წმინდა გიორგის სადიდებელი

წმიდა გიორგის განსაკუთრებულ თაყვანისცემას საქართველოში ჯერ კიდევ IV საუკუნის დასაწყისში დაედო საფუძველი. ძველთაგანვე საქართველოს, წმიდა გიორგის ქვეყანას, „გეორგიას“ უწოდებდნენ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, კირიონის ცნობით წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო, ხოლო წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო - საქართველოს განმანათლებელი, დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ.

მას შემდეგ საქართველოში განსაკუთრებული პატივი მოსავს წმიდა გიორგის სახელს – საეკლესიო კალენდრის მიხედვით მისი ხსენების დღე ორჯერ აღინიშნება 23 აპრილს და 10 ნოემბერს (ძველი სტილით). ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართებოდა: ქართლში - გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა; კახეთში - ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში - ილორობა და სხვ.

საქართველოში არსებობდა წმიდა გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო (ლეგენდის მიხედვით, წმიდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა).

ქართველ ხალხს გაჭირვებაშიც და დალხინებაშიც გვერდით უდგას წმიდა გიორგი – ჩვენს ხალხურ პოეზიასა და საერო კლასიკურ პოეზიას ამშვენებს დიდმოწამისადმი მიძღვნილი ლექსები, რომელთაგან ქვემოთ ორს შემოგთავაზებთ:

ხალხური ლექსი

წმიდა გიორგიმ დაკაზმა

წმიდა გიორგიმ დაკაზმა

თავისი ალისფერიო,

შამაუარა საყმოსა,

შამაიგროვა ყმანია.

უგულოს გული ჩაუდგა,

წელზე ჩააბა ხმალია,

შამაუარა საყმოსა

გარშემოავლო ყავლია.

ზვიად გამსახურდია

წმიდა გიორგი

წმიდაო გიორგი, დიდების მხედარო,

ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი...

შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,

იხსენი სამკვიდრო შენი – გეორგია,

დიდების უფალი მართალთა მწედ არი.

წმიდაო რაინდო, გველი არ დაინდო,

მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!

კომენტარი