დიდი ოთხშაბათი ანუ ვისთან ხარ შენ: მაცხოვრის გამცემთან თუ ყოფილ ცოდვილთან...

საეკლესიო მსახურების ორი მთავარი გმირი დიდ ოთხშაბათს არის ორი ერთმანეთის საპირისპირო პოლუსზე მდგომი ადამიანი – ცოდვილი, რომელიც საკუთარი მსახურებით წმინდანად იქცა და მოციქული, რომელმაც სასწაულებრივი ღალატი ჩაიდინა.

ამ დღეს ბეთანიაში, სიმონ კეთროვნის სახლში, ცოდვილმა ქალმა ძვირფასი ნელსაცხებელი სცხო მაცხოვარს, ხოლო იუდამ 30 ვერცხლად გაყიდა თავისი მასწავლებელი. ეს მოვლენები ერთმანეთის მიყოლებით განვითარდა და მონანიე ქალის საქციელმა, სავარაუდოდ, წააქეზა მოღალატე სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებისაკენ.

ვნების კვირის ოთხშაბათს ეკლესია მოუწოდებს ყოველ ქრისტიანს – ჩაიხედოს საკუთარ სულში – ვისთან არის ის, გამცემთან თუ ყოფილ ცოდვილთან, რომელმაც მაცხოვრის უდიდესი სიყვარული გამოავლინა.

ძვირფასი ნელსაცხებლის შეძენა სიმბოლურად მიუთითებს ქალის მიერ ადრინდელი, ზნეობრივად მანკიერი ცხოვრების უარყოფას: მარკოზ მახარებლის ცნობით, ნელსაცხებელზე ქალმა დახარჯა 300 დინარზე მეტი (ეს იყო დაქირავებული მუშის წლიური ჯამაგირი) – ასეთი თანხის შოვნა ქალს შეეძლო მხოლოდ მთელი თავისი სარჩო–საბადებლის გაყიდვით! მოწაფეები დაეკითხნენ მაცხოვარს: „რა საჭიროა ასეთი ფლანგვა? ვინაიდან შეიძლებოდა დიდ ფასად გაგვეყიდა ნელსაცხებელი და გლახაკთათვის მიგვეცა ფული“(მათე, 26:8,9). თვით მოციქულებმაც კი ვერ გულისხმაჰყვეს, მონანიე ცოდვილის უფლისადმი სიყვარულის უსაზღვროება. ხოლო, რადგან ნელსაცხებელს სცხებდნენ მიცვალებულებს, ცოდვილი ქალი მისდა შეუცნობლად აღმოჩნდა უფლის მომავალი სატანჯველისა და ჯვარზე გაკვრის წინათმცნობელი.

იუდა სხვებთან ერთად გამოთქვამდა გულისწყრომას და ამ დღეს არაფრით გამოირჩეოდა სხვა მოწაფეებისაგან. მაგრამ ანალოგიურ სიტუაციაში მას ადრეც ჰქონდა გამოთქმული უკმაყოფილება, ლაზარეს დის მოქმედებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ იგი უპოვართა ბედზე სწუხდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო! „მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა“ (იოანე, 12:6). ფული იყო იუდას ცხოვრების კერპი და ახლაც, მისმა ანგარებიანმა გულმა ვერ გაუძლო ქალის საქციელს – ყოვლისშთანმთქმელი შურითა და ბოღმით ავსილი, ის მაშინვე გაეშურა თავისი გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად.

ამ დრომდე იუდა არაფრით განსხვავდებოდა დანარჩენი მოწაფეებისაგან – მათთან ერთად ახდენდა სასწაულებს, კურნავდა ავადმყოფებს, განაგდებდა ეშმაკთ; თვით საიდუმლო სერობაზეც კი, სხვა მოწაფეებთან ერთად მასაც დაბანა ფეხი მაცხოვარმა.

და უცებ – დაცემა: იესო ქრისტეს გვერდით ყოფნამაც ვერ მოაშთო მასში ანგარებიანი ბუნება – ეახლა მღვდელმთავრებს „და უთხრა მათ: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუკი მას მოგცემთ? ხოლო მათ მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი“(მათე, 26:15). ეს თანხა თუმცა ხუთჯერ ჩამოუვარდებოდა იმ ნელსაცხებლის ფასს, რომელიც ცოდვილმა ქალმა სცხო მაცხოვარს, მას მაინც იმდენი მსყიდველობითი უნარი ჰქონდა, რომ მღვდელმთავრებმა შემდეგ ამ ფულით შეიძინეს მიწა პალესტინაში უცხოტომელთა დასამარხად; მეორეს მხრივ – 30 ვერცხლი მაშინ იყო გაქცეული მონის დაჭერის საზღაური – ამდენად, იუდასათვის თანხის ამ რაოდენობის მითვლით, მღვდელმთავრებს ქრისტეს დამცირება უნდოდათ!

დიდი ოთხშაბათის მოვლენები ხსნიან ადამიანური თავისუფლების ფრიად მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას. დამოუკიდებელი არსებობისათვის საჭირო ყველა ნივთიერი ფასეულობის ნებაყოფლობით უარმყოფელმა ყოფილმა ცოდვილმა ქალმა მიიღო ამ ცოდვისაგან ჭეშმარიტი გათავისუფლება; ხოლო იუდამ – რომელიც გამცემლობით ესწრაფვოდა სიმდიდრეს, ანუ გარკვეულ მატერიალურ დამოუკიდებლობას, ღმერთისაგან მისი მკვლელობის ფასად განთავისუფლებას – თავისი საღვთო ღირსება მიჰყიდა ეშმაკის მონებას.

ვნების კვირის ამ დღის მაგალითი გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ყოველდღიური გადაწყვეტილებანი – ღმერთის რჩეული კაცი შეიძლება იქცეს გამცემად და ცოდვილმა მიაღწიოს სიწმინდეს და თავისუფლებას ქრისტეში!

ზურა ერიშვილი, news.ge

წყარო

კომენტარი