რომელ ღმერთზე ლოცულობენ აფსუები?

უკანასკნელ ხანს გახშირდა აფხაზეთის რელიგიური წრეების „დამოუკიდებელი“ წიაღსვლები საკუთარი საეკლესიო უფლებების დაკანონებისათვის – მაგალითად, იანვრის თვეში აფხაზეთის ეგრეთ წოდებული „მიტროპოლიის“ წარმომადგენლები, საბჭოს თავმჯდომარის, „არქიმანდრიტ“ დოროთე დბარის მეთაურობით, ვიზიტით იყვნენ სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქთან, ბართლომე 1–თან „აფხაზეთის წმიდა მიტროპოლიის“ ავტოკეფალიის საკითხებთან დაკავშირებით. ჩამოსვლისას ისინი სოხუმ–ბიჭვინთის ეპარქიის მმართველ ბესარიონ აპლიას სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდნენ, რომელმაც არ მოუწონა თანამემამულეებს პატრიარქ კირილის დაუკითხავად მსგავსი საკითხების რეგულირება.

თუ რუსეთის მართლმადიდებელ მოქალაქეთა კავშირის პრეს –მდივანს, კირილ ფროლოვს დავეყრდნობით, ეს დავა შინაური საკითხი ყოფილა, თორემ მთავარი ის გახლავთ, რომ: „აფხაზეთის მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ისტორიული და ზნეობრივი მოტივებით, არ სურთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაში ყოფნა“.

ხოლო მაშინ, როდესაც, როგორც რუსები იტყვიან: „იწყება გრიგალი ჭიქა წყალში“ და დიდი უფროსი ძმა გამეტებით ურევს კოვზს ამ ჭიქაში, მართლმადიდებლობის დამჩემებელთა სამხილებლად მზის სინათლეზე გამოდის მკვლევარ–ეთნოლოგ, ალექსანდრე კრილოვის ნაშრომი: „აფხაზების რელიგია და ტრადიციები“, რომელიც ფარდას ხდის აფხაზების ჭეშმარიტი რწმენის საიდუმლოს (კრილოვისეულ „აფხაზებში“, ცხადია, იგულისხმებიან აფსუები, რომელთაც ჩვენეული, ქართული ტრანსკრიპციით, შინაური ხმარებისათვის ვუწოდებდით „აფხაზებს“). აი, რა დასკვნებამდე მივიდა მეცნიერი:

„რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ 1994–98 წლებში ჩატარებული საველე გამოკვლევებით დადგინდა, რომ აფხაზების მიერ დეკლარირებული აღმსარებლობითი კუთვნილება – ქრისტიანობისა თუ მუსულმანობისადმი – აღმოჩნდა სრულიად ფორმალური. ის წარმოადგენს ოდენ ტრადიციისადმი გაღებულ ხარკს და მხოლოდ იმ ფაქტის კონსტატაციას ემსახურება, თუ რომელი რელიგიის მაღიარებელნი იყვნენ მათი წინაპრები...

თანამედროვე აფხაზი „ქრისტიანები“ არ (ან ფრიად იშვიათად) დადიან ეკლესიაში, არ ეზიარებიან, არ ინახავენ მარხვებს, არ ინტერესდებიან სჯულისკანონით, არ კითხულობენ ბიბლიას. „მუსულმანი“ აფხაზები საკვებად მიირთმევენ ღორის ხორცს, სვამენ სპირტიან სასმელებს, წინა არ დაიცვეთავენ (კიდევაც მეტი – ამას ისინი სირცხვილად და მამაკაცის ღირსების შემლახავად თვლიან), არ კითხულობენ ყურანს და სრულიად არ ინტერესდებიან ისლამით...როდესაც ქრისტიანები აღნიშნავენ ღირსშესანიშნავ თარიღებს, მათ ზეიმში სიამოვნებით მონაწილეობენ მუსულმანები და პირიქით. შერეულ ოჯახებში დღესასწაულებიც საერთო აქვთ. თვით დღესასწაული, ძირითადში, სუფრის რიტუალით ამოიწურება – ამზადებენ განსაკუთრებულ კერძებს და ჰპატიჟებენ ახლობლებს. ათეისტიც, პრაქტიკულად, არაფრით განირჩევა მორწმუნისაგან – ისიც ისეთივე წარმატებით ილხენს სუფრასთან, როგორც ნებისმიერი სხვა მისი თანამემამულე“.

ასეთი დაწვრილებითი დახასიათების შემდეგ ალექსანდრე კრილოვი სვამს კითხვას: „მაშ როგორ გავიგოთ, რას წარმოადგენს აფხაზების რელიგია ჩვენს დროში?“ და პასუხობს მრავალწლიანი გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით:

„აფხაზების რელიგიაზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს გუდაუთის რაიონის სოფელ აჩანდარას სალოცავი–საკერპე „დიდრიფში“, რომლის ქურუმებმაც თავიანთი წინაპრების სხვაგან დაკარგული მრავალი რიტუალი და რელიგიური წარმოდგენები შემოინახეს.

აფხაზებს ჰყავთ ერთი ღმერთი – ეს არის „ანცეა“ – მთელი სამყაროს ღმერთი––შემოქმედი. მას, თავის მხრივ, ჰყავს ანგელოზები – „აპაიმბარები“, რომელთაც აბარიათ სახლი, კერა, საქონელი, მიწა და ზღვა. აპაიმბართაგან ყველაზე დიდი გავლენის მქონეა დიდრიფში. ადამიანებსა და მის ბედისწერას განაგებენ „აშაჩშები“ – ბედისწერის ღმერთები. აშაჩშები და აპაიმბარები ყოველივეს ამცნობენ ღმერთს – ანცეას.

აფხაზებს იცავს შვიდი სალოცავი–საკერპე – ე.წ. „ანიხები“, რომელთა ერთობაც იწოდება „ბიჟნიხად“ („შვიდი სალოცავი“), რომელთაგან დღეისათვის დიდრიფშ–ნიხას გარდა მოქმედია კიდევ ოთხი – ლაშქენდარი, ლდზაა–ნიხა, ლიხ–ნიხა და ილირ–ნიხა.“

თუ რა მნიშვნელობას იძენს თანამედროვე აფხაზებისათვის მათი ტრადიციული რელიგია, ამის თაობაზე მკვლევარი გვთავაზობს შემდეგ ფაქტობრივ მასალას:

„ძველ დროში აფხაზეთში მოქმედებდა ქურუმთა საბჭო. დღეისათვის აღდგენილი რამდენიმე აფხაზური სალოცავი–საკერპეს მეშვეობით ამყარებენ ქურუმები რეგულარულ ურთიერთობას ერთმანეთთან. აფხაზები ყველა შინაურ საკითხს აგვარებენ თავიანთი ტრადიციული რელიგიის მიხედვით. სწორედ ქურუმებს აკითხავენ აფხაზები ყველაზე რთული საკითხების გადაჭრის ჟამს: ასე, მაგალითად, 1996 წელს დიდრიფშთან მივიდა აფხაზეთის მთელი ხელმძღვანელობა ვლადისლავ არძინბას მეთაურობით, რათა დიდრიფშს შეეგონებინა მათთვის, აღარ ჩაედინათ დანაშაულობანი. დიდრიფშს შეპირდნენ ყოველწლიურ დიდ მსხვერპლშეწირვას, თუ ის შეაჩერებდა დანაშაულობებს.

განსაკუთრებული გზნებით ახორციელებენ აფხაზები მსხვერპლშეწირვებს თავიანთ სალოცავ–საკერპეში ქართველებთან მიღწეული გამარჯვებების აღსანიშნავად. თავისი ქვეყნის კეთილდღეობას სწორედ დიდრიფშს ავედრებდა მუხლმოდრეკით ახლახანს გარდაცვლილი აფხაზთა თავკაცი ბაღაფში.“

თავისი შრომის დასასრულს, მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე კრილოვი აკეთებს მრავალმნიშვნელოვან დასკვნას:

„აფხაზების შემთხვევაში ჩვენ სრულიად ცხადად გვაქვს საქმე მონოთეისტურ რელიგიასთან, რომლის ცენტრალური იდეაა ღმერთი–შემოქმედის (ანცეა) არსებობა. ამას შეიძლება დავარქვათ „აფხაზური მონოთეიზმი“ და მეცნიერი იქვე განაზოგადებს თავის დასკვნებს:

„როგორც ჩანს, მსოფლიო რელიგიათა სისტემაში აფხაზების დღემდე შემონახული ტრადიციული რელიგიის და მსოფლმხედველობის ადგილის შესახებ ზუსტ წარმოდგენას იძლევა ავსტრიელი მეცნიერის, ვილჰელმ შმიდტის „პრამონოთეიზმის თეორია“. ის ამტკიცებს, რომ: „კაცობრიობის თავდაპირველი რელიგია იყო მონოთეიზმი. რომ მრავალ სარწმუნოებათა შორის (მათ შორის ყველაზე ჩამორჩენილ ხალხებშიც), შესაძლებელია ამ ერთიანი შემოქმედი–ღმერთის პოვნა.

ასეთი „ღმერთის ნარჩენები“, კრილოვის მონაცემებით, აღმოჩენილია კავკასიაში მცხოვრებ სხვა ხალხშიც. „ოსური სალოცავი–საკერპე „ირონ–ძუარი“, რომელიც აფხაზეთში მოქმედებს 1972 წლიდან, უფლებას გვაძლევს, ვილაპარაკოთ რიტუალებისა და რელიგიურ წარმოდგენათა ერთგვაროვნებაზე შემოქმედ ღმერთთან მიმართებაში: აფხაზებში (ანცეა) და ოსებში (ხსაუ). ტრადიციული რელიგიების მსგავსი გააზრება ორ ხალხში არ უნდა მივიჩნიოთ შემთხვევითობად“ – დაასკვნის მეცნიერი.

ოღონდაც! რაღა თქმა უნდა, არ უნდა მივიჩნიოთ! სწორედ წარმართული რელიგიური შეხედულებები გახლავთ ის იდეოლოგიური ბაზისი, რომელიც საფუძვლად უდევს ორი ხალხის სეპარატისტულ ძალისხმევას, რაც ეთნოფსიქოლოგიური მახასიათებლების და ისტორიული ტრადიციების მიხედვით თითქოს წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო!

ის, რომ ორ ხალხს – აფხაზებსა და ოსებს – ერთი და იგივე რელიგიური მრწამსი აღმოაჩნდათ – არც ქრისტიანული და არც – მუსულმანური, არამედ კერპთაყვანისმცემლური – იძლევა მათი დღევანდელი ერთსახოვანი პოლიტიკური მოქმედების ახსნას – თუ არა რელიგიური წარმოდგენები, ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებულ ორ ეთნოსს– ირანული წარმოშობის ოსებს და კავკასიურ–ადიღური ტომის აფხაზებს, არც გარეგნობით, არც შინაგანი ბუნებით და არც ზნე–ჩვეულებებით ლოგიკურად საერთო არაფერი უნდა ჰქონოდათ!

დავუბრუნდეთ ისევ აფხაზთა რელიგიას და, მარტო რუსი მეცნიერის შრომას რომ არ დავეყრდნოთ, მოვიშველიოთ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი უშიშროების საბჭოს მდივნის, სტანისლავ ლაკობას სიტყვები:

„თუმცა აფხაზთა უმეტესობა ქრისტიანად ითვლება, ჩვენ სისხლსა და ხორცში გვაქვს გამჯდარი ტრადიციული რელიგია. მრავალნი დადიან სალოცავებში, რათა ღმერთს გამოსთხოვონ დახმარება. ბრძენი აფხაზები კი ამბობენ, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარეშე სჯობს არ მიხვიდე იქ . ჩვენს სალოცავ–საკერპეებს დიდი ძალა გააჩნიათ, ისინი ბერმუდის სამკუთხედს ჰგვანან. ვერ გაიგებ, იქ რა ხდება. ამ ადგილების ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლება, გარეშეთა იქ მიყვანაც არ შეიძლება. წარმართული ღვთაებანი სულ სხვადასხვანი არიან – არის, მაგალითად, „მშვენიერი თვალების ღვთაებაც“. ამის შესახებ არ უნდა ილაპარაკო ხმამაღლა – ეს დიდი საიდუმლოა!“

ყოველივე ამან ათქმევინა, ეტყობა, ალექსანდრე კრილოვს, რომ „თუმცა ქრისტიანობამ და ისლამმა თითქოსდა გამოდევნეს ტრადიციული რელიგია აფხაზეთში, ის ქმედითუნარიანი იყო იქ თვით საბჭოთა პერიოდშიაც კი!“

ჩვენც, რა გვეთქმის, უნდა დავეთანხმოთ აფხაზთა ქომაგს, რომ ამ უძველეს ხალხს მართლაც აქვს თავისი განსაკუთრებული, მთელ მსოფლიოში გამორჩეული პრამონოთეისტური რელიგია და, როგორც ჩანს, ისინი ჯერ კიდევ მაშინ იქმნიდნენ ღმერთზე წარმოდგენას, როდესაც მოსეს არ ჰქონდა გადაცემული „ხუთწიგნეული“ თავისი ხალხისათვის. თანაც ის მაშინდელი რელიგია კი არ უარუყვიათ, აფხაზები დღემდე დარჩენილან უძველესი აღმსარებლობის მიმდევრად და ამდენად, მათთვის უცხო უნდა იყოს ყოველივე, რაც ახალ რელიგიაში – ქრისტიანობაშია გადმოცემული. ამიტომაც შემორჩათ დღემდე სალოცავი–საკერპეები: დიდრიფშ–ნიხა, ლაშქენდარი, ლდზაა–ნიხა. ლიხ–ნიხა და ილირ–ნიხა.

რაც შეეხება ტაძრებსა და საეპისკოსოებს ბიჭვინთაში, ანაკოფიაში, დრანდაში, ილორში, მოქვსა და ბედიაში, ცხადია, აფხაზებს არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონოდათ მათთან და კიდეც იმიტომ ხდება, რომ უდრტვინველად ეგუებიან დღეს რუსების მიერ ილორის ეკლესიის გადაღებვა–შეთეთრებას და ტრადიციული გუმბათის ნაცვლად ტაძარზე ხახვის ფოჩის შემოდგმას; ბედიის ტაძრის უხეშ დამახინჯება–რესტავრაციას და ბაგრატ მეფის ერთადერთი ფრესკის ხელყოფას.

ან რა თავში იხლიან ქრისტიანების ნაწვავ–ნადაგს – აგერ 13–14 იანვარს, აფსუართა ტრადიციით აჟირნიხუას დღესასწაული გაუმართავთ – გუდაუთაში მთელი თემობით შეკრებილან და მჭედელთა ღმერთ კუზნისთვის თხა დაუკლავთ შესაწირავად! (წყარო)

ჰოდა რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ დღემდე თვალისჩინივით უფრთხილდებიან თავის უძველეს, ბიბლიამდელ წარმართულ რელიგიას და მოუფრთხილდნენ, ბატონო – მაგრამ რა დააშავეს ახალი, ქრისტიანული რელიგიის ძეგლებმა – ბედიამ, მოქვმა, ილორმა, ბიჭვინთამ, დრანდამ – უპატრონოდ რომ არიან მიტოვებულნი?

უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან. უძველესი ქართული ტაძრების ხელში ჩასაგდებად წარმართ აფხაზ სასულიერო პირებს ანაფორა გადაუცვამთ და მსოფლიოსა და რუსეთის პატრიარქებს ავტოკეფალიას გამოსთხოვენ. აფხაზეთის ტაძრები და სამლოცველოები კი დგანან და თავიანთ ჭეშმარიტ პატრონებს ელიან, დგანან და ელიან... ამაოა მათი ლოდინი!

კომენტარი