საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების ალეკო ხეთაგურის, ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

მტკიცებულებების სახით წარმოდგენილ დოკუმენტებს შორისაა შპს "ელენდეფსერვისისთვის" თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებული საბანკო ამონაწერი და 10 მოწმის ჩვენება, რომელთა შორისაც ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ალეკო ხეთაგურის მოადგილე მარიკა ვალიშვილიცაა.

გარდა ამისა, უწყება აქვეყნებს გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათს და ნიკა გვარამიას სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით კომპანიის პარტნიორთა კრების 14.11.2012 წლის სხდომის ოქმს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათთან ერთად გვარამიას "რუსთავი 2"-ის დირექტორად დანიშვნის გადაწყვეტილების ოქმი იმ შეფასების საპასუხოდ გამოაქვეყნეს, თითქოს მისი აყვანა, სწორედ აღნიშნულ ტელეკომპანიაში მის საქმიანობას უკავშირდება.
"ამ ორი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გვარამიას ირგვლივ გამოძიება იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ის "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნებოდა", - აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.

ამასთან, უწყების მიერ მტკიცებულებათა სახით გამოქვეყნებულ დოკუმენტაციებს შორისაა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც, რომელიც, როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს და რომლითაც "ელენდეფსერვისის" ფიქტიური შექმნა დასტურდება.

"თელასმა" მარტში ერთ-ერთ უცხოურ კომპანიას დაუკვეთა ფინანსური კვლევა. კომპანიამ ეს კვლევა ჩაატარა და ინგლისურ ენაზე გადასცა "თელასს", შემდეგ უკვე, როცა საქმეში "ელენდეფსერვისი" ჩაერთო და "თელასმა ხელშეკრულება უკვე მასთან გააფორმა, "ელენდეფსერვისს" არ ჰქონდა რესურსი, რომ ანალოგიური სახის კვლევა ჩაეტარებინა, ამიტომ "თელასმა" მას უცხოური კომპანიის მიერ მარტში განხორციელებული კვლევა გადასცა, "ელენდეფსერვისმა" ის ქართულად თარგმნა და გამოაქვეყნა. ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ სინამდვილეში "ელენდეფსერვისს" კველვა არ ჩაუტარებია და უცხოური კომპანიის და მის მიერ გამოქვეყნებული კვლევები რეალურად იდენტურია", - განმარტავენ უწყებაში.
მათივე თქმით, გამოძიება სწორედ "ელენდეფსერვისის" საქმესთან დაკავშირებით დაიწყო, ყოფილი მაღალჩინოსნების კვალზე კი უწყება გამოძიების მიმდინარეობისას გავიდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით 19 დეკემბერს ყოფილი მაღალჩინოსნები - ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დააკავეს. საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ სამი პირი, მათ შორის კომპანია "ელენდეფსერვისის" დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძეცაა.

კომენტარი