სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეთანხმება შედგა: დავითგარეჯი ხვალიდან მთლიანად ხელმისაწვდომია (ვიდეო)

ჩიკაგოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ მონაკვეთზე, რომელიც ბოლო დღეებში პრობლემური გახდა, გადაადგილება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, - ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, კომპლექსის მოლოცვა ან დათვალიერება შეზღუდული არ იქნება მანამ, სანამ ამ მონაკვეთზე საზღვრის საბოლოო დელიმიტაცია არ მოხდება. უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების დავალებით ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელები და გადაწყდა, რომ დელიმიტაციამდე დავითგარეჯის იმ მონაკვეთზე, რომელიც 6 მაისიდან პრობლემურად ითვლებოდა, შეზღუდვები მოიხსნება, სანაცვლოდ კი ქართული მხარე იღებს ვალდებულებას, რომ ამ ადგილიდან არ მოხდება გადაადგილება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე:

”ჩვენი ვალდებულების შესრულების საკითხი ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კოორდინირებული ქმედებით გადაწყდება”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომელმაც უპასუხისმგებლო უწოდა ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ნაწილის ბოლოდროინდელ განცხადებებს დავითგარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით:

”არ დაგვავიწყდეს, რომ ესენი არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ხშირად მოსკოვშიც ჩადიან და მაშინ, როცა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მტრული სახელმწიფოს ინიციატივითა და ხელშეწყობით იერსახეს უცვლიან ჩვენი კულტურის ძეგლებს, მოგვიწოდებენ სიმშვიდისკენ, დაბალანსებული განცხადების გაკეთებისკენ და როცა საქმე ეხება ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოს, ლამისაა, ომის გამოცხადებისკენ მოგვიწოდონ”, - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

"ჩიკაგოში გაიმართა საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა. პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელებს დაავალეს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის მოგვარება. ამა წლის 20 მაისს შედგა სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა, რომელზეც გადაწყდა, რომ საქართველო -აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე სამონასტრო კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად მოხდება როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საქართველოში მყოფი უცხოელი ტურისტების დაშვება. საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება რომ ვიზიტორები არ გადაადგილდებიან აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში”, - ნათქვამია საქართველოს შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

ვიდეო: საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას კომენტარი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამა "აქცენტებში", 20.05.2011.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100