ირაკლი ალასანიას ინგლისური დაავიწყდა: ალასანია VS ინტერპრესნიუსი

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, საჭიროდ ვთვლით, პირადად ირაკლი ალასანიასთვის დავაზუსტოთ რომ სტატიის სათაურში გამოტანილი პირველი ფრაზა „ირაკლი ალასანიას ინგლისური დაავიწყდა“ გადატანითი მნიშვნელობითაა ნათქვამი, გარკვეულ ლოგიკას ემყარება და არ ნიშნავს იმას, რომ ირაკლი ალასანია ინგლისურად ვეღარ მჭევრმეტყველებს - ეს ისე, თავის დაზღვევის მიზნით: როგორც ჩანს, ასეთი განმარტება აუცილებელია, ყოველ შემთხვევაში, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ სწორედ ამ ელემენტარული წესების ახსნა მოუწია მას შემდეგ, რაც ეს მედიასაშუალება ირაკლი ალასანიამ სრულიად უსაფუძვლოდ დაადანაშაულა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვის სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციაში.

მივყვეთ თანმიმდევრობით: გუშინ საღამოს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, ეკა ბერიძესთან პირისპირ საუბრის დროს, ჟურნალისტის შეკითხვაზე ირაკლი ალასანიას ცნობილი განცხადების შესახებ, ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა, რომ განცხადება დასავლეთ საქართველოში ბანდფორმირებების არსებობის შესახებ განცხადებას სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს. სწორედ ეს პოზიცია გადმოსცა ნიუსში „ინტერპრესნიუსმა“, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებებმა.

რასაკვირველია, ირაკლი ალასანია გააღიზიანა ევროკავშირის ელჩის განცხადებამ, მაგრამ მის კრიტიკას მედიასაშუალების გაკრიტიკება არჩია: „

მე მქონდა სატელეფონო საუბარი ბატონ ელჩთან, თქვა რომ ასეთი სიტყვები მას არ უთქვამს. ძალიან სამწუხაროა, რომ სააგენტო იპნ ასეთ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და იმედია გამოასწორებს ამ შეცდომას“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ სახემ.

„ინტერპრესნიუსმა კი „შეცდომა“ იმით გამოასწორა, რომ ირაკლი ალასანიას კომპეტენტური და უფასო სემინარი ჩაუტარა თემაზე: „როგორ წავიკითხოთ და აღვიქვათ საგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია“. რას იზამ, ზოგჯერ მედიასაშუალებებს ელემენტარული ჭეშმარიტების შეხსენებაც უწევთ. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ ირაკლი ალასანიას რეპლიკაზე „ინტერპრესნიუსის“ მიერ გაცემულ პასუხს:

„დიპლომატის დიპლომატიური პასუხიდან სააგენტოს ჟურნალისტმა გამოიტანა დასკვნა (რისი სრული უფლებაც მას ჰქონდა), რომ ელჩ ფილიპ დიმიტროვს ირაკლი ალასანიას ინფორმაცია არასარწმუნოდ მიაჩნია - ელჩის ნათქვამიდან გამომდინარე, ზუგდიდში მუდმივად მყოფ 200 დამკვირვებელს უკანონო ბანდფორმირებები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენოდა. ეს კი ლოგიკურად იმას ნიშნავს, რომ ასეთი ფორმირებები არ არსებობს ან ევროკავშირის მონიტორინგი და ესეიგი, ზოგადად, ევროკავშირი სანდო არ არის, რაც ბატონი ელჩისთვის მიუღებელია, როგორც ამას თავად ბრძანებს. რაც შეეხება ინფორმაციის სათაურს, ეს იყო ჟურნალისტის ანალიტიკური დასკვნის შედეგი და არა - ელჩის გამონათქვამის ციტატა, რაც ასევე იოლად შესამჩნევია, რადგან ციტირების შემთხვევაში, გრამატიკის წესების თანახმად, სათაური ბრჭყალებში უნდა იყოს ჩასმული. ზოგადად, ანალიზის სათაური სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს - მთავარია, რომ განცხადების არსი ყველა შემთხვევაში იგივე დარჩება. სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ადასტურებს თავის პატივისცემას ზოგადად ქართული პოლიტიკური სპექტრის მიმართ და იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვანი ნებსით თუ უნებლიედ, მედიაზე ზეწოლად აღარ მოგვევლინება.“

როგორც ჩანს, ირაკლი ალასანიას ინგლისური დაავიწყდა და ნათქვამიდან აზრის გამოტანა უჭირს. იმედია, ქართული მაინც ახსოვს და გაიგებს, რა უთხრა „ინტერპრესნიუსმა“.

კომენტარი