ღარიბაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს შეხვდა. მხარეებმა საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში ქართული ოლიმპიური მოძრაობისა და ქართული სპორტის როლზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2015 წლის ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობასა და მის მოსამზადებელ სამუშაოებს. პრემიერის თქმით, თბილისი პირველია პოსტსაბჭოთა სივრციდან, ვისაც ფესტივალის მასპინძლის პატივი ერგო, რაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცხადებულ დიდ ნდობაზე მეტყველებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად საქართველოში ვიზიტისთვის.
„ამას ჩვენ აღვიქვამთ, როგორც პატივისცემასა და დაფასებას ქართველი ოლიმპიელების, ჩვენი ღვაწლმოსილი სპორტსმენების მიმართ, აგრეთვე როგორც თქვენს მხარდაჭერას საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის მიმართ,“–აღნიშნა პრემიერმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო მედალი და საიუბილეო სუვენირი გადასცა.

შეხვედრას ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრნენ.

კომენტარი