დედამ, რომელიც ინფიცირებულია, ჯერ არ იცის რომ ერთი შვილი მოუკვდა, მეორე რეანიმაციაში სიცოცხლისთვის იბრძვის

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი გარდაიცვალა. ერთ-ერთი გარდაცვლილი დათო გამყრელიძეა, რომლის ძმაც ამ წუთებში რეანიმაციულ განყოფილებაში სიცოცხლისთვის იბრძვის. ინფიცირებულია მათი დედა.

კორონავირუსის კიდევ ერთ მსხვერპლზე, დათო გამყრელიძეზე ჟურნალისტი მარი ჩიტაია სოციალურ ქსელში წერს.

„დათო გამყრელიძე… კოვიდის კიდევ ერთი მსხვერპლი. ჯანღონით სავსე, კეთილშობილი, ნამდვილად კარგი ბიჭი… ადამიანი, რომლის სიცოცხლეშივე შეიძლება ბევრი კარგი თქმულიყო… მიჭირს წარსულში საუბარი… 2 ძმის არაჩვეულებრივი უმცროსი ძმა. ერთიც, ზურა, რეანიმაციულ განყოფილებაში სიცოცხლისთვის იბრძვის… დედამ, რომელიც ასევე ინფიცირებულია, არ იცის საყვარელი შვილის სიკვდილი… ასეთი ტრაგედია ტრიალებს ამ ოჯახში, ენით აუწერელი ტკივილია! ბოლომდე მჯეროდა, რომ სიკვდილთან ბრძოლაში გაიმარჯვებდა, ძლიერს, ჯანმრთელს, ასე ადვილად ვერ მოერეოდა! ისევე, როგორც სჯეროდა სოსოს, უფროს ძმას, ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს იმედი!

სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი წამყვანი ალერგოლოგი ამბობდა, რომ უნდა ვიცოდეთ მათი გვარ-სახელები, ვინც ყოველდღიურად კოვიდის გამო იღუპება! ერთ-ერთი მათგანია დათო გამყრელიძე…. სიცოცხლით სავსე, უკარგესი ახალგაზრდა, რომელიც ბევრ ადამიანს დააკლდება, ვინც დათოს იცნობდა.

ვუსამძიმრებ ოჯახს, ძმებს და არ მინდა წარმოვიდგინო ის მძიმე წუთი, რომელიც დეიდა სუზის ელის თავისი ცხოვრების ყველაზე მწარე სიმართლით – დათოს არყოფნით! ვწუხვარ, უზომოდ ვწუხვარ! დათო, უფალს ებარებოდე,“ – წერს მარი ჩიტაია.

კომენტარი