პატრიარქი - როცა ერს ან ადამიანს გაუჭირდება, უფალი მოუვლენს მას სასწაულს

კვირაცხოვლობას დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.

როგორც ქადაგებაზე პატრიარქმა ბრძანა, როცა ერს ან ადამიანს გაუჭირდება, უფალი მოუვლენს მას სასწაულს.

მისივე თქმით, უფალი საქართველოს კიდევ ბევრ სასწაულს მოუვლენს.

"როცა ერს ან ადამიანს გაუჭირდება, უფალი მოუვლენს მას სასწაულს. თქვენ შუა ტაძარში ხედავთ ჯვარს, რომელიც გაკეთებულია მირიან მეფის, ნანა დედოფლისა და წმინდა ნინოს მიერ. ესაა უდიდესი სიწმინდე საქართველოსთვის. ეს ჯვარი აღმართული იყო თხოთის მთაზე, რომელიც ის ადგილია, სადაც წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღეს მირიანს თვალთ დაუბნებლდა და ღმერთმა მისცა ძალა, რომ ჭეშმარიტება შეეცნო. ეს არის თხოთის ჯვარი - უდიდესი სიწმინდე, რომელსაც აქვს დიდი ძალა არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს ჯვარი ბოლო დროს მუზეუმში ინახებოდა და ჩვენ გადმოგვეცა, რათა ერმა ილოცოს მის წინაშე", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ადამიანი მრავალი სასწაულის მხილველია, რაც იმის მანიშნებელია, რომ "ჩვენთან არს ღმერთი".

"უპირველეს ყოვლისა, ადამიანს უნდა ჰქონდეს მტკიცე სარწმუნოება. ამ შემთხვევაში მას არ უნდა შეეშინდეს განსაცდელის. განსაცდელი დასრულდება და მშვიდობა მოვა. საქართველო გაიხარებს, რადგან 20 საუკუნეა საქართველო ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელია", - ბრძანა ილია მეორემ.

ქადაგების დასასრულს უწმინდესმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვები და ათამდე გვარი დალოცა. ასევე, წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიები გადასცა.

კომენტარი

×