სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ფარული ჩანაწერის შემდეგ კაცი მოკლეს, ცხედარი დაწვეს და რიონში გადააგდეს (ვიდეო)

თბილისის სააპელაციო სასამართლო 43 წლის ალექსანდრე ტოგონიძის საქმეს განიხილავს. პირველმა ინსტანციამ მას 2018 წელს ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმის მთავარი მტკიცებულება თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებაა, თუმცა შესაძლოა, ეს საქმე მნიშვნელოვნად შეცვალოს ფარულმა ჩანაწერმა, რომელიც „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

ტოგონიძეს გამოძიება მისი მეგობრის, 42 წლის ნიკა ქუმსიაშვილის განზრახ მკვლელობას ედავება. ტოგონიძე ამბობს, რომ გამოძიების ეტაპზე აღიარებითი ჩვენება ზეწოლით მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მრავალწლიანი ციხე ელოდა მის დეიდაშვილსაც, რომელსაც მკვლელობის თანამონაწილედ ასახელებდნენ.

გარდა იმისა, რომ საქმეში დევს სატელეფონო ანძების ამონაწერი და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ალექსანდრე ტოგონიძის ალიბს ამყარებენ, ჩვენ ხელში ჩაგვივარდა თავად ნიკა ქუმსიაშვილის მიერ მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე გაკეთებული ფარული ჩანაწერი, რომელიც შესაძლოა მკვლელობის რეალურ მოტივს და დამნაშავეთა წრეზე მიუთითებდეს.

ჩანაწერში გარკვევით ისმის, რომ ნიკა ქუმსიაშვილს და მის ბიზნეს-პარტნიორებს ჰქონდათ ფინანსური პრობლემები. საუბარია დაახლოებით 800 000 ლარის გაფლანგვაზე.

მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ფარულად ჩაწერილ საუბრებში ისმის, რომ ნიკა ქუმსიაშვილი ფინანსური დარღვევების გამო პროკურატურაში წასვლას და პარტნიორების დასმენას აპირებდა.

სწორედ ამ ჩანაწერის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, გამოძიების ვერსიით ცხედარი ულუმბოს მონასტერთან დაწვეს და ლითონის კასრით მდინარე რიონში გადააგდეს.


ცხედარი, რომელიც 2018 წლის 14 მაისს მდინარემ გამორიყა, ისე დაკრძალეს, რომ მისი ვინაობა მთელი ერთი წლის განმავლობაში უცნობი იყო. ექსპერტიზამ მხოლოდ 2019 წელს დაადასტურა, რომ ცხედრიდან აღებული ბიოლოგიური ნიმუში თავსებადია 2018 წლის მაისში გაუჩინარებულ 42 წლის ნიკა ქუმსიაშვილის დედის დნმ-თან.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოკლულის მეგობარი, ალექსანდრე ტოგონიძე დააკავა, ვინაიდან ის ერთ-ერთი ბოლო ადამიანი იყო, ვინც ქუმსიაშვილი ცოცხალი ნახა. გამოძიებამ მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკება დაასახელა.

ბრალდბულმა ალექსანდრე ტოგონიძემ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება შეცვალა და ახლა აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა არჩადენილი დანაშაული ზეწოლის ქვეშ აღიარებინეს.

ზეწოლასა და ბრალდებულის მიმართ სავარაუდო ფიზიკურ ზემოქმედებაზე მეტყველებს დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც ბრალდებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებს აღწერს.

„საქმის მასალებით დგინდება, რომ ამ საქმეში მეგობარმა მეგობარი მოკლა, ვითომდა ფინანსური ურთიერთობიდან გამომდინარე. რეალურად, ალექსანდრე ტოგონიძის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება ფიზიკურად არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ზეწოლის შედეგად მიღებულ ე.წ. აღიარებით ჩვენებას.

არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, არათუ ტოგონიძის მიერ მკვლელობის ჩადენას, არამედ რაიმე სახის კონფლიქტს მასსა და აწ გარდაცვლილ ნიკოლოზ ქუმსიაშვილს შორის. დაკავებამდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენჯერმე გამოკითხეს, რადგან ბოლო კონტაქტი მასთან ფიქსირდებოდა. მას შემდეგ კი, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ ნაპოვნის ცხედარი იყო ნიკოლოზ ქუმსიაშვილის, ეს გახდა ალექსანდრე ტოგონიძის სახლიდან მოტყუებით გამოყვანის და შემდგომ, მისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი. მას სამხარეოში ზეწოლის შედეგად აღიარებინეს არჩადენილი დანაშაული, რის გამოც, ახლა საჩივარი გვაქვს შეტანილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, თუმცა რატომღაც გამოძიება სათანადოდ არ მიმდინარეობს.

სახეზე გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მეტყველებს ხილულ დაზიანებებზე და იმ ზეწოლაზე, რაც განხორციელდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ.

მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში არ დაკითხულან მნიშვნელოვანი მოწმეები, გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ აღიარებით ჩვენებას, რომელიც ალექსანდრე ტოგონიძემ მისცა ზეწოლის ქვეშ. რეალურად, მას არანაირი მკვლელობა არ ჩაუდენია. მისი დაკავშირება მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ გარდაცვალების წინა დღეს ის თბილისის ტერიტორიაზე შეხვდა ნიკოლოზ ქუმსიაშვილს. ამაში უცნაური არც არაფერია, ვინაიდან ისინი იყვნენ მეგობრები და ასე ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ჩვენ სასამართლოში უკვე დავკითხეთ არაერთი მოწმე, რომელიც რეალურად ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ალიბს და უდანაშაულობას“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

მისივე თქმით, ნიკოლოზ ქუმსიაშვილის მიერ მკვლელობამდე გაკეთებული ფარული ჩანაწერები ამ საქმის კიდევ ერთი და ყველაზე უტყუარი მტკიცებულებაა, თუმცა „გამოძიებას ეს ჩანაწერები დღემდე არ გამოუკვლევია და არც იმ ადამიანების იდენტიფიცირება მომხდარა, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ“.

საგამოძიებო ორგანოში კი განმარტავენ, რომ საქმეში დევს არამხოლოდ აღიარებითი ჩვენება, არამედ სხვა სახის არაერთი მტკიცებულება, რომელიც ალექსანდრე ტოგონიძის ბრალეულობაზე მიუთითებს.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ა.ტ.-მ 2018 წლის მაისში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფინანსური დავის გამო, კუთვნილი არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით თავისი ბიზნესპარტნიორი – ნ.ქ. მოკლა. ბრალდებულმა ცხედარი, დანაშაულის დაფარვისა და კვალის წაშლის მიზნით, ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. ა.ტ.-მ ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი საკუთარი ავტომობილით ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩაიტანა და კასრიანად მდინარე რიონში გადააგდო“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100