ტატუ - სხეულის მოხატვის ხელოვნება თუ გაუაზრებელი ცოდვა...

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ყველას უჩნდება სურვილი ზღვაზე წასვლის და ამისათვის საგანგებოდ ემზადება. ერთი სიტყვით, ლამაზდებიან. სხეულის გალამაზებისთვის კი ხშირად ტატუირებითაც ინებივრებენ თავს. ტატუ მთელ მსოფლიოში გავრცელებული ხელოვნების, სხეულის მოხატვის "body art"-ის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ამის მიუხედავად, ბევრმა არ იცის ტატუს წარმოშობის ისტორია.
სვირინგი, ანუ ტატუ, თითქმის 6000 წლისაა. მეცნიერებმა ტატუირებული სხეული მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აღმოაჩინეს, მათ შორის ყველაზე ძველი ეგვიპტეში 4000 წლის მუმიების კანზე ნახეს. ტატუ ყველაზე პოპულარული იაპონიაში გახლდათ, ხშირად გვინახავს თავიდან ფეხებამდე მოხატული ინდიელებიც.
ტატუს ევროპაში გავრცელებასთან დაკავშირებით უამრავი აზრი არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, იგი მას შემდეგ გავრცელდა, რაც კაპიტანმა ჯეიმს კუკმა ტაიტიში მოგზაურობის შემდეგ, 1769 წელს, მთლიანად მოხატული გვამი ჩამოიტანა. თავად სიტყვა ტატუც ტაიტური წარმოშობისაა და ნიშნავს: "ჭრილობას", "ნიშანს", "ნახატს". რა ხდება დღეს საქართველოში? უამრავი ადამიანი იკეთებს სვირინგს, ბევრიც ამას ეწინააღმდეგება.
არ დავაყოვნეთ და სპეციალისტს მივაკითხეთ. აღმოჩნდა, რომ საქართველოში სვირინგს ქალები უფრო ინტენსიურად იხატავენ, ვიდრე კაცები. საინტერესოა, რას ფიქრობენ ჩვენი ქართველი მამაკაცები სვირინგიან ქალბატონებზე:
– რას ფიქრობთ ტატუირებასა და სვირინგიან ქალბატონებზე?
დავით ფერაძე (ისტორიკოსი):
– რა მნიშვნელობა აქვს ქალს ექნება თუ კაცს, საერთოდ არ მომწონს და პირველყოფილურ-ჯუნგლურად მიმაჩნია.
ბაჩი ჯგერენაია (ეკონომისტი):
– მე ბიჭზეც არ "მევასება" ტატუ. ჩემი აზრით, ეგ უფრო სტილის ხაზგასმაა და არა სილამაზის.
სანდრო რუსიშვილი (წყალბურთელი):
– არ მომწონს და არა ვარ მომხრე, ჩემი აზრით, ამას ხელოვნება კი არა, მაზოხიზმი ჰქვია.
– ანუ სვირინგიანი ქალი რომ შეგიყვარდეს, ცოლად არ მოიყვან?
დავით ფერაძე (ისტორიკოსი):
–რომ შემყვარებოდა, ტატუირება ხელს ვერ შემიშლიდა, უბრალოდ, ამას მის ერთ-ერთ ნაკლად ჩავთვლიდი.

ბაჩი ჯგერენაია (ეკონომისტი):
– დიახ, როგორ არა, მანამდე თუ ექნებოდა გაკეთებული, მაგრამ შემდეგ ჩემმა ცოლმა რომ მოინდომოს, უეჭველი გადავაფიქრებინებ და საერთოდ, საქართველოში ტატუ "ტეხავს".

სანდრო რუსიშვილი (წყალბურთელი):
– სხვათა შორის, ჩემს მეუღლეს აქვს სვირინგი, მაგრამ მე ამის გამო იგი ნამდვილად არ დამიწუნებია, მთავარია სიყვარული.
ზოგი იმასაც კი აღნიშნავს, სვირინგის გაკეთება სატანურიაო, საკმაოდ საინტერესო მოსაზრებაა, არ მეთანხმებით? ამიტომ გადავწყვიტე მოძღვრისთვისაც გვეკითხა აზრი.
მამა მიქაელი (გვარამაძე):
"რა თქმა უნდა, არ შეიძლება სვირინგის გაკეთება!!! ამას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ღმერთმა ადამიანი ყველაფერი ზედმეტის გარეშე შექმნა, საჭიროების შემთხვევაში უფალი დაგვახატავდა რამეს. სხეული არის სულის საყდარი! მართალია, ადამიანს აქვს სურვილი რაღაც გაალამაზოს, მაგრამ ნებისმიერი ნახატი იქნება ეს თუ სიმბოლო, ამას აქვს თავისი მნიშვნელობა. ზოგი რელიგიური ხასიათის სვირინგს იკეთებს, არსებობს ასევე სატანური სიმბოლიკებიც, ზოგიც უბრალოდ ყვავილს იხატავს, სამწუხაროდ, ამას სილამაზედ თვლიან.
არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც თავისი ხასიათის გამომხატველ სვირინგს იკეთებენ, მაგალითად: იხატავენ ვეფხვს, რათა თავისი შინაგანი სიძლიერის დემონსტრირება მოახდინონ, ზოგიც იხატავს ქალს იმის აღსანიშნავად, რომ ის ზედმეტად მიდრეკილია ქალების მიმართ. მამაკაცი, თუნდაც ქალი, როცა იკეთებს სვირინგს, ამით ის ქვეცნობიერად რაღაცას ითხოვს. სამწუხაროდ, ქალები დღეს ფაქტობრივად შიშვლები დადიან და ისეთ ადგილებში აქვთ ეს სვირინგი გაკეთებული, კაცი რომ შეხედავს მას, რა თქმა უნდა, სხვა აზრებიც გაუჩნდება მის მიმართ. ეს ყველაფერი სასირცხვილოა და არა სილამაზის გამოხატულება!
საზოგადოებას აქვს თავისი ნორმები, ეთიკა, წესები, ასევეა რელიგიაშიც. უნდა განვსაზღვროთ რა შეიძლება და რა არა, რა არის სირცხვილი, რა არის ცოდვა. მთავარია, ადამიანი რა კრიტერიუმებით აფასებს ცოდვას, მადლს, კანონის დარღვევას, ანუ მისთვის რა არის სწორი და ფასეული, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა! მე, როგორც სასულიერო პირი, ვამბობ, რომ ეს არ არის სწორი და გამართლებული, ეს არის ცოდვა!!!
მეორე მიზეზიც არსებობს, ადამიანი შეიძლება დაავადდეს საშინელი სენით – შიდსით, რომლის შემთხვევებიც ყოფილა! მესამეც, სხეულს აწვალებს ამითი, უკვე აღვნიშნე, რომ სხეული სულის საყდარია და როცა შენ ამ ტატუს იკეთებ, წვალობს ხომ სხეული, რაც დაუშვებელია!
კიდევ ერთს გეტყვით: ეს ყველაფერი ადამიანებს უჭკუობის გამო მოსდით და მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში ნანობენ, მოშლა უნდათ, მაგრამ ვერ ახერხებენ. მე მინახავს ადამიანები, რომლებსაც კანიც კი გაუჭრიათ მოსაშორებლად და ეს ყველაფერი მათ დაღად აქვთ დამჩნეული.
ასევე არის ერთი ფაქტიც, თვითონ პიროვნებაც კი ვერ ხვდება, როგორ იცვლება მისი შინაგანი მდგომარეობა ტატუს გაკეთებისას, რადგან მისი შინაგანი ერთი თვალი მუდმივად მიპყრობილია ამ სვირინგის მიმართ. აი, მაგალითად: ადამიანს ჯვარი რომ უკეთია, მისი გულისყური მიპყრობილია ამ ჯვრისკენ. ეს არის სულიერი მოთხოვნილება! მთავარია, ხალხმა გააანალიზოს რა არის მისთვის მნიშვნელოვანი, საზოგადოების აზრი თუ აზრი ღვთისა, ადამიანი ან ღმერთიდან გამომდინარე აკეთებს არჩევანს, ან საზოგადოებიდან.
რატომღაც ჰგონიათ, თუ მაკიაჟი არ ექნებათ ან თმები ლამაზად, ვიღაც მას დაიწუნებს, თუმცაღა ადამიანის ცხონება არ ცხონებას ვერ გადაწყვეტს თუნდაც სვირინგი ან მაკიაჟი, მაგრამ ნელ-ნელა ასეთი ნიუანსები აზიანებს სულს, აქედან გამომდინარე ვიღებთ ისეთ შედეგს, რომ ადამიანი ღმერთთან კი არ არის, წუთისოფელს გამოჰკიდებია და საბოლოოდ იღუპება.

კომენტარი