სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნების“ ენის თემატური ჯგუფის რელიზი ჩიქორთულითაა დაწერილი

ამ დღეებში „ქართულმა ოცნებამ“ მოიცალა და რამდენიმე თემატური ჯგუფის პრეზენტაციით გაგვაბედნიერა. ეს წინასაახალწლო დღეებში მოხდა და თუ „ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ რელიზს გადახედავთ, რომელიც ყველა თემატურმა ჯგუფმა ცალ-ცალკე დაწერა, აუცილებლად გაგიჩნდებათ ერთი შეკითხვა: რელიზის შემდგენლებმა ახალი წლის აღნიშვნა ორი დღით ადრე დაიწყეს? და თუ არა, მაშინ მით უმეტეს, გასაკვირია: რელიზებს არ ეტყობა, რომ მათ ფხიზელი ადამიანები წერდნენ...

რა თქმა უნდა, თავად ბიძინა ივანიშვილი რელიზების შედგენაში მონაწილეობას არ/ვერ მიიღებდა (თუნდაც იმიტომ, რომ „ნახ-ნახევარი“ არცერთ რელიზში არ არის ნახსენები), მაგრამ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტს უფრო მეტი ყურადღებით რომ უნდა მოეკიდოს, ამხელა ფილარმონია მილიარდერმა ეს კი ნამდვილად უნდა იცოდეს. თვითონ ამბობდა, საქართველოში ვინც ცხოვრობს, ის ხალხია ჩემს ირგვლივ, მე მარსიდან ხალხს ვერ ჩამოვიყვანო და, მადლობა ღმერთს, საქართველო ისე არ დაჩაჩანაკებულა, რომ ერთი-ორი კომპეტენტური ფილოლოგი ან ენათმეცნიერი არ ჰყავდეს, ვინც რელიზს გამართული ქართულით შეადგენს. ბიძინა ივანიშვილს გადახდის პრობლემა არ შეექმნებოდა და მაშ, სად არის ძაღლის თავი დამარხული?

კაცმა რომ თქვას, ეს ბიძინა ივანიშვილის თავსატეხი უფროა, ვიდრე იმ ხალხის, ვინც რელიზებს წაიკითხავს და გაიცინებს, მაგრამ ქართული ენის თემატური ჯგუფის მთლიან შემადგენლობას მინდა მივმართო: თქვე ოჯახდალოცვილებო, ქართული ენის დაბინძურების მხრივ მედიაში შეუწყნარებელი ვითარებააო, წერთ და მართალიც ხართ, მაგრამ საკუთარი ჩიქორთულის მიმართ რატომ ხართ შემწყნარებლები?

ციტატები გნებავთ? კი ბატონო - მე გავჩუმდები და თქვენი ქართულით თქვენვე დატკბით:

„დღევანდელ საქართველოში თვითდინებაზეა მიშვებული მართლმეტყველებისა და სალიტერატურო ნორმათა დაცვის საკითხი“;

„უზრუნველყოფილი იქნას მისი ჩართულობა“;

„სადღეისოდ მოქმედი სისტემა“;

„დამკვიდრდა ხელისუფლების სრულიად არაკომპეტენტური და ახირებული გადაწყვეტილებით“;

„საგანგებო ძალისხმევას წარმართავს“;

„შემუშავებული იქნას არსებული მდგომარეობის გამოსწორებისაკენ მიმართული კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალი და დასახული იქნას მათი განხორციელების გზები“.

ეს, რაც შეეხებოდა ციტატებს. ახლა კი ეს რელიზი სრულად მოვიხმოთ, რათა ვინმემ კონტექსტიდან ამოგლეჯა ან მსგავსი რამ არ დაგვაბრალოს:

„ჩვენი მიზანია, სახელმწიფო ენაზე ზრუნვა კვლავ იკისროს სახელმწიფომ, რათა გარანტირებული იყოს ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის უკომპრომისო დაცვა. სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში თვითდინებაზეა მიშვებული მართლმეტყველებისა და სალიტერატურო ნორმათა დაცვის საკითხი, მოშლილია ტერმინოლოგიური საქმიანობა.

არ არსებობს დადგენილ ნორმათა კონტროლის მექანიზმი. არ ხდება ახალ ნორმათა დადგენა სახელმწიფო დონეზე.

ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს მედიის ენა. ენის დაბინძურებისა და უცხოენოვანი ლექსიკის ყოვლად უკონტროლო შემოტანა-გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით შეუწყნარებელი ვითარებაა ელექტრონულ მედიაში. ბევრს სცოდავს ბეჭვდური პრესაც.

შესამუშავებელია „კანონი სახელმწიფო ენის შესახებ“. განსაკუთრებული ღონისძიებები უნდა გატარდეს არაქართულენოვანი მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ენის დაუფლების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იქნას მისი ჩართულობა საერთო-სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით სადღეისოდ მოქმედი სისტემა გამოკვეთილად პოპულისტურია და არსებითად მხოლოდ მმართველი გუნდის საარჩევნო რეკლამირებისკენაა მიმართული.

ყოვლად გაუმართლებელია უცხოენოვანი ფილმების ქართული ტიტრებით ჩვენების პრაქტიკა, რაც ამ ბოლო წლებში დამკვიდრდა ხელისუფლების სრულიად არაკომპეტენტური და ახირებული გადაწყვეტილებით.

ჩვენი თემატური ჯგუფი საგანგებო ძალისხმევას წარმართავს, რათა შემუშავებული იქნას არსებული მდგომარეობის გამოსწორებისაკენ მიმართული კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალი და დასახული იქნას მათი განხორციელების გზები.“

დიდი ბოდიში, მაგრამ ხუთ აბზაცს თუ ასეთი ჩიქორთულით დაწერთ და გამოაქვეყნებთ, სადღაა ის ფური, რომელიც ჩემზე მეტს უნდა იწველიდეს, მე რომ ჩამწიხლოს?

ზემოთაც დავწერე და აქაც გავიმეორებ, რომ მედიაში ქართულად მეტყველებისა და წერის მხრივ მართლაც, სერიოზული პრობლემებია, მაგრამ იქნებ, პოლიტიკოსების, პირველ რიგში კი, თქვენი შეფის ქართულად წერის კულტურისთვისაც გადაგეხედათ? ხაზს ვუსვამ - წერილობითი მიმართვებისთვის - ამჟამად ზეპირად მეტყველებას გვერდი ავუაროთ, რადგან ამ მხრივ არამარტო ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის პირველი პირიდან დაწყებული თითქმის ყველა პოლიტიკოსი სცოდავს. მაგრამ წერილობითი მიმართვის დროს ხომ უფრო მეტი გულისხმიერება და დაკვირვებულობაა საჭირო? ეს მაინც ხომ არ არის პირდაპირი ეთერი?

ამიტომაც, იქნებ უპრიანი ყოფილიყო, ჯერ ისეთი ჯგუფი შექმნილიყო, რომელიც ბატონ ბიძინას სწორი, გამართული ქართულით წერაში ჩაუტარებდა მასტერკლასს და სხვებს მერე გააკრიტიკებდა? რა თქმა უნდა, არც ამას ვამბობთ უარგუმენტოდ: თუ გნებავთ, მის პირველ ეპისტოლეს ერთად გადავხედოთ და ლაფსუსები დავთვალოთ:

„დაშვებული იყო (და დღემდე გრძელდება) ისეთი უამრავი პატარა, დიდი და მიუტევებელი შეცდომები“ ;

პოლიტიკოსი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ქვეყანას, თავის ხალხს ან ელემენტარული თავმოყვარეობა მაინც გააჩნია“;

„საზოგადოებას ასეთი დონის ბრიყვად მიიჩნევს“;

„ტელეფონის მეშვეობით მიიღონ მონაწილეობა მთავრობის საქმიანობის შესახებ მომზადებულ კრიტიკულ გადაცემებში“;

„საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს რეალური ოპოზიციაც, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა და კიდევ სხვა არაერთი მიზეზის გამო, არ ძალუძთ, სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ...“ –

„- დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ.“

ასე რომ, ჩვენ მოგისმენთ, „ილაპარაკეთ, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ“. ქართულად ლაპარაკსაც ნუ გადაგვისხვაფერებთ - გადასხვაფერებული ოცნების ქართულად გასაღება იკმარეთ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100