შინდისის გმირები - 2008: გახსოვდეს შენი ისტორია!

ეს არაა შეთხზული ამბავი, ესაა გმირობის რეალური ამბავი - თუ როგორ შეეწირნენ ჩვენი ბიჭები ომის დასრულების შემდეგ ჩასაფრებულ მტერს, როგორ არ შეეპუენ და როგორ იბრძოლეს ტყვია-წამლის გამოლევამდე.

მათ უკანდახევის ბრძანება მიიღეს და უკან ბრუნდებოდნენ, ყველამ დარეკა, რომ იმ საღამოს შინ იქნებოდნენ. შინდისის მოსახლეობა გვიყვება, რომ ამ შეტაკებამდე 2 საათით ადრე გამოჩნდნენ შინდისში რუსული ტანკები, ქართული დროშებით და ჩასაფრდნენ ძველი რკინიგზის სადგურთან.

ჩასაფრდნენ ტანკებით, ჯავშანტრანსპორტიორებით, ტყვიამფრქვევებით. სენაკის ბატალიონი მიუახლოვდა თუ არა ჩასაფრებას, მტერმა ააფეთქა პირველი და ბოლო მანქანა, ჩაკეტა გასასვლელები, ბევრმა უშველა თავს ბატალიონიდან, ეს ბიჭები კი პირისპირ შეასკდნენ მტერს. მათაც შეეძლოთ, გარიდებოდნენ სიტუაციას, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გარიდებია, პირიქით - რკინიგზის იქით გადავიდნენ და ხელჩართული ომი გაუმართეს მტერს.

ბრძოლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა, ჩვენები შეიარაღებულნი იყვნენ მარტო ავტომატებით და ხელყუმბარებით, რუსები - მძიმე ტექნიკით. ეს ბიჭები საათისა და 20 წუთის მანძილზე უწევდნენ მტერს წინააღდეგობას. სოფელი გვიყვებოდა, რომ ორმხრივი შეტაკება საათსა და ოც წუთს გრძელდებოდა, შემდეგ 10-15 წუთი უკვე ცალმხრივი სროლა ისმოდა - ჩვენებს ტყვია-წამალი გამოელიათ, რუსები საკონტროლო გასროლებს აწარმოებდნენ, ცოცხლად დარჩენილების გასანადგურებლად.

ოთარ კალმახელიძე სწორედ იქ დაიჭრა, მასაც გადაატარეს საკონტროლო, ბეწვზე გადარჩა სიკვდილს. ის გვიყვებოდა, რომ ამ დროისთვის ზოგი დაჭრილი იყო, ზოგი დაღუპული, მხოლოდ ალეკო ონიანი იყო უვნებლად გადარჩენილიო.

ონიანს მუხლზე ესვენა მძიმედ დაჭრილი თავის ნათლული რომან ზოიძე. ალეკომ დაგვიძახა, ვინც ცოცხალი ხართ და გესმით ჩემი, მტერს არ ჩაბარდეთ, ჩემამდე მოდით და თავი ავიფეთქოთო. დავიყვირე, რომ გაქცეულიყო, ამბავი მაინც გაეტანა, თავის ნათლულიც ეხევეწებოდა წადი თავს უშველეო, მაგრამ არსად არ წავიდა, გადაირია მე აქედან ცოცხალი არ გავალ, ჩემს ნათლულს არ დავტოვებო.

ხმამაღლა წაიკითხა „მამაო ჩვენო“, ჩვენ დაჭრილები ვიმეორებდითო, ლოცვა დაასრულა, რუსებს დაუყვირა, არ ჩაგბარდებით და არც ჩემს ნათლულს დაგანებებთო, გულში ჩაიკრა ნათლული, და დიდი აფეთქების ხმა იყო, თვალი რომ გავახილე უკვე აღარც ალეკო ჩანდა სადმე, არც მისი ნათლულიო...

ახლახან რუსი ჯარისკაცის, საშა დროზდოვის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც უშუალოდ აქვს ნაბრძოლი ამ ბიჭებთან. ომის სხვა ამბებს ჰყვება და ბოლოს აყოლებს, ცხინვალში ვიყავით, როცა შეგვატყობინეს, ცხინვალის გასასვლელთან, ერთ-ერთ სოფელში, ჩვენ ბატალიონს დამატებითი რაზმი ესააჭიროებაო.

მივიღეთ ბრძანება და ნახევარ საათში მივედით 70 კაციანი ჯგუფი, და რას ვხედავთ - ქართველები ჩვენებს თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ, უკვე ბევრი რუსი ჯარისკაცი იყო დაჭრილი და დაღუპულიო.

მათმა მეთაურმა უთხრა ჩვენს მეთაურს, არ ვიცი, ესენი ადამიანები არიან თუ ქაჯები, უკვე ერთი საათია, ასეთ დღეში ვართო. ჩვენ ჩავებით ბრძოლაში, ყველაფერი დამთავრდა და როგორც გავიგეთ 12 კაცი გვებრძოდაო.

ვინც ჩვენს ტყვიებს გადაურჩა, თავისი ხელით მოისწრაფეს სიცოცხლეო. თავი აიფეთქესო. რომ ჩავიარეთ, ჩემმა მეთაურმა ჩაილაპარაკა, ნეტავი ასეთი გმირები და ვაჟკაცები მე იქ მყოლოდაო... მივხვდი რომ ჩეჩნეთს გულისხმობდა, ჩეჩნეთში ნაომარი იყო ჩვენი მეთაურიო (სცენარისტ ედმონდ მინაშვილის ნაამბობიდან)...

ბოლოთქმის მაგიერ:

1801 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართლ–კახეთის სამეფო.

1810 წელს დაიპყრო იმერეთის სამეფო, 1828 წელს – გურიის, 1856 წელს – სამეგრელო–სვანეთის, 1865 წელს – აფხაზეთის სამთავროები.

აფხაზეთის დაპყრობით რუსეთის იმპერიამ დაასრულა საქართველოს ოკუპაცია.

1921 წლის 25 თებერვალი – დამოუკიდებელი საქართველო იმპერიამ ისევ დაიპყრო.

1924 წელი – დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ათასობით ადამიანი დახვრიტეს.

1989 წლის 9 აპრილი – თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საბჭოთა დამსჯელმა რაზმმა 21 მშვიდობიანი დემონსტრანტი მოკლა: იმპერიამ დაიწყო საქართველოს ხელახალი ოკუპაცია.

რუსეთმა 1992 წელს სამაჩაბლოს, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა.

2008 წელს რუსეთმა ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.

200 წლის განმავლობაში საქართველომ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ რვა ომი გადაიხადა!!!

იმის საფრთხე, რომ ომების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, ჯერაც არსებობს...

გახსოვდეს შენი ისტორია!!!

კომენტარი