ისინი არ ქმნიან კერპებს, მაგრამ... ბიძინას მაინც ენაცვალებიან (ვიდეო)

ევროსტრუქტურების ოფიციალურ პირებთან შეხვედრებით და მათი მხრიდან კრიტიკით გულდამძიმებულმა მილიარდერმა პრემიერმა თავის ჩვეულ მეთოდს მიმართა და განტვირთვის მიზნით ისეთ აუდიტორიას მიაშურა, სადაც მასზე აუგს, როგორც წესი, არ ამბობენ – ის ქართველ ემიგრანტებს შეხვდა.

შეხვედრას სამასამდე ქართველი დაესწრო და მისი ძირითადი ნაწილი, რასაკვირველია, ქართველთა მხსნელად მოვლენილი ბიძინა ივანიშვილის ქება–დიდებაში გაილია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმაც მიაღწია დასახულ მიზანს – დარდი განიქარვა, რაც მის, თავდაპირველად მოღუშულ, ხოლო შემდეგ ღიმილმოფენილ სახეზე აშკარად იკითხებოდა.

შეხვედრის დასასრული განსაკუთრებულად ამაღელვებელი აღმოჩნდა: ერთმა ქართველმა ემიგრანტმა პირდაპირ დარბაზიდანვე ისარგებლა პოეზიისადმი ივანიშვილის ტრფიალით და საქართველოზე ლექსი წაიკითხა, რომელიც სანახევროდ მისივე იყო, სანახევროდ კი... შოთა რუსთაველის.

ენერგიული ჟესტიკულაციით წარმოთქმული ლექსი, სადაც იყო სიტყვები: „აგუგუნდი“, „ამოხეთქე“, „მჩქეფარე“, „სამშობლო“, შოთა რუსთაველის ფრაზით დაგვირგვინდა: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!“, რომელიც მთელმა დარბაზმა აიტაცა. ლექსის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ფეხზე წამოდგა და, ნეტარი ღიმილით სახეზე, დიდხანს უკრავდა ტაშს, ხოლო პოეზიის მოყვარულმა ქართველმა ემიგრანტმა, სანამ მიკროფონს სხვას გადაულოცავდა, ომახიანად მიაძახა: „თქვენ გენაცვალეთ, ბატონო ბიძინა, ჩვენი გაძლება მოგცეთ!..“

ალბათ, ძნელია, ქართველი ემიგრანტის ბოლო ფრაზას არ დაეთანხმო – ბიძინა ივანიშვილის გამძლეობას დიდი გამოცდა ელის, განსაკუთრებით, ევროპული ან/და ამერიკული ვიზიტების დროს...

შეხვედრაზე მერაბ ბლადაძეც იყო მისული. სწორედ ის ბლადაძე, რომლის ბინაშიც ცოტა ხანს ცხოვრობდა კარგად ცნობილი ვლადიმირ ბედუკაძე, მერე კი, თუ მერაბ ბლადაძეს დავუჯერებთ, მან ის ცემა და გააგდო. შეხვედრის შემდეგ ბლადაძემ, რომელმაც ივანიშვილს კონვერტით წერილი გადასცა, ბედუკაძეს „ჯალათი“ უწოდა, ხოლო წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის მთელ საქართველოს ეხებოდა.

წყარო

კომენტარი

×