ზამთრის კურორტებზე სეზონი ჩავარდა

ზამთრის კურორტებზე წლევანდელი სეზონი ჩავარდა. ამის მიზეზი გუდაურსა და ბაკურიანში თოვლის არ არსებობაა. წელს დამსვენებლებს მესტიაშიც შეუძლიათ ჩასვლა, სადაც სეზონი გაცილებით დიდხანს გასტანს, ვიდრე ბაკურიანსა და გუდაურში.

როგორც ,,დრონი.ჯი’’-სთან საუბარში ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ განაცხადა, წელს ზამთრის კურორტებს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს გათვლით 100 000 ტურისტი უნდა ესტუმროს.
,,აქტიურ ფაზაში არ შესულა სეზონი, ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ტურისტების რაოდენობა არ არის საკმარისი. წელს მესტიაც დაემატა, ამიტომ უფრო მეტი ვიზიტორი იქნება, ვიდრე ეს თუნდაც 2009 წელს იყო’’-აცხადებს სიდამონიძე.
გასულ წელს ზამთრის სეზონზე გუდაურსა და ბაკურიანს 60 000-მდე ტურისტი სტუმრობდა. ახლა ეს ციფრი გაცილებით ნაკლები იქნება, ვინაიდან როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს გრძელვადიანი პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განგვიმარტა, იანვრის შუა რიცხვებამდე ნალექის მოსვლა არ არის მოსალოდნელი.
,,ამჟამად თოვლი არ არის ბაკურიანში. გუდაურში კი მისი საფარი 10-12 სმ-ს აღწევს. შედარებით უხვი ნალექის მოსვლას იანვრის მეორე ნახევარში ველოდებით. ახლა თოვლი არის მხოლოდ ჯვრის უღელტეხილზე და მესტიაში. რაც შეეხება გუდაურს, იქ შეიძლება 28-29 დეკემბრისთვის მოვიდეს ნალექი, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით’’-აცხადებს გვაზავა. რეალურად სეზონი ზამთრის კურორტებზე უკვე დაიწყო, მაგრამ ოფიციალურად იგი დაახლოებით 23 დეკემბრის მერე გაიხსნება.
ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში უკვე მუშაობენ სარეკლამო რგოლებზე, რომელიც ქვეყანას ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება, თუმცა რეალობის გარკვევას დამსვენებლები ტურისტული სააგენტოების საშუალებით მაინც ახერხებენ.
სააგენტო ,,ინფო თრეველ თბილისის’’ ხელმძღვანელი გიორგი ხოფერია ამბობს, რომ წელს გაცილებით ნაკლები ვიზიტორი ჰყავთ, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო. ხოფერიას განმარტებით ხშირად ტურისტი ჯავშანს ადებს სასტუმროს ნომერს, მაგრამ მას შემდეგ რაც კურორტზე არსებულ ვითარებას ეცნობა, უარს ამბობს ჩვენს მომსახურებაზე.
,,იორ თრეველის’’ ტურ ოპერატორი სალომე მწარიაშვილი კი აცხადებს, რომ მათთან ზამთრის კურორტებზე წამსვლელთა რიცხვი საკმაოდ მაღალია და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
,,ჩვენ კლიენტებს ვუყვებით რეალურ ვითარებას, რომ თოვლის საფარი არის, მაგრამ მათ უმრავლესობას სურს დასვენება და თოვლის ის რაოდენობაც აკმაყოფილებთ, რაც არის’’.
ცარიელია სასტუმროები ბაკურინსა და გუდაურში. თუმცა სტუმრების მხრივ უფრო რთული მდგომარეობა ბაკურიანშია. სასტუმრო ,,ვერე პალასის’’ ადმინისტრატორი მაია ქიმერიძე ,,დრონი.ჯი’’-სთან საუბარში ამბობს, რომ ამჟამად ტურისტები და დამსვენებლები არ არიან, თუმცა სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით გაცილებით მეტ სტუმარს ელოდებიან. ქიმერიძის თქმით, ამჟამად სასტუმროში ძირითადად საქმიანი ვიზიტით მყოფი ადამიანები იმყოფებიან.
თოვლის არ არსებობამ აზარალა მაღაზიები, რომლებიც სათხილამურო აქსესუარების გაყიდვას ახორციელებენ. როგორც "გეთ.გე"-ს ოპერატორმა ,,დრონი.ჯის’’ განუცხადა, წელს შესამჩნევად დაბალია თხილამურების მყიდველთა რაოდენობა.

მაია ბარბაქაძე ინტერნეტ მაღაზია ,,გეთ.გე’’-ს ოპერატორი: იმის გამო, რომ ჩვენ ძირითადად მუდმივი კლიენტები გვყავს, ზარალზე არ გავსულვართ, თუმცა თოვლის არ არსებობის გამო ზამთრის სათხილამურო აქსესუარებზე არ არის დიდი მოთხოვნა. ამის გამო გაიაფდა თხილამურების ფასი. ტანსაცმლის გარეშე სათხილამურო აქსესუარების ფასი 600 ლარამდე ჩამოვიდა, როცა 1000 ლარს აჭარბებდა.
იმისთვის, რომ თხილამურებით ტრასაზე ისრიალო, მინიმუმ ერთი მეტრის თოვლის საფარია საჭირო, ამჟამად გუდაურში თოვლის საფარი მხოლოდ 15 სმ-ს აღწევს, მესტიაში კი 40 სმ-ს. ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ტურისტებს ახალი წლის ღამეს თხილამურებით სრიალის შესაძლებლობა ექნებათ. მათ, კი ვისაც ახალი წლის ღამეს თოვლის მოსვლის არ სჯერა, მოუწევს იანვრის შუა რიცხვებს დაელოდონ, ვინაიდან გრძელვადიანი პროგნოზების ცენტრში უხვი თოვლის მოსვლას სწორედ 20 იანვრის შემდეგ ვარაუდობენ.

კომენტარი