სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა შეემთხვა გიორგი ლორიას კიევში? თემურ ქეცბაია გადარეულია...

თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია 2012 წლის შემოდგომამდეც პოპულარული იყო, მაგრამ ესპანეთის ნაკრებთან ბრწყინვალედ ჩატარებულმა მატჩმა მას საქართველოში ისეთი აღიარება და სახელი მოუპოვა, რასაც ნებისმიერი ქართველი სპორტსმენი ინატრებდა.

გიორგის მამის, ნუგზარ ლორიასთქმით, საფრანგეთში გიორგის ფანკლუბი აღმოაჩინა, "დინამოს" კაპიტანი უკვე ქართულ სარეკლამო რგოლებში გამოჩნდა, მცირე ხნის წინათ კი ფილმში ერთ-ერთი მთავარი გმირის როლი შეასრულა.

საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა,ირაკლი ჩხიკვაძემ გადაიღო ფილმი "რა მოხდა კიევში", რომლის პრემიერაც 28 მაისს თბილისის კინოთეატრებში გაიმართება.

ლორია მისი ერთ-ერთი გმირია. ფილმის ანონსში წერია: "თამაში იწყება... ლორია კი არსად ჩანს. დაგვერხა... დაგვერხა... დაგვერხა... ნეტავ, კიევში რა მოხდა?"

რა მოხდა უკრაინის დედაქალაქში, ამას ფილმის ნახვის შემდეგ შეიტყობთ, ჩვენ კი რეჟისორს დავუკავშირდით და ამ, ერთი შეხედვით, მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი ვკითხეთ.

"გიორგის მიწვევა რამდენიმე ფაქტორის გამო გადავწყვიტე. ჯერ ერთი, წარმატებული სპორტსმენია, ხალხმა შეიყვარა, ნიჭიერია, ნამდვილი ქართული იერი აქვს, სიმპათიურია და საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ვარსკვლავად არის დაბადებული.

გარდა ამისა, მაყურებლისთვის საინტერესო იქნება ფილმში ცნობილი ქართველი სპორტსმენის მონაწილეობა, რაც კომერციულადაც მომგებიანია. აქედან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ მაყურებელი გიორგის კარგად მიიღებდა.

სხვათა შორის, მოულოდნელად, ლორიამ როლი სწრაფად მოირგო და თავი ძალიან კარგად გაართვა. ეტყობა, რომ მის ოჯახს კინოსთან შეხება აქვს (გიორგის მამა, ნუგზარ ლორია რეჟოსორია ფილმებისა "მაცივარში ვიღაც იჯდა", "ეს პელეა" და ა.შ.)," - გვითხრა ჩხიკვაძემ.

ინტერვიუ გიორგი ლორიასაც ჩამოვართვით.

- რეჟისორის თქმით, წარმატებული სამსახიობო დებიუტი გქონდა.
- ვერაფერს ვიტყვი. ეს რეჟისორის, მაყურებლისა და კინომცოდნეების შესაფასებელია.

- ეს წინადადება უცნაურად არ მოგჩვენებია?
- რა თქმა უნდა, მე ფეხბურთელი ვარ, კინო კი სულ სხვა სფეროა. თუმცა, ირაკლიმ საინტერესო წინადადებით მომმართა. რატომაც არა-მეთქი და დავთანხმდი. მოულოდნელობასთან ერთად, ფილმშიც და კლიპებშიც მონაწილეობა სასიამოვნო იყო. ბევრი ცნობილი მსახიობი იყო ჩართული და საკმაოდ თბილი და მეგობრული გარემო ჩამოყალიბდა.

- გასაგებია, რომ პრემიერამდე ფილმის შინაარსს არ გაამხელ, მაგრამ ის მაინც გვითხარი, რა როლს ასრულებ?
- სიუჟეტს ნაწილობრივ გაგიმხელთ: ფილმში ჩემს თავს ვასახიერებ. ესპანეთთან მატჩის წინადღეს ვიკარგები. ოჯახის წევრები და ძმაკაცები მეძებენ, მაგრამ ვერ მპოულობენ. არადა, წინასწარ იციან, რომ ძირითადში უნდა მეთამაშა. თემურ ქეცბაია გადარეულია, კითხულობს, სად ვარ, რა მჭირს. სიუჟეტი ამაზეა აგებული, დანარჩენი კი თავად იხილეთ.

- დღეს ასეთი შემოთავაზებები შემოსავლებსაც გულისხმობს.
- თავისთავად ცხადია, გარკვეული ანაზღაურებაც შემომთავაზეს. მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ამ სფეროსთან შეხება გახლდათ.

- ბოლო დროს, საკმაოდ ბევრ რეკლამაშიც გამოჩნდი.
- "ცივი ჩაის" და "კოკა-კოლას" დაკვეთილ კლიპებში ვმონაწილეობდი.

- ახლა შემოთავაზებებიც გაქვს?
- არის და კიდევ რაღაცებს ვარკვევ. ფილმი თუ წარმატებას მოიპოვებს, შესაძლოა, მეორე სერიაც გადაიღონ. იმედია, ასეც მოხდება, რადგან ნიჭიერი ადამიანების გუნდი მუშაობდა.

- გადაღებებში მონაწილეობა ვარჯიშში ხელს არ გიშლის?
- არანაირად. ჩემი მდგომარეობა კლიპებისა და ფილმის რეჟისორებმაც გაითვალისწინეს და გადასაღები დრო აქედან გამომდინარე შეარჩიეს.

- რეჟისორი მამა კინოში შენს პირველ ნაბიჯებს როგორ აფასებს?
- ფილმი უკვე ნახა და ძალიან მოეწონა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100