სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ათორმეტთაგან ერთ–ერთი უდიდესი დღესასწაული – მირქმა

15 თებერვალს მართლმადიდებლური ეკლესია ათორმეტთაგან ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს - მირქმას აღნიშნავს.

წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძეს, მირქმის (მიგებების) დღესასწაულთან დაკავშირებით აქვს ქადაგება, სადაც იგი ბრძანებს:

“ჩვენ ვდღესასწაულობთ მირქმასა, ანუ მიგებებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა მოხუცებულის სვიმეონ მართლისაგან. ძველს სჯულში იყო დაწესებული, რომელ მეორმოცეს დღესა, მშობელნი პირმშოსა თვისსა შვილსა მიიყვანდნენ ტაძრად და შესწირვიდენ ღმერთსა, ვინც მდიდარი იყო მდიდარსა შესაწირავსა და ღარიბი კაცი ორსა მტრედის მართვესა. ეს სჯული აღასრულეს მშობელთა იესო ქრისტესა. როდესაც განვიდა ორმეოცი დღე შემდგომად იესო ქრისტეს შობისა, მიიყვანეს იგი ტაძრად. ილოცეს და შესწირეს ღარიბის კაცისათვის დადებული შესაწირავი, რადგან ისინი იყვნენ ღარიბნი, ორნი მართვენი ტრედისანი.

როდესაც ყოვლადწმიდა მარიამი და იოსები შევიდნენ ტაძარში, მიეგება მათ ერთი უკიდურესსა მოხუცებულებასა შინა მყოფი კაცი, მართალი სვიმეონ. ამას სულისა წმიდისაგან ჰქონდა გამოცხადებული, რომელ იგი არა იხილავდა გემოსა სიკვდილისასა, ვიდრემდის თვალითა თვისითა არ ნახვიდა მაცხოვარსა სოფლისასა, იესო ქრისტესა. მან მიიღო ჩჩვილი იესო მკლავთა ზედა თვისთა, აკურთხა ღმერთი, დალოცა მშობელნი მისნი და ბოლოს წარმოსთქვა: აწ განუტევე მონა შენი, მეუფე, მშვიდობით.”

საგულისხმოა, თუ მოვლენის შეფასებისას, რა დასკვნის საფუძველს გვაძლევს მოძღვარი:

იგი მიუთითებს, რომ, პირველ ყოვლისა, „ჩვენ გვახსოვდეს ყოველნი სჯულის დებანი და საღმრთონი ჩვეულებანი და მტკიცედ ვასრულებდეთ მას“. მაცხოვრის ნებით, ახალი რჯულის დაკანონებამდე, თვით წმიდა ოჯახი აღასრულებდა ძველი რჯულის ყოველ წესს – ყრმა იესოს ჯერ მერვე დღეს წინადაცვეთით, ხოლო შემდეგ – მეორმოცე დღეს შესაწირავის მიძღვნით უფლისადმი.

მეორეც – ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა არა დღესასწაულის ჟამს, არამედ ჩვეულებრივ დღეს და მღვდელმთავარი მოუწოდებს ყოველ ქრისტიანს, რათა არა მარტო უქმეებში, არამედ სადაგ დღეებშიც არ დააკლდეს საეკლესიო მსახურებას, რადგან არავინ იცის, როდის გარდამოევლინება სულიწმინდის მადლი და შეიწყნარებს ღმერთი მის ლოცვას! ხოლო, თუ იტყვის, რომ რაიმე მიზეზი აბრკოლებდა ეკლესიაში წასასვლელად, იქნებ სწორედ ამ დღეს „მოელოდა სული მისი განმართლებასა და ცხონებასა“.

შემდეგ მღვდელმთავარი საგანგებოდ მიმართავს ქალბატონებს და შეახსენებს, რომ ამ დიდი მოვლენის თანამონაწილე იყო ოთხმოცდაოთხი წლის ქვრივი ანნა, რომელსაც შვიდი წელი ქმართან გაეტარებინა, დანარჩენი ცხოვრება კი – ტაძრის ეზოში; ჯერ კითხვით მიმართავს თავის თანამედროვე ქალბატონებს: რომელი ცხოვრება სჯობს – მათი ხშირად ამაო, აღელვებული, ჭორითა და ბოროტ სიტყვაობით აღვსილი, თუ ანნა ქვრივისა, რომელიც დღე და ღამე არ განეშორებოდა ტაძარს ლოცვით, ვედრებით და მსახურებით; ხოლო შემდეგ შეაგონებს მათ: „ამას რომ ჰკითხვიდეს ვინმე თავის თავს, მისი სინიდისი და გული შეატყობინებდა, რა საშინელი და სამწუხარო განსხვავება არის შორის მისა და ანნა წინასწარმეტყველსა, და მიიღებდა იგი დიდსა სწავლასა და მხილებასა.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100