სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროკურატურა დაკავებულთა ვინაობას „მოგვიანებით“ გაგვიმხელს

გუშინ მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაბარებულთა და შემდეგ დაკავებულთა ახლობლები სულ ამაოდ ელოდნენ პროკურატურის ოფიციალურ ინფორმაციას, სადაც მითითებული უნდა ყოფილიყო დაკავებულთა ვინაობა და მინიმუმ ის, თუ რაში სდებდნენ მათ ბრალს. ინფორმაცია გავრცელდა კიდეც, მაგრამ მასში არცერთი დაკავებულის ვინაობა მითითებული არ არის. სამაგიეროდ, განცხადებაში პროკურატურა „გვაიმედებს“ რომ დაკავებულთა ვინაობას და მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვითაც ისინი დააკავეს, მოგვიანებით გაგვიმხელს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურაში მიდინარე გამოძიების ფარგლებში, მთავარმა პროკურატურამ
შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამდებობის პირი დააკავა.

"ინფორმაცია განხორციელებულ დაკავებასთან დაკავშირებით დღის მანძილზე გავრცელდება. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, აგრეთვე, დაკავების საფუძველი. საქართველოს პროკურატურა, ისევე როგორც აქამდე, გამოაქვეყნებს შესაბამის მტკიცებულებებს, რაც დაკავების საფუძველი გახდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე კი იუსტიციის მინისტრი ალთასაა, პროკურატურა ბალთას და ადვოკატები კიდევ – ჩალთას...

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სულ დაკავებულია 9 პირი. მედიამ უკვე შესძლო გარკვევა, რომ მათ შორის არიან კუდ–ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა და კუდის თბილისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ყავლაშვილი. ამ უკანასკნელთან მიმართებაში თითქმის ყველაფერი გარკვეულია: მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მას ბრალი წარედგინა 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ასევე 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება "ქართუ ჯგუფის" კუთვნილი ტვირთის დაზიანებას ტერმინალზე.

ჯერჯერობით ბუნდოვანია სიტუაცია კუდ–ის ყოფილი უფროსის ლევან ქარდავას ბრალდების ირგვლივ. მისმა ადვოკატმა კახა შონიამ განაცხადა, რომ მეგის ქარდავას ძმას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. 143-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 333-ე მუხლით - უფლებამოსილების გადამეტება. ამ შემთხვევაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესიკ სურმავას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თეა წულუკიანს არაფერი უთქვამს თავისუფლების უკანანოდ აღკვეთის შესახებ და, მით უმეტეს, არც მილიარდერ ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას გატაცების შესახებ, რაზეც ლევან ქარდავას ადვოკატი ამახვილებდა ყურადღებას.

ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მომხრეები ბესო სურმავას გატაცებაზე და მისი ვიდეომიმართვის ჩაწერის დროს დაცვის წევრის არაადეკვატურობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, გავრცელდა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, როგორ დატოვა სურმავამ ივანიშვილის ოფისი: ის გარეთ გამოდის, სიგარეტს ეწევა, მერე მანქანა აკითხავს, ჯდება და მიდის – ეს კადრები სათვალთვალო კამერამ გადაიღო და იმედია, ქარდავას ადვოკატებს მისი მოპოვება არ გაუჭირდებათ, რათა გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდება თავშივე გამოირიცხოს...

იქნებ, ამ კონტრარგუმენტის არსებობითაც იყო გამოწვეული ის, რომ თეა წულუკიანის კომენტარში გატაცება საერთოდ არ ფიგურირებს და მისი თქმით, დაკავებულებს ბრალი ედებათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღებაში.

"დაკავებულია ცხრა ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ჩინოსნები, რომლებსაც ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელი, რათა ადამიანების პირადი ცხოვრება, მათ შორის კომერციული და ფინანსური ინფორმაცია გაეტანათ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა და დაამატა, რომ ეს არ არის პოლიტიკური დაკავებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100