლება არ გაპატიოს, რადგან ყველამ ვიცით, რას წარმოადგენს ეს ქვეყანა ჩვენთვის!
- რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა?
- ცხადია, კარგი იქნებოდა, თბილისში გვეთამაშა, რადგან უფრო მეტი ხალხი მოვიდოდა სტადიონზე, მაგრამ ტრაბზონში თამაშსაც არ შეუცვლია ის განწყობა, რაც მთელ გუნდს გვქონდა. განსაკუთრებით მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც იქ ჩამოვიდა და მთელი მატჩის განმავლობაში გვქომაგობდა. ეს მართლაც დაუვიწყარი დღე იყო.
- თამაში ჩვენთვის რთულად დაიწყო: რუსებმა ლელო დაგვიდეს და დაწინაურდნენ კიდეც. როდის დარწმუნდი, რომ მეტოქეს შანსი არ ჰქონდა?
- როცა დავით ზირაქაშვილმა საპასუხო ლელო დადო, უკვე ვიცოდი, რომ ის დღე ჩვენი იქნებოდა.
- მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა, ტიმ ლეინმა აღნიშნა, ძალიან მინდა, საქართველოს ნაკრები ყოველთვის ისე თამაშობდეს, როგორც რუსეთის წინააღმდეგო. მაინც რას ნიშნავს ეს მეტოქე თქვენთვის, რატომ არის ასეთი განსაკუთრებული?

- რუსეთთან თამაშს თავისებური დატვირთვა აქვს და ამას განგებ არავინ ვიქმნით. თავისთავად ხდება ასე. შეცდომის უფლება არ გვაქვს და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ხალხის და ქვეყნის წინაშე. ალბათ ესაა მთავარი მიზეზი.
- ქართველებით გადაჭედილი უცხო სტადიონი. ელოდით ასეთ რამეს?
- კი, წინასწარ ვიცოდით, რომ ყველა ბილეთი გაყიდული იყო, მაგრამ ასეთი დაუვიწყარი ქომაგობა მაინც სიურპრიზი იყო ჩვენთვის.
- მატჩის შემდეგ რუს მორაგბეებთან თუ გქონდათ კონტაქტი?
- პირადად მე არ მისაუბრია მათთან, თუმცა ჩვენს გუნდში არიან ბიჭები, რომლებსაც რამდენიმე რუს მორაგბესთან კარგი ურთიერთობა აქვთ.
- „ერთა თასის“ ამ გათამაშებამ ერთი ხინჯი მაინც დაგვიტოვა – რუმინეთთან წაგებას ვგულისხმობ. რუსეთთან მოახლოებულმა თამაშმა ხომ არ ითამაშა ამაში ცუდი როლი?
- არა მგონია. უფრო სხვა მიზეზი იყო. მაგალითად, რუმინეთში ერთი წესიერი ვარჯიშიც კი ვერ ჩავატარეთ და ალბათ მეტოქეც ვერ შევაფასეთ. ალბათ უფრო ეს იყო მიზეზი.
- და ამ ერთადერთი წაგების გამო თასი დაკარგეთ...
- ეს ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა იყო და მიხარია, რომ ეს შევძელით.
- რას ველოდოთ საქართველოს ნაკრებისგან მსოფლიოს ჩემპიონატზე?
- წინასწარ მიჭირს პროგნოზის გაკეთება. თუმცა არაფერს დავიშურებთ, რომ წინა ჩემპიონატზე უკეთ ვითამაშოთ და კიდევ ერთხელ გავახაროთ ქართველი ხალხი!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100