რატომ არ მოსწონთ მამაკაცებს მწეველი ქალები?

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე რამდენჯერმე გაიზარდა მწეველ ქალთა რაოდენობა. ეწევიან ქალები, ქალიშვილები და, ასე გასინჯეთ, პატარა გოგონებიც. ბევრი მათგანი დარწმუნებულია, რომ ამ გზით მიიპყრობენ საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას. სინამდვილეშიც, მამაკაცები, განსაკუთრებით მწეველები, იოლად პოულობენ მათთან საერთო ენას. მაგრამ პოტენციურ მეუღლედ რომ დასახონ ისინი, ამას მამაკაცების დიდი უმრავლესობა გამორიცხავს.

აზიატობაში რომ არ ჩაგვითვალონ, მოგახსენებთ არა საქართველოში, არამედ ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში სულ ახლახან ჩატარებული გამოკვლევის შედეგად მიღებულ ფაქტებს. 256 ჭაბუკის გამოკითხვით დადგინდა: უცნობი მწეველი ქალის მიმართ დადებითად განეწყობა მათი 4%, განურჩევლად - 54%, ხოლო უარყოფითად - 42%. სამაგიეროდ, შეკითხვაზე, იქნებოდნენ თუ არა მოსურნენი, რომ მწეველი მეუღლე ჰყოლოდათ, მხოლოდ ორმა გასცა დადებითი პასუხი, დანარჩენებმა კატეგორიული უარი განაცხადეს!

რატომ ხდება ასე? აღმოჩნდა, რომ, როგორ მიმზიდველადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ქალი, სიგარეტით ხელში იგი კარგავს შარმს მამაკაცის თვალში. თუკი მწეველი მამაკაცი ასე თუ ისე ასატანია, მწეველ ქალს ძნელად ჰგუობენ თვით მწეველი მამაკაცები, რადგან, თუკი მწეველი მამაკაცი უბრალოდ ცუდი ტონია, მწეველი ქალი - ვულგარულობის დემონსტრაციაა.

ქვემოთ წარმოგიდგენთ გამოკითხულთა ძირითად მოსაზრებებს:

მათი თვალთახედვით, როგორც წესი, ქალი მოწევას იწყებს გასართობად, უსაქმურობისაგან და ესე იგი, მწეველი ქალი რამდენადმე უქნარა ქალსაც ნიშნავს;

საგულისხმოა, რომ საყოველაოდ გავრცელებულ გამოთქმას: „მწეველი ქალის კოცნა საფერფლის ლოკვის ტოლფასიაო“ თვით მწეველი მამაკაცებიც იზიარებენ.

როდესაც არ სურთ მწეველ ქალში შესაძლო მეუღლე დაინახონ, აცნობიერებენ, რომ ქალი მომავალი დედაა და მისი შვილმბადი ორგანოები სიგარეტისაგან დიდად არის დაზიანებული. ყველასათვის ცნობილია - მწეველ ქალს გაცილებით გაძნელებული აქვს ორსულობა და მშობიარობა; ჩასახვის უნარი 5-10 წლით ადრე ეკარგებათ, ვიდრე არამწევლებს. მუცელი ეშლებათ 3-ჯერ უფრო ხშირად, მკვდრად შობენ შვილს 5-ჯერ უფრო ხშირად.

კიდევ რატომ არ უნდათ მწეველის ცოლობა? იმიტომ, რომ ყველას თუ არა, ბევრ მამაკაცს ჰგონია, რომ მწეველი ქალი გაცილებით იოლად დასაყოლიებელია სექსზე, ვიდრე არამწეველი. შემთხვევითი არ არის, რომ, როდესაც რეჟისორს ერთი შტრიხით სურს მსუბუქი ყოფაქცევის ქალის ჩვენება ეკრანზე, მას აუცილებლად სიგარეტს დააკავებინებს ხოლმე ხელში. სხვათა შორის, მამაკაცების საკმაოდ დიდი რიცხვი მწეველ ქალებს მიიჩნევს თავქარიან და ოდნავ მოსულელო არსებებად, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მათთან ფლირტში იოლ წარმატებაზე ფიქრს.

მამაკაცებს ძალიან უჭირთ საცოლის რანგში მწეველი ქალის წარდგენა ახლობლებისადმი, რადგან ეშინიათ, არ დაამსხვრიონ მათში ღირსეულ თანამეცხედრეზე სტერეოტიპული წარმოდგენა, რომელიც ხასიათდება ნაზი და ჰაეროვანი არსების, მომავალი მოსიყვარულე დედის და ქმრის ერთგული ცოლის თვისებებით. სიგარეტი ერთბაშად თამბაქოს აშმორებულ კვამლში ხვევს ამ წარმოდგენას და თვით ის კაციც კი, ვისაც მოსწონს მწეველი ქალი, მის ხილვას თავის გვერდით, საპატარძლოს კაბაში არ ისურვებდა; ზოგი მამაკაცი არც მალავს, რომ მწეველ ქალში ხედავს თუ პოტენციურ მასტურბანტსა და ლესბოსელს არა, ყოველ შემთხვევაში ფემინისტს - აუცილებლად!

არც მწეველი ქალები უმტყუნებენ ხოლმე გუმანს მამაკაცებს - გათხოვილი ქალის ხელში სიგარეტი უმრავლეს შემთხვევაში მამაკაცისთვის ნიშნავს არა მარტო ქმრის ღირსების შეურაცხყოფას, არამედ მამაკაცურ ფუნქციათა სადავეების ხელში აღების ტენდენციას, ქმარზე ინტელექტუალური ან ნებელობითი უპირატესობის ხაზგასმას. ზოგჯერ ასეც ხდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ქმარი არ ეწევა და ოჯახში მთავარი მწეველისა და განმკარგავის ფუნქციას ქალი ასრულებს!

კომენტარი