სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამღერად გაერთიანებული ოპოზიცია ანუ აკეთე ის, რაც გამოგდის (ვიდეო)

ერთ დროს გაერთიანებულ ოპოზიციად წოდებული ოპოზიციის „აქტივში“ ერთი დადებითი პოზიტივი იმ ვიდეოს ეკუთვნის, რომელიც, შესაძლოა, ბევრს არც უნახავს: მეგრული ოდის აივანზე საშობაოდ ამღერებული პოლიტიკოსები.

სამეგრელოში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ახალ წელს წინაპრები 14 იანვარს აღნიშნავდნენ. სწორედ ახალ წელსა და შობას უკავშირდება მეგრული სიმღერა „კირი ლესა“, რომლის უამრავი შესრულებიდან ამ მასალას თანდართული ვარიანტი, დამეთანხმებით, საინტერესოა.

აბა რა სჯობს შობის დღესასწაულზე ქართულ ჩოხებში გამოწყობილ, ქართულად ამღერებული ოპოზიციის ხილვას, მით უმეტეს - გაერთიანებულის. მერე რა, რომ კობა დავითაშვილს ჩოხა „ოდნავ“ უჭერს (მე შენ გეტყვი და, კახა ბენდუქიძეს ექნებოდა სრულად), მერე რა, რომ ზოგიერთი უაქცენტო მეგრულით ვერ ამბობს სიტყვებს და ისიც მერე რა, რომ ერთ-ერთს ჩოხა პირდაპირ "საროჩკაზე" აქვს შემოცმული - მთავარი ისაა, რომ ამ ვიდეოს ნახვისას და საშობაოდ ამღერებული ოპოზიციონერების ხილვისას მხოლოდ კეთილად გაგეღიმებათ - განსხვავებით მათი პოლიტიკური განცხადებებისგან...

„აკეთე ის, რაც იცი ან, უკიდურეს შემთხვევაში ის, რაც გამოგდის“ - ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ამ კლიპში დასურათხატებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზეც ვრცელდება. დღეს ამათგან ზოგისთვის „ჭეშმარიტი მზე ჩრდილოეთიდან აღმობრჭყინდა“, ზოგისთვის ის სოლოლაკიდან ამოიწვერა და ზოგისთვის კი ამ სიმღერის ტექსტში ნათქვამი: „აქშა, ჩიტო, გაფრინდი, დაე, ფრთები გამოგესხას, თუკი შორს გყავს ვინმე, გვერდით დაგესვას“ - ახდა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100