სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მომავალ წელს სოხუმში!“ - პრეზიდენტი ახალ საახალწლო მილოცვას ამკვიდრებს (ვიდეო)

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე საქართველოს მოსახლეობას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა და ახალი წლის დადგომა მიულოცა. ილია მეორემ ადამიანის დანიშნულებაზე, სიკეთის ქმნის აუცილებლობასა და განსაცდელთა დათმენაზე გაამახვილა ყურადღება.

"ბედნიერებისთვის არის დაბადებული ადამიანი. ღმერთი მოწყალეა. ნუ შეუშინდებით იმ განსაცდელს, რომელიც შეგხვდებათ თქვენ. ეს განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა, მშვიდობა მოვა."- განაცხადა საქართველოს პატრიარქმა, ბოლოს კი მორწმუნეებს ფეხზე წამოდგომა სთხოვა და დალოცა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მან მოსახლეობას ახალი წელი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, განათებული დედაქალაქის ფონზე მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა პირველ რიგში, მოსახლეობის იმ ნაწილს მიმართა, რომელიც სოციალურად მძიმე პირობებში იმყოფება, მერე კი გასული წელი შეაჯამა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„პირველ რიგში, დამდეგ ახალ წელს მივულოცავ მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს საქართველოში, ვინც ბოლო დღეებში, თუნდაც, იბრძოდა იმისთვის, რომ საახალწლო ნობათი მიეტანა სუფრაზე. ვისთვისაც ყოველდღიური თავის ტკივილი იმაზე, თუ როგორ მოუარონ თავის შვილებს, თუ როგორ გაუმკლავდნენ უმუშევრობას, როგორ გაუმკლავდნენ უსახსრობას, რეალობაა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ყოველდღიურად ვფიქრობთ ამ ხალხზე. საქართველოს ხელისუფლებისთვის თანადგომისა და ყოველდღიური ზრუნვის საგანი სწორედ ისინი არიან,“- განაცხადა სააკაშვილმა საახალწლო მილოცვის დასაწყისში.

„გასული წელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადი იყო. ბევრი მიმართულებით სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ. საქართველოს ეკონომიკა უფრო ჩქარი ტემპით ვითარდებოდა, ვიდრე რეგიონის ქვეყნების უმეტესობის ეკონომიკა. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან სწრაფი ტემპებით ვახორციელებთ რეფორმებს.

2008 წელს ჩვენ მტერს მიწასთან გასწორებული ვეგონეთ, მაგრამ ბოლო წლებში მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში - უკრაინაში, შუა აზიაში, ჩვენს მეზობლებში, რუსეთშიც კი მყარად დამკვიდრდა აზრი, რომ საქართველო აბსოლუტური ლიდერია რეფორმების გატარებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ჩვენ გვბაძავენ, ჩვენ გვეჯიბრებიან და ეს მნიშვნელოვანი პასუხია იმ აგრესიაზე, რაც ჩვენს წინააღმდეგ განხორციელდა. მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენ გვაქვს ყველაზე თანამედროვე საბაჟოები, ყველაზე თანამედროვე საგადასახადო სამსახურები, ყველაზე წარმატებული გაჭვირვალე და ხალხის მსახურებაზე ორიენტირებული ახალგაზრდული სახელმწიფო აპარატი და მე ამით ძალიან ვამაყობ,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, წლის სერიოზული მიღწევებს შორის არის ათეულობით საავადმყოფოს მშენებლობა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვა, ასევე ტერმინ "ოკუპაციის" მყარად დამკვიდრება.

"მინდა გავიხსენო, რომ ყოველი წლის წინ, ძველი ებრაელები ასე ულოცავდნენ ერთმანეთს ახალი წლის დადგომას - მომავალ წელს იერუსალიმში! აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს იმპერია გარდაუვლად დაეცემა, საქართველო გათავისუფლდება. მინდა, დავამკვიდროთ ტრადიცია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ერთმანეთს მიულოცოს ასე - "მომავალ წელს სოხუმში"! გილოცავთ 2012 წელს"- ამ სიტყვებით დაასრულა პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვა.

მანამდე კი, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტი ანაკლიას ეწვია. მიხეილ სააკაშვილმა ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „პალმბიჩი“ და 600-მეტრიანი ხის საფეხმავლო ხიდი დაათვალიერა.

საქართველოს პირველმა პირმა ზღვისპირა ქალაქის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმშენებლობა აქ ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. პრეზიდენტის თქმით, იმ ადგილზე, სადაც 2 წლის წინათ ჭაობი იყო, დღეს უკვე სამი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ფუნქციონირებს. მისი განმარტებით, მომდევნო წლის ზაფხულში კი, მათ რიცხვს კიდევ ორი დაემატება. მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2012 წელს ანაკლიაში აკვაპარკიც გაიხსნება. ქვეყნის პირველმა პირმა შავიზღვისპირეთის უნიკალურ კლიმატურ პირობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართული ზღვისპირა კურორტები მექსიკის, ეგვიპტისა და მსოფლიოს სხვა ცნობილ კურორტებს არაფრით ჩამოუვარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100