კავკასიაში მიწისძვრის 50 ათასი კერაა

კავკასიაში მიწისძვრის 50 ათასი კერაა. ეს განცხადება დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომაზე, აკადემიის წევრ-კორესპოდენტმა გურამ გაბრიჩიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ერთ საუკუნეში 10 თუნდაც 8-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, მიუთითებს იმაზე, რომ კავკასიისთვის მიწისძვრა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და შესაბამისად, საქართველომ გარკვეული ღონისძიებები უნდა გაატაროს იმისთვის, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად დაცული იყოს მოსალოდნელი საფრთხისგან.
გაბრიჩიძის განმარტებით, აუცილებელია, რომ შეიქმნას ერთიანი სამშენებლო-ნორმატიული ბაზა, რომლის საფუძველზეც მოხდება საქართველოში ამა თუ იმ სამშენებლო პროექტის განხორციელება.
"მშენებლობის ტექნიკური-ნორმატიული ბაზა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე მშენებლობის ნორმებია მოცემული, თუმცა მითითებული არ არის მთავარი პრიორიტეტები. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითად შემიძლია დავასახელო ევროპის გამოცდილება და ის ნორმატიული ბაზა, რომელიც არსებობს 35 წელია", - განაცხადა გაბრიჩიძემ.
მეცნიერებათა აკადემიის კიდევ ერთმა წევრ-კორესპოდენტმა თამაზ ჭელიძემ სპეციალურ მოხსენებაში, სახელწოდებით, "იაპონიის 11 მარტის დამანგრეველი მიწისძვრა და საქართველოს ტერიტორიის სეისმური უსაფრთხოების პრობლემა", აღნიშნა, რომ საქართველო განლაგებულია ახალგაზრდა ალპურ ტექტონიკურ სარტყელში, რაც განაპირობებს ძლიერი მიწისძვრების წარმოქმნას მისი ტერიტორიის უმეტეს ნაწილში.
"ამას მოწმობს, თუნდაც 1991 წლის რაჭის მიწისძვრა, რომელსაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი და უდიდესი ეკონომიკური ზარალი მოყვა და თბილისის 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრა. საქართველოში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის 75-80% მიწისძვრებთან არის დაკავშირებული. საქართველოს სეისმური რისკის შემცირება მოითხოვს აქტიური ღონისძიებების ჩატარებას ორი ძირითადი მიმართულებით - სეისმური საშიშროებისა და რისკის შეფასება და სეისმომდეგი მშენებლობის უზრუნველყოფა", - განაცხადა თამაზ ჭელიძემ. მეცნიერებათა აკადემიაში იაპონიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და კავკასიაში მიწისძვრის საფრთხეებთან დაკავშირებით სპეციალური სხდომა გაიმართა. აკადემიური საბჭოს წევრებმა მოისმინეს თამაზ ჭელიძის, გურამ გაბრიჩიძის მოხსენება საქართველოს ტერიტორიის სეისმური უსაფრთხოების პრობლემის შესახებ. ასევე, იაპონიის ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა 1"-ზე განვითარებულ მოვლენებზე აკადემიკოსმა ჯუმბერ ლომინაძემ ისაუბრა. ინტერპრესნიუსი

კომენტარი